Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი იქნება


სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი მიიჩნევს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი იქნება. მოსახლეობისადმი მიმართვისას სარქისიანმა განაცხადა, რომ მისი პოზიცია ეფუძნება პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და დიასპორის წარმომადგენლებთან ბოლო დღეებში გამართული კონსულტაციების შედეგებს.

არმენ სარქისიანის ინფორმაციით, შეხვედრების მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება პრემიერ-მინისტრის გადადგომას, ან კონსტიტუციის შესაბამისად მისი უფლებამოსილების შეწყვეტას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.

სომხეთის პრეზიდენტის თქმით, ყველამ, და განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა და სახელმწიფო მოღვაწეებმა უნდა გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და ძალისხმევა მიმართონ მხოლოდ კრიზისიდან გამოსვლის გზების მოძიებისკენ.

სარქისიანის განცხადებით, შექმნილი სიტუაციის და მისი ღირსეულად დაძლევის, საზოგადოების მოთხოვნის და რყევებისგან ქვეყნის დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი იქნება. სომხეთის პრეზიდენტის შეფასებით, ერთადერთი პასუხისმგებლიანი მიდგომა იქნება მთავრობის და მმართველი პარტიის მიერ საკუთარი პოტენციალის ობიექტურად შეფასება და წარმოდგენა საგზაო რუკისა, რომელშიც მითითებული იქნება ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელად საჭირო საკონსტიტუციო პროცესების ინიცირების ვადები. პრეზიდენტ სარქისიანის განცხადებით, ვადამდელ არჩევნებამდე მმართველობა უნდა გადაეცეს ეროვნული თანხმობის მაღალკვალიფიციურ მთავრობას.

16 ნოემბერს, ერევანში გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას, მის დღის წესრიგში არის თუ არა გადადგომა, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ დღის წესრიგში ერთადერთი საკითხი აქვს - რესპუბლიკის სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო 10 ნოემბერს, როცა ცნობილი გახდა, რომ მან აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის და იქ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების შეთანხმებას. ამ დოკუმენტით, აზერბაიჯანს უბრუნდება 90-იან წლებში დაკარგული არაერთი რაიონი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG