Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში ათდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტ იჰარ კარნეის


იჰარ კარნეი
იჰარ კარნეი

რადიო თავისუფლების მინსკის ბიუროს ჟურნალისტი, იჰარ კარნეი, იმ პირთა შორის აღმოჩნდა, რომლებიც ბელარუსის რეჟიმმა 15 ნოემბერს დააკავა მინსკსა და სხვა დიდ ქალაქებში გამართული საპროტესტო აქციების დაშლის შემდეგ.

თავდაპირველად ნიღბიანმა პოლიციელებმა ჟურნალისტი მეუღლესთან, ირინასთან ერთად მინსკში დააკავეს. მეუღლე მალე გამოუშვეს, ხოლო კარნეი გადაიყვანეს ჟოდინოს იზოლატორში.

სხვა დაკავებულების მსგავსად, მას ათდღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

იჰარ კარნეი რადიო თავისუფლების მინსკის ბიუროში 20 წლის განმავლობაში მუშაობს. იგი აქტიურად აშუქებს 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში დაწყებულ საპროტესტო აქციებს, რომელთა მონაწილეები ახალი არჩევნების დანიშვნას, რეპრესიების შეწყვეტასა და საპატიმროებიდან პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.

გასულ კვირაში ბელარუსში სამართალდამცველებმა დაახლოებით 1200 კაცი დააკავეს არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობის გამო.

უფლებადამცველ ცენტრ „ვიასნას“ ცნობით, ამჟამად მინსკის საპატიმროებში 20 ჟურნალისტი იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG