Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათელაშვილი აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის შემდეგ: მოლაპარაკებები დაწყებულია


"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის, ხელისუფლებისა და ელჩების მონაწილეობით გამართული შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორები ყოველთვის დიალოგსა და კომპრომისზე საუბრობენ. მისი თქმით, ეს არის ბუნებრივი პროცესი და მოთხოვნაა.

"მოლაპარაკებები დაწყებულია, მოთელვის შემდეგ დგება შედეგები. ვნახოთ, რა შედეგები დადგება. ერთი შეხვედრით, რომ წყდებოდეს ასეთი პრობლემები... კომპრომისის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ არა ქვეყნის [ხარჯზე] და კრიმინალური ქმედების თანამონაწილეობით", - თქვა ნათელაშვილმა და აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს არჩევნები კრიმინალური ნიშნებს შეიცავდა.

ნათელაშვილი აღნიშნავს, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარება ორ თვეში შესაძლებელია. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის თქმით, არ შეცვლილა ოპოზიციის პოზიცია, რომ არ შევლენ 31 ოქტომბრის არჩევნებით დაკომპლექტებულ პარლამენტში.

ეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არჩევნების შემდეგ გამართული პირველი შეხვედრაა. ამ შეხვედრას წინ უსწრებდა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება, რომელიც ამბობდა უცხოელი პარტნიორების შუამავლობით დაგეგმილი შეხვედრა, ჩაიშალა.

შეხვედრაზე შესვლამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა დეტალებზე არ ისაუბრეს. ოპოზიციიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: გრიგოლ ვაშაძე ("ნაციონალური მოძრაობა"), დავით ბაქრაძე ("ევროპული საქართველო"), გიორგი ვაშაძე ("სტრატეგია აღმაშენებელი"), ბადრი ჯაფარიძე ("ლელო"), ზურა ჯაფარიძე ("გირჩი"), ირმა ინაშვილი ("პატრიოტთა ალიანსი"), ალეკო ელისაშვილი ("მოქალაქეები") და შალვა ნათელაშვილი ("ლეიბორისტული პარტია") - ყველა იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც 1%-იანი ზღვარი გადალახა. შეხვედრაზე მივიდა პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" ლიდერი არჩილ თალაკვაძეც.

31 ოქტომბრიდან დღემდე ოპოზიცია ქუჩის აქციებით ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ისინი არ იზიარებენ იმ შედეგებს, რომელიც ამ მოცემულობით მათ აქვთ. ერთი მხრივ, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ, მეორე მხრივ კი აყენებენ წინაპირობებს, რომელსაც მეორე მხარე არ ეთანხმება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია რიგგარეშე არჩევნები, ხელისუფლება კი მხოლოდ არჩევნების შედეგების აღიარების შემდეგ აპირებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას.

XS
SM
MD
LG