Accessibility links

ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნები არიზონაშიც მოიგო


აშშ-ის მედია იტყობინება, რომ ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო არიზონის შტატშიც. NBC-მა, CBS-მა, ABC-მა და CNN-მა გამოაცხადეს, რომ ბაიდენმა მოიპოვა საარჩევნო კოლეგიის 11 ხმა არიზონაში არჩევნებიდან ერთ კვირაში. არიზონაში გამარჯვების შემდეგ ბაიდენს კოლეგიის 290 ხმა აქვს და საგრძნობლად უსწრებს დონალდ ტრამპს, რომელმაც 217 ხმა მიიღო ამ ეტაპისთვის. პრეზიდენტის პოსტის მოსაპოვებლად, სულ მცირე, 270 ხმა არის საჭირო.

Fox News-მა და Associated Press-მა არიზონაში გამარჯვებულად ბაიდენი ჯერ კიდევ არჩევნების ღამეს გამოაცხადეს, მაგრამ ამას დონალდ ტრამპისგან მძაფრი კრიტიკა მოჰყვა. 12 ნოემბრის მდგომარეობით ბაიდენი არიზონაში ლიდერობდა. იქ გამარჯვება ნიშნავს, რომ სამხრეთ-დასავლეთის შტატი, რომელიც რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს უჭერდა ხოლმე მხარს, ახლა მოყოყმანე შტატების რიგებში გადავიდა.

არიზონაში დემოკრატებმა გაიმარჯვეს სენატის არჩევნებშიც, დემოკრატმა მარკ კელიმ აჯობა მოქმედ რესპუბლიკელ სენატორს, მარტა მაკსალის.

ბაიდენი მეორე დემოკრატი კანდიდატია ბოლო 70 წლის მანძილზე, რომელმაც ტრადიციულად რესპუბლიკელთა შტატი მოიგო. 1996 წელს არიზონაში პირველი იყო ბილ კლინტონი.

მედიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ბაიდენის გამოცხადების მიუხედავად, ტრამპის შტაბი აგრძელებს სასამართლოების გზით ბრძოლას რამდენიმე შტატში და ავრცელებს დაუსაბუთებელ ბრალდებას, რომ კენჭისყრის დროს მოხდა გაყალბება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG