Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბექა დავითულიანი: იმდენჯერ მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს, სანამ ხელისუფლებაში არ მოვლენ


"ქართული ოცნების" პროპორციული სიის ერთ-ერთი წევრი, ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი თანახმაა გადაითვალოს ყველა ის საეჭვო უბანი, რომელზე პრეტენზიაც ოპოზიციას აქვს. დავითულიანი გამორიცხავს ხელახალი არჩევნების ჩატარებას. მისი თქმით, ხალხს "ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა ხელისუფლებაში.

"რაც იყო დასაბუთებული, მათგან 40 უბანი გადაითვალა, რაც შედეგზე არ ახდენდა გავლენას, პირიქით, ხელისუფლებას მოემატა გადათვლის შედეგად მხარდაჭერა. ამ ფონზე ჩვენი შეთავაზება იყო, რომ მოდით, გადავთვალოთ, რაზეც კი ვსაუბრობთ. ამაზე ვიღებთ უარს და გვეუბნებიან, რომ უნდა იყოს ახალი არჩევნები...

ესენი იმდენჯერ მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს, სანამ თვითონ არ მოვლენ ხელისუფლებაში. არ უნდა ამ ხალხს "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში", - თქვა დავითულიანმა.

დავითულიანის ბრიფინგის პარალელურად ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ცესკოს მონაცემებით, 1%-იანი ზღვარი გადალახეს, შეხვედრებს აგრძელებენ. მათი თქმით, ისინი არ შევლენ პარლამენტში, არ მიიღებენ მეორე ტურში მონაწილეობას და გააგრძელებენ აქციებს მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე.

ცესკოს მონაცემებით, "ქართულმა ოცნებამ" ხმათა 48,22 პროცენტი მიიღო. მას მეორე ტურში მხოლოდ რამდენიმე მაჟორიტარული ოლქის მოგებაღა სჭირდება პარლამენტში უმრავლესობის შესაქმნელად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG