Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების მეორე ტური - მარტო სახლში


აქცია არჩევნების შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. წარწერა ბანერზე - "ოლიგარქმა მოიპარა არჩევნები"
აქცია არჩევნების შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. წარწერა ბანერზე - "ოლიგარქმა მოიპარა არჩევნები"

21 ნოემბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურია დანიშნული იმ 17 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად, სადაც 31 ოქტომბერს ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ამომრჩეველთა ნახევარზე მეტის ხმების მობილიზება. ამავე დღეს უნდა აირჩეს ქუთაისის მერიც. 

არჩევნების მეორე ტურში, რომელიც ქვეყანას 8 მილიონ ლარზე მეტი უჯდება, ოპოზიციის მონაწილეობა მხოლოდ ფორმალური იქნება - 16 ნოემბრის მდგომარეობით, არც ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლას არ აპირებს - შესაბამისად, არჩევნების მეორე ტური იქნება არჩევნები არჩევნებისთვის, რომლის შედეგადაც, პირველად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყანას ეყოლება ერთპარტიული პარლამენტი. მიუხედავად მეორე ტურის ფორმალური ხასიათისა, რამდენიმე დღით ადრე წინასარჩევნო პერიოდისთვის დამახასიათებელი დაძაბულობა მაინც იგრძნობა - გლდანში ნიკა მელიას ოფისი დაარბიეს, ბათუმში ოპოზიციის შეკრებაზე კი ლევან ვარშალომიძე არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს „სირცხვილის კორიდორებში” გატარებას დაჰპირდა.

მმართველი პარტიის წევრები კვლავ ამტკიცებენ, რომ ოპოზიციის პროტესტი საჩვენებელი წარმოდგენაა და მათი ნაწილი პარლამენტში შესვლას აპირებს. ზოგიერთი მაჟორიტარი კანდიდატი „ქართული ოცნებიდან” იმასაც ამბობს, რომ ოპოზიცია მეორე ტურის წინ ამომრჩეველს ხვდება და მათ არჩევნებში მონაწილეობას სთხოვს. თავად „ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატების საარჩევნო შტაბებში სიხალვათეა, შემცირებულია ამომრჩეველთან შეხვედრებიც. ფეისბუკის რეკლამების ბიბლიოთეკაში თითქმის არც ერთი მაჟორიტარი კანდიდატის აქტიური სარეკლამო კამპანია არ იძებნება - არჩევნების მეორე ტურზე მისვლას მოსახლეობას ყველაზე აქტიურად ცესკო სთხოვს.

„საზოგადოების ნაწილი დაბნეულია ოპოზიციის განცხადებების გამო, სადაც ისინი ამბობენ, რომ არ იღებენ მეორე ტურში მონაწილეობას. ზოგიერთ ადამიანს ამ ფონზე რჩება შთაბეჭდილება, რომ მეორე ტური საერთოდ არ ტარდება - ეს ასე არაა“, - თქვა 16 ნოემბერს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ, „ქართული ოცნებიდან” და ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების საარჩევნო კამპანია მეორე ტურის წინ

„მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ განვაახლე მოქალაქეების მიღება. შეხვედრები გაიმართება ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს 13:00-დან 15:00 საათამდე. შეხვედრის დასაგეგმად, გთხოვთ მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში”, - დაწერა საბურთალოს მაჟორიტარმა კანდიდატმა დავით სერგეენკომ 3 ნოემბერს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე. ამ დროს უკვე ცხადი იყო, რომ პარლამენტში მოსახვედრას მას მეორე ტურში დასჭირდებოდა მონაწილეობის მიღება, თუმცა ჯერ არ იყო საბოლოოდ ცხადი, რომ ამ ტურში მარტო იქნებოდა, ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში.

დავით სერგეენკოს საარჩევნო შტაბი საბურთალოზე; 16 ნოემბერი, 2020
დავით სერგეენკოს საარჩევნო შტაბი საბურთალოზე; 16 ნოემბერი, 2020

ბრძოლას ვაგრძელებთ გაორმაგებული ენერგიითა და შემართებით! მეორე ტურში ჩვენ ერთად, დამაჯერებლად გავიმარჯვებთ!” - ეს ვაკის მაჟორიტარი კანდიდატის, ნოდარ ტურძელაძის სტატუსის ფრაგმენტია 1 ნოემბერს. „ქართული ოცნების” კანდიდატს 30 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე მოსახლეობასთან შეხვედრის ამსახველი დოკუმენტაცია არ გამოუქვეყნებია ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.

„ჩვეულ რეჟიმში ვაწარმოებთ წინასაარჩევნო კამპანიას, უბრალოდ, კოვიდის გამო დიდი შეხვედრები არ გვქონია, ქუჩაში ფლაერების დარიგება, კარდაკარის გაკეთება, მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ გაგვიწყვეტია”, - გვითხრა მან.

16 ნოემბერს ვარკეთილში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა სოზარ სუბარმა. ამ შეხვედრაზე მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და მათთან ერთად გააანალიზა ის ხარვეზები, რომლებიც პირველ ტურს ახლდა თან.

„კიდევ ერთხელ შევჯერდით იმ პრობლემებზე და საჭიროებებზე, რომელთა გადაწყვეტა არჩევის პირველივე წუთებიდან არის გასაკეთებელი და ვიმსჯელეთ ისეთ პროექტებზეც რომლის გადაწყვეტაც ჩემი გუნდის, „ქართული ოცნების“ მთავრობის გარეშე შეუძლებელი იქნება”, - ვკითხულობთ სამგორის ოლქის დეპუტატობის კანდიდატის გვერდზე.

სოზარ სუბარის შეხვედრა მოსახლეობასთან. 16 ნოემბერი, 2020
სოზარ სუბარის შეხვედრა მოსახლეობასთან. 16 ნოემბერი, 2020

ოფისში აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს ნაძალადევის მაჟორიტარი კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი პირველ და მეორე ტურებს შორის და პრობლემებზე სასაუბროდ მისულ ადამიანებს გულთბილი შეხვედრებისთვის ფეისბუკის ოფიციალური გვერდიდან უხდის მადლობას.

მიხეილ ყაველაშვილი საარჩევნო შტაბში ხვდება მოქალაქეებს. 7 ნოემბერი, 2020.
მიხეილ ყაველაშვილი საარჩევნო შტაბში ხვდება მოქალაქეებს. 7 ნოემბერი, 2020.

„თუ ადრე ვაორგანიზებდით ყველა უბანში და მიკროუბანში ქუჩების მიხედვით შეხვედრებს, ახლა, ბუნებრივია, ამ ფორმატით შევხვდებით პანდემიის გამო, თუმცა უარს ვერ ვეუბნებით ადამიანებს, სადაც გვითხოვენ, იქ მივდივართ. მიუხედავად ჩვენი წინასწარი შეგონებისა, შეხვედრები მაინც ხალხმრავალი გამოდის, ეს პასუხისმგებლობასთან ერთად, ყალბი თავმდაბლობის გარეშე უნდა ითქვას, გვახარებს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარმა კანდიდატმა ბექა ოდიშარიამ. მისი თქმით, დღეში ორი შეხვედრა მაინც აქვთ - ზოგჯერ ოჯახში ეძახიან, ზოგჯერ ეზოებში ხვდებიან ამომრჩეველს, ზოგჯერ ქუჩებში.

ბექა ოდიშარიას საარჩევნო შტაბი მელიქიშვილის გამზირზე, 16 ნოემბერი
ბექა ოდიშარიას საარჩევნო შტაბი მელიქიშვილის გამზირზე, 16 ნოემბერი

ამომრჩეველთან პირისპირ შეხვედრებით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კამპანია მეორე ტურის წინ აქვს ირაკლი ქადაგიშვილს, „ქართული ოცნების“ კანდიდატს თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში. 11 ნოემბერს იგი კოვიდ-19-ისგან განიკურნა და მოსახლეობასთან შეხვედრებიც განაახლა. ყველა შეხვედრისას დეპუტატი აღნიშნავს, რომ „მოსახლეობა შესანიშნავად ხედავს და აფასებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მონაპოვარს, რასაც მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება ჰქვია”.

ირაკლი ქადაგიშვილი მოსახლეობას ხვდება; 13 ნოემბერი, 2020
ირაკლი ქადაგიშვილი მოსახლეობას ხვდება; 13 ნოემბერი, 2020

არჩევნები არჩევანის გარეშე - ოპოზიცია თამაშგარე პოზიციაში

საარჩევნო უბნებზე 21 ნოემბერს მისულ ამომრჩეველს ბიულეტენში „ქართული ოცნების” კანდიდატებთან ერთად ოპოზიციური კანდიდატებიც დახვდება. ოპოზიციამ მას შემდეგ შეწყვიტა მეორე ტურისთვის მზადება, რაც მათთვის ცხადი გახდა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა და ხელისუფლება ამ დარღვევების აღიარებას არ აპირებდა.

„ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, - ამბობს შალვა შავგულიძე, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი მთაწმინდის ოლქში, და განაგრძობს: დარღვევებით ჩატარებული პირველი ტურის შემდეგ მეორე ტურში მონაწილეობის მიღება ოპოზიციის მხრიდან გარკვეული ლეგიტიმაციის მიცემა იქნებოდა ამ არჩევნებისთვის და არასწორი ილუზიის შექმნა, თითქოს პირველი ტური რაღაც დონეზე მაინც დასაშვები ფორმებით ჩატარდა“. ის თვლის, რომ ერთპარტიული პარლამენტი ქვეყნისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება და, სავარაუდოდ, ვადის ამოწურვამდე ვერც მოახერხებს ფუნქციონირებას, იმის გამო, რომ ამგვარ პარლამენტსა და მოსახლეობას შორის გაუცხოება გარდაუვალი იქნება.

„ისინი დარჩებიან მარტო. ივანიშვილმა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში თანდათანობით შინაარსი გამოაცალა ინსტიტუციებს. შინაარსისგან დაიცალა არჩევნებიც და ახლა ასეთი შინაარსისგან დაცლილი არჩევნებისგან მიიღებთ შინაარსისგან დაცლილ პარლამენტს, სადაც არ იქნება პოლიტიკური ცხოვრება, სადაც არ იქნებიან ოპონენტი პოლიტიკური ძალები. თავისუფლად შეუძლიათ პარლამენტის ოთხივე სართულზე ზევით-ქვევით ისეირნონ, ერთმანეთს ქაღალდები გაუცვალონ - როცა ეს სურათი დაიხატება, ყველა დაინახავს, რამდენად უშინაარსო გახდა ქვეყნის მთავარი საპარლამენტო ორგანო”, - ასე აფასებს ვითარებას მეორე ტურის წინ შალვა შავგულიძე.

ის, რომ ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურისთვის არ ემზადება და პარლამენტში შესვლაზე მათი უარი საბოლოო გადაწყვეტილებაა, „ქართულ ოცნებაში” არ სჯერათ. ბექა ოდიშარია, მმართველი პარტიის კანდიდატი მთაწმინდის ოლქში, რომელიც შემცირებული ინტენსივობით, თუმცა მაინც აგრძელებს ამომრჩევლებთან შეხვედრებს მეორე ტურის წინ, ამბობს, რომ ოპოზიციის სიტყვაზე ნდობა არ შეიძლება და მათი პროტესტი მეორე ტურში მონაწილეობაზე, „ფანდია”.

„მე მინდა ეს აუცილებლად დაწეროთ, თუ ჩემს ინტერვიუს აქვეყნებთ, კატეგორიულად ვაფიქსირებ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ფანდი, ეს არის აბსოლუტურად ყალბი მანევრი იმისათვის, რომ „ქართული ოცნების” მხარდამჭერების ყურადღება მოდუნდეს და მოსახლეობამ იფიქროს, რომ ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას მეორე ტურში, რაც ტყუილია. მათი კოორდინატორები და მათი აქტივი ძალიან აქტიურად მუშაობს და აბსოლუტურად არანაირი ნიშანი არ არის იმისთვის, რომ ისინი არ აპირებენ [არჩევნებში მონაწილეობას]. ისინი ინტენსიურად იკრიბებიან, არ ერიდებიან შეკრებებს. როგორც საკუთარ შტატებებში მუშაობენ ყოველდღიურად, ჩვენ გვაქვს ჩვენი მხარდამჭერებისგან ინფორმაცია, რომ ეზოებში იკრიბებიან და კარდაკარ ადამიანებს აფრთხილებენ, რომ მიიღონ მონაწილეობა 21 ნოემბერს. ეს დეკლარირებული რაც არის, გაცხადებული, ტყუილია. ჩვენ არ გვაქვს საქმე იმ ძალასთან, რომლის სიტყვა და საქმე ერთი და იგივეა. ისინი ერთს დეკლარირებენ, მეორეს აკეთებენ და მესამეს ფიქრობენ. პირდაპირ გეუბნებით, დადიან მათი აქტივისტები და ზუსტად ისე ელაპარაკებიან თავის ამომრჩეველს. ეს არის მათი სურვილი, რომ დაწერილ შედეგზე გააცხადონ, რამხელა შედეგს იღებენ მონაწილეობის გარეშეც კი - ეს არის გაცვეთილი მანევრი, რომელიც ადვილად იშიფრება. მე გარწმუნებთ, რომ ჩვენი ოპონენტები სრული სიმძლავრით, სრული სვლით მიდიან მეორე ტურისკენ”, - ამბობს ბექა ოდიშარია და სთხოვს თავის ამომრჩევლებს, მიუხედავად „სირცხვილის კორიდორებით” დაშინებისა, მივიდნენ არჩევნებზე.

„სირცხვილის კორიდორი” - იდეა, რომელიც ოპოზიციის დიდ ნაწილს არ მოსწონს

„მოგიწოდებთ, მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და 21-ში მოვუწყოთ ყველას სირცხვილის კორიდორი. ვნახოთ, რამდენი მომხრე ჰყავს „ქართულ ოცნებას“, 22-ში კი მოვაწყოთ ისევ დიდი აქცია“, - თქვა მან ოპოზიციის აქციაზე 15 ნოემბერს, 16 ნოემბერს კი „სირცხვილის კორიდორების” დაცვაზე პასუხისმგებლად ხელისუფლება გამოაცხადა.

„თუ რამე დაპირისპირება მოჰყვა ამ სირცხვილის კორიდორებს, პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება. პოლიციამ და ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ეს, ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, სად დავდგებით, როგორ გავაპროტესტებთ და რას ვიზამთ, ეს გადაწყვეტილება მიღებულია და 21-ში მართლაც ყველგან, ყველა უბანზე იქნება სირცხვილის კორიდორი“, - ესაა ლევან ვარშალომიძის 16 ნოემბრის განცხადება. მის იდეას საარჩევნო უბნებზე დაძაბულობის კერების შექმნის შესახებ ოპოზიციაში დიდი კმაყოფილება არ მოჰყოლია. მაგალითად, ელენე ხოშტარიამ, ერთიანი ოპოზიციის კანდიდატმა ვაკეში, ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ მას პრეტენზია არა ხალხთან, არამედ გაყალბებასა და გამყალბებლებთან აქვს.

„და საერთოდ, არანაირი მეორე ტური ეს არ არის, სასაცილოები არიან ოცნების კანდიდატები თავს რომ იკატუნებენ, ვითომ არჩევნებში მონაწილეობენ. მარტო ხართ და სარკეში იხედეთ რამდენიც გინდათ, არ არის ეს არჩევნები“, - ასეთია ელენე ხოშტარიას პოზიცია არჩევნების მეორე ტურსა და ვარშალომიძის ინიციატივაზე.

„სირცხვილის დერეფნების” იდეას სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალ ნიშნულს უწოდებს დავით უსუფაშვილი, რომელიც ამ არჩევნებში პოლიტიკურ გაერთიანება „ლელოს” წარმოადგენს.

„არჩევნების დღე მოქალაქის დღეა, მათ შორის, იმ მოქალაქისაც, რომელიც, ჩემი აზრით, მცდარ ნაბიჯს დგამს. ამ ერთ დღემდე ოთხი წელი გვქონდა პოლიტიკოსებს იმისთვის, რომ მოქალაქე დაგვერწმუნებინა, გაგვემაგრებინა, დაგვეცვა. და თუ ეს ვერ შევძელით, და თუ ჩვენს შორის ვინმეს უნდა რცხვენოდეს, უნდა გვრცხვენოდეს ჩვენ - პოლიტიკური პროცესის 1460 დღისთვის, და არა მას - არჩევნების ერთი დღისთვის“, - დაწერა დავით უსუფაშვილმა ფეისბუკზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG