Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგულავა: არანაირ მოლაპარაკებებს გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა, ეს ინფორმაცია არის ტყუილი


გიგი უგულავა
გიგი უგულავა

ოპოზიციის სახელით საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებებს გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა, - აღნიშნა „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ოპოზიციის მორიგი კონსულტაციების დასრულების შემდეგ. მედიასთან კომენტარში მან არ გამორიცხა, რომ გრიგოლ ვაშაძეს პრივატული საუბრები ჰქონოდა სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენელთან, თუმცა ეს არ ყოფილა ოპოზიციის საერთო მანდატით.

რაც შეეხება მოსაზრებას ოპოზიციის შესაძლო მარგინალიზაციის საკითხზე, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ეს ოპოზიციის ერთობისთვის მჟავე გემოს ტოვებს, მაგრამ არ აზიანებს:

„მისი განსხვავებული აზრი არის მისი აზრი, მას არ ეთანხმება ოპოზიციის 100 პროცენტი და მისი პარტიის 99, 19 პროცენტი. აქედან გამომდინარე ეს არის მისი აზრი, პატივს ვცემ ყველანაირ განსხვავებულ აზრს. მე მომეჩვენა, რომ ბატონი გრიგოლი არის რაღაცნაირად, ადამიანურად ნაწყენი. მე ვფიქრობ, რომ ახლა არც ერთი ადამიანის გარიყვის დრო არ არის და დამუნათების. ეს პროცესი მიდის საერთო ოპოზიციური ქოლგის ქვეშ, ბუნებრივია, გადაწყვეტილებაც შესაბამისი ფორმატითაც მიიღება, ამიტომ თუ ბატონ გრიგოლს აქვს სურვილი რომ ამ ყველაფრის ნაწილი იყოს, ის ამის ნაწილი იქნება. ამიტომ მე ვერ ვხედავ, რომ ამ თვალსაზრისით ერთობას რაიმე პრობლემა შეექმნას“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ვაშაძემ დიალოგის ჩაშლაზე "რუსთავი 2-ის" ეთერში ისაუბრა. ის აღნიშნავდა, რომ ყოველდღიურად, არაერთხელ ჰქონდა დიპლომატებთან კომუნიკაცია. თუმცა, მან არ დაასახელა, რომელი საელჩოები და დიპლომატიურ წარმომადგენლობები მონაწილეობდნენ პროცესში.

"დავკარგეთ ეს დრო, ჩაიშალა. ახლა უნდა გამართულიყო დიალოგი", - თქვა ვაშაძემ.

ინტერვიუში ვაშაძემ ისიც აღნიშნა, რომ რადგან დიალოგი ჩაიშალა და ახლა "თითის გაშვერა" არაფერს შველის: "ყველა დამნაშავეა, აბსოლუტურად".

მანამდე 10 ნოემბერს გრიგოლ ვაშაძემ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ის პოლიტიკურ პარტიებს მიმართავდა, პროცესი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაიტანონ და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩაანაცვლონ.

მოგვიანებით ვაშაძემ განმარტება გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს და მას პოლიტიკური კომპონენტი დაემატოს.

31 ოქტომბრიდან დღემდე ოპოზიცია ქუჩის აქციებით ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ისინი არ იზიარებენ იმ შედეგებს, რომელიც ამ მოცემულობით მათ აქვთ. ერთი მხრივ, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ, მეორე მხრივ კი აყენებენ წინაპირობებს, რომელსაც მეორე მხარე არ ეთანხმება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია რიგგარეშე არჩევნები, ხელისუფლება კი მხოლოდ არჩევნების შედეგების აღიარების შემდეგ აპირებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG