Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებაში


პომპეო საქართველოში
პომპეო საქართველოში

აშშ-სა და საქართველოს აქვთ საერთო ფასეულობაზე, თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის ღრმა სიყვარულზე დაფუძნებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა, ვაშინგტონი განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ მის ფარგლებში და ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებაში, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე 17 ნოემბერს, საქართველოში სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის დაწყებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სპეციალურ საინფორმაციო ბიულეტენში.



მასში აღნიშნულია, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან საქართველომ „შთამბეჭდავ პროგრესს“ მიაღწია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის, და გლობალურ უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.



„აშშ-ი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, გმობს რუსეთის ინტერვენციას 2008 წელს საქართველოს რეგიონებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც დღეს რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩებიან. არის რა საქართველოში კონფლიქტის თაობაზე ჟენევის საერთშორისო დისკუსიის მონაწილე, აშშ-ი აგრძელებს აქტიური როლის თამაშს ამ ინიციატივების მხარდასაჭერად“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობარში.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველომ უსაფრთხოების და თავდაცვის სტრქუტურების, ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობის ასამღლებლად ვაშინგტონისგან მიიღო 100 მილიონი დოლარის დახმარება. ასევე საქართველო ყოველწლიურად ღებულობს 2 მილიონ დოლარს საერთაშორისო განათლების დასაფინსებლად და კადრების მოსამზადებლად, საქართველოს თავდაცვისა სამინისტროსა და შეიარღებული ძალების პირადი შემადგენლობის 60%-ი აშშ-ის სამხედრო სასწავლებელში განათლებამიღებული სამხედროებისგან შედგება.


აშშ-სა და საქართველოს ხელმოწერილი აქვთ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელიც მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს დემოკრატიის, თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის საკითხების განსახილველად ორმხრივი სამუშაო ჯგუფების ფარგლებში.


„ჩვენი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი ხასიათის მაჩვენებელი გახდა აშშ-ის მიერ 2019 ფინანსურ წელს საქართველოსათვის 127 მილიონ დოლარზე მეტი თანხის გამოყოფა სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის დახმარების ფარგლებში“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის საინფორმაციო ბიულეტენში.

17 ნოემბერს საქართველოში ჩამოვიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

ხვალ, 18 ნოემბერს, მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ოპოზიცია 18 ნოემბერს გეგმავს აქციას - სტუმრის მისასალმებლად და არჩევნების ოფიციალური შედეგების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების სადემონსტრაციოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG