Accessibility links

ალიევი მიუღებელს უწოდებს მთიანი ყარაბაღისთვის ნებისმიერი სტატუსის მინიჭებას


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია მთიანი ყარაბაღისთვის საგანგებო სტატუსის მინიჭება.

ამის შესახებ აზერბაიჯანის ლიდერმა განაცხადა ფიზულის რაიონში, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ მოინახულა.


„არავითარ სტატუსზე არ შეიძლება იყოს საუბარი. არსებობს ერთიანი აზერბაიჯანი - მრავალეროვნული და მრავალკონფესიური. აზერბაიჯანის ყველა ეროვნებისა და აღმსარებლობის მოქალაქეები მშვიდობიანად ცხოვრობენ, და სომხებიც ასევე იცხოვრებენ თანაბარ პირობებში“, - აღნიშნა ალიევმა.



აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებობს კონფლიქტის გადაჭრის სამხედრო-პოლიტიკური გზა, რაც აზერბაიჯანმა ბრძოლის ველზე აჩვენა.



სომეხი სეპარატისტების მიერ ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის გარშემო საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან დაიწყო.

სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ, 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან, ილჰამ ალიევთან და ვლადიმირ პუტინთან ერთად ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას.



მხარეთა მიერ მიღებული ერთობლივი განცხადების საფუძველზე, 10 ნოემბერს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სრულად შეწყდა ცეცხლი და ყველა სამხედრო მოქმედება და აზერბაიჯანი და სომხეთი ჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე; აღდამის რაიონი და სომხური მხარის მიერ გაზახის რაიონში დაკავებული ტერიტორიები აზერბაიჯანს უბრუნდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე; გამყოფი ხაზის და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ განთავსება დაიწყო რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტმა.



ამავე შეთანხმებით, 2020 წლის 15 ნოემბრამდე სომხეთი აზერბაიჯანს უბრუნებს ქელბაჯარის რაიონს და 1 დეკემბრამდე ლაჩინის რაიონს და იტოვებს ლაჩინის 5-კილომეტრიან დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის კავშირს სომხეთთან, თუმცა არ შეეხება ქალაქ შუშას. იძულებით გადაადგილებული პირები და დევნილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და მის მიმდებარე რაიონებში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კონტროლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG