Accessibility links

ნინო ბურჯანაძე: დღევანდელმა ახალგაზრდებმა უთხრეს ბიძინა ივანიშვილს, ეს ჩვენი ქვეყანაა


პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და ახალ, ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი ადმინისტრაციით, მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს იმისათვის, რომ ისინი არღვევენ წარმოდგენას, თითქოს საქართველოში ახალგაზრდებს პოლიტიკა არ აინტერესებთ.

"ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ახალგაზრდას, რომელმაც გადატეხა ბოლო წლებში გავრცელებული თითქოს შეხედულება, რომ ახალგაზრდებს არ აინტერესებთ რა ხდება, ახალგაზრდები პოლიტიკისგან შორს არიან. დიახ, დღევანდელმა ახალგაზრდებმა უთხრეს ბიძინა ივანიშვილს, უთხრეს მთელ მსოფლიოს, რომ დიახ, ეს ჩვენი ქვეყანაა, ამ ქვეყანაში ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და ჩვენ გვაინტერესებს და გვინდა, რომ ეს ქვეყანა ღირსეული და თავისუფალი იყოს. ყოჩაღ, ახალგაზრდებო, გააგრძელეთ ასე ვაჟკაცურად ბრძოლა და ჩვენ, უფროსი თაობის ადამიანები, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ძალა და გამოცდილება მოგაშველოთ, შეცდომები თავიდან აგარიდოთ, არ ჩაგადენინოთ ის შეცდომები, რომელიც ყველა ჩვენგანს აქვს ჩადენილი, რომ უფრო ადვილად მივიდეთ გამარჯვებამდე და ჩვენ ამას ერთად აუცილებლად გავაკეთებთ", - თქვა ნინო ბურჯანაძემ აქციაზე გამოსვლისას.

14 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციის დაწყებამდე ოპოზიცია და მმართველი პარტია ერთმანეთს მოლაპარაკების მაგიდასთან მეორედ შეხვდა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში - შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არც ერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს ლეგიტიმურად. აქციები მათთვის ბრძოლის ერთ-ერთი ფორმაა - დაარწმუნონ ხელისუფლება მათი მოთხოვნების შესრულების აუცილებლობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG