Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა მიულოცა ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება


ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯო ბაიდენს პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. „ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკელი ხალხის არჩევანს და ვულოცავთ ბატონ ბაიდენს და ქალბატონ ჰარისს. ჩვენ გვესმის, რომ არჩევნების შედეგები აშშ-ში უნდა განისაზღვროს ამერიკის სამართლებრივი პროცედურების თანახმად“, - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვან ვენბინის განცხადებაში, რომელიც აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებიდან 10 დღის თავზე გავრცელდა.

ჩინეთის შემდეგ დარჩა ორი დიდი სახელმწიფო, რუსეთი და მექსიკა, რომელთა ხელისუფლებებს ჯერ კიდევ არ მიულოციათ არჩევნებში გამარჯვება დემოკრატების კანდიდატ ჯო ბაიდენისათვის.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 13 ნოემბერს განაცხადა, რომ გამარჯვებულისათვის მილოცვამდე რუსეთი დაელოდება არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებას.

მთელ რიგ შტატებში არ დასრულებულა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების დათვლა.

11 ნოემბერს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამარჯვებულად გამოცხადდა ალასკის შტატში, მაგრამ ეს არ ცვლის კენჭისყრის შედეგების საერთო სურათს.

ტრამპმა ალასკაში საარჩევნო კოლეგიის წევრთა სამი ხმა მოიპოვა და დღეისთვის საბოლოო ჯამში 217 ხმა აქვს. მის მეტოქეს, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ამ მომენტისთვის საარჩევნო კოლეგიის 279 ხმა აქვს, რაც 9-ით უფრო მეტია, ვიდრე გამარჯვებისთვის არის აუცილებელი.

არიზონასა და ჯორჯიაში, სადაც ბაიდენი ლიდერობს, და ჩრდილოეთ კაროლინაში, სადაც ტრამპია წინ, გამარჯვებული ჯერ არ გამოცხადებულა. მაგრამ ტრამპმა სამივე ამ შტატში რომც გაიმარჯვოს, კოლეგიისთვის დაგროვილი ხმები არ ეყოფა არჩევნების შედეგების თავის სასარგებლოდ შესაცვლელად.

აშშ-ის მედიის უდიდესმა ნაწილმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG