Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღამით კლუბში დაკვრის შემდეგ, ტექნო მუსიკოსი, შესაძლოა, შინაპატიმრობიდან ციხეში დააბრუნონ


მიხაილო თოდუა
მიხაილო თოდუა

მუსიკოსს, მიხაილო თოდუას, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის 6-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობაში გადავიდა, ახლა ისევ ციხეში დაბრუნება ემუქრება. ტექნო არტისტს საპატიოდ არ უთვლიან ღამის საათებში კლუბში მუშაობას.

სამწლიანი შინაპატიმრობის პერიოდში, მიხაილო თოდუა ვალდებულია იყოს სახლში 21 საათიდან დილის 8 საათამდე. თუმცა ტექნო მუსიკოსს მუშაობა მხოლოდ ღამის საათებში შეუძლია, რადგან კლუბები სწორედ ამ დროს ფუნქციონირებენ.

საშუალოდ, კვირაში ერთხელ, ყოველ ღონისძიებაზე დაკვრის შემდეგ, მიხაილოს პრობაციაში მიაქვს სამი დოკუმენტი: მიღება მიღება-ჩაბარების აქტი, ხელშეკრულება და ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში ის კონკრეტულ სამუშაოს ადგილას იყო.

გაფრთხილებულიც მყავდა პრობაციის უფროსი და ნათქვამი მქონდა, რომ კონკრეტულად „გირჩი“ მქირაობდა და უნდა დამეკრა „გირჩის“ ორგანიზებულ ღონისძიებაზე...
მიხაილო თოდუა

მიხაილო ასე მოიქცა 13 ოქტომბრის დახურული ღონისძიების შემდეგაც, სადაც 23:36 საათიდან 04:26 საათამდე, ხმის რეჟისორად იყო მიწვეული; და 17 ოქტომბერს, როცა მიხაილომ „გირჩის“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე დაუკრა.

13 და 17 ოქტომბერს მუშაობას მიხაილოს პრობაციის ბიურო საპატიოდ არ უთვლის და მუსიკოსის საპატიმროში დაბრუნებას მოითხოვს.

კანონი საპატიოდ თვლის შინაპატიმრობის წესის დარღვევას, თუკი ეს გამოწვეულია სამსახურებრივი, პროფესიული, სპორტულ ანდა კულტურულ საქმიანობასთან დაკავშირებული მივლინების გამო.

მსოფლიოში ცნობილი თბილისის საკლუბო სცენა, საკუთარი ინიციატივით, სრულად დაიხურა საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, 2020 წლის გაზაფხულზე. დაახლოებით 8-თვიანი კრიზისის პირობებში, ტექნო მუსიკის ღონისძიებების ზოგიერთმა ორგანიზატორმა ისარგებლა „გირჩის“ შეთავაზებით და ღონისძიება გამართა პარტიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ეს კი კანონით ნებადართული საქმიანობა იყო.

რამდენიმე შემთხვევა იყო, რამდენიმე კომპანიამ სცადა [მუშაობა] რაღაც შეფერილობებით, ვითომ, პოლიტიკურ პროცესში იღებდნენ მონაწილეობას...
გიორგი გახარია

მიხაილო რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბიურო ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, რომელიც 16 ოქტომბრიდან კრძალავს გასართობი დაწესებულებების მუშაობას 22 საათის შემდეგ.

„გაფრთხილებულიც მყავდა პრობაციის უფროსი და ნათქვამი მქონდა, რომ კონკრეტულად „გირჩი“ მქირაობდა და უნდა დამეკრა „გირჩის“ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. დოკუმენტში კი წერია, თითქოს გამაფრთხილეს და მაინც გავაკეთე“, - ამბობს მიხაილო.

პრობაციის ბიუროს გადაწყვეტილებას კი წინ უძღვოდა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადება, რომელიც „გირჩის“ შტაბად გადაკეთებულ დაწესებულებებს დაემუქრა:

„რამდენიმე შემთხვევა იყო, რამდენიმე კომპანიამ სცადა [მუშაობა] რაღაც შეფერილობებით, ვითომ, პოლიტიკურ პროცესში იღებდნენ მონაწილეობას. პირადად გეუბნებით, ყველა მათგანი იქნება დაჯარიმებული, თუ ეს შემთხვევები გაგრძელდება, მეორე შემთხვევა არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ყველგან აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე“, - თქვა გახარიამ 19 ოქტომბერს.

მიხაილოს პატიმრობა ციხესა და სახლში
please wait

No media source currently available

0:00 0:04:12 0:00

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, რომელიც მიხაილოს ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ მუსიკოსის მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენება არის დაუსაბუთებელი, უსამართლო და ეწინააღმდეგება მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნებს.

ახლა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, 6-წლიანი პატიმრობისა და 1-წლიანი შინაპატიმრობის შემდეგ, დააბრუნებს თუ არა 12 გრამი MDMA-ს გამო მსჯავრდებულ მიხაილო თოდუას კვლავ ციხეში.

სასამართლო 11 ნოემბერს, 14 საათზე გაიმართება.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG