Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან კობიაშვილი: კანდიდატმა მელიამ უნდა დაასაბუთოს, რის საფუძველზე გვდებს ბრალს ოფისის დარბევაში


ლევან კობიაშვილი
ლევან კობიაშვილი

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გლდანის საარჩევნო ოლქში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას ბრალდებას, ერთ-ერთ ოფისში გაჩენილ ხანძართან მისი კავშირის შესახებ. ფეისბუკპოსტში ლევან კობიაშვილი ნიკა მელიას ცილისწამებაში სდებს ბრალს და რწმენას გამოთქვამს, რომ სამართალდამცავები გამოიძიებენ ხანძრის მიზეზებს და დამნაშავეებსაც გამოააშკარავებენ. მისი თქმით, ნიკა მელიამ უნდა დაასაბუთოს, ოფისის დარბევასა და კრიმინალთან კავშირში რის საფუძველზე სდებს ბრალს კობიაშვილ-კალაძეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ცილისწამებაზე ბოდიშს მოხდა მოუწევს:

„მე არ მჩვევია მელიას სტილში ყაყანი და ბრალდებების უმისამართოდ ფრქვევა.

მის დონეზე არ და ვერ დავალ!

დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი უწყებებები აუცილებლად დაადგენენ, თუ ვის ინტერესებში შედიოდა, რატომ და ვინ გააჩინა ხანძარი ნიკანორ მელიას ერთ-ერთ ოფისში და ყველა დამნაშავე უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.

კანდიდატმა მელიამ კი უნდა დაასაბუთოს, რის საფუძველზე გვდებს ბრალს ოფისის დარბევაში და კრიმინალთან კავშირში, ან მოუწევს ცილისწამებაზე ბოდიშის მოხდა.

მისგან განსხვავებით, ჩვენ ტელესპექტაკლებს არ ვდგამთ.

მას შემდეგ, რაც სიმართლე გაირკვევა, მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაინახავს მათ ნამდვილ სახეს და კიდევ ერთხელ გამოჩნდება სად არის სიმართლე და სად ამორალური ტყუილები!“, - წერს ლევან კობიაშვილი ფეისბუკში.

ნიკა მელია გლდანში თავისი ოფისის დაწვას უკავშირებს კობიაშვილ-კალაძესთან დაახლოებულ „კანონიერ ქურდსა“ და მის ძმას. მან ოფისის გადაწვაში ეჭვმიტანილი პირების გვარებიც დაასახელა:

„კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი „კანონიერი ქურდი“ ნოდარ შუკაკიძე, რომელიც იმყოფება საბერძნეთის საპატიმროში და მას ყოველდღიური სატელეფონო წვდომა აქვს გლდანის დანაშაულებრივ სამყაროსთან. გარდა ამისა, მისი ძმის, სუს-თან აქტიურ კავშირზე მყოფი ლევან შუკაკიძის მეშვეობით აკონტროლებს და ძალადობს საარჩევნო პროცესში ყველაფერზე და ყველაზე“, - თქვა მელიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კონკრეტულ ოფისზე თავდასხმის მიზეზებსაც ასახელებს. „რამ გამოიწვია ამ ადამიანების გაშმაგება? ეს უბანი, სადაც ახლა ვსაუბრობ, არის გლდანის მე-3 მიკრორაიონი და მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს 79-ე კორპუსი, რომელშიც ცხოვრობს ლევან კობიაშვილი. აქვე მე-4 კორპუსში წლების განმავლობაში ცხოვრობდა ბატონი კალაძე. ეს უბანი პირწმინდად წააგეს და ახლა კრიმინალების მეშვეობით განახორციელეს ეს მოძალადეობრივი აქტი“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას ბრალდებას გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძეც და მას სამარცხვინო უწოდა.

„საერთოდ არ ვუპასუხებდი ამ განცხადებას, რომ არა არჩევნების მეორე ტური. კიდევ ერთხელ, მინდა ხაზი გავუსვა და ჩემი პატივისცემა გამოვხატო გლდანის და გლდანელების მიმართ.

განცხადებას რაც შეეხება, სამარცხვინოს ვუწოდებდი. კონკრეტული კრიმინალის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, პოლიტიკური ავანტიურისტის პირადი მოხმარების პარტიის უუფლებო წევრი, რომელიც აკეთებს ამ ტიპის და ამ შინაარსის განცხადებებს, არის მხოლოდ და მხოლოდ სამარცხვინო“, - თქვა კახა კალაძემ.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით სხვისი ნივთის დაზიანებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.

გლდანის რაიონის მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნებში ნიკა მელიამ, როგორც მაჟორიტარმა კანდიდატმა, მიიღო ხმების 44.06%; „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა - 42.47%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG