Accessibility links

site logo site logo

„მე გეუბნებით, რომ ქმარს ცოლი არ უცემია“ - ირაკლი კობახიძე საარჩევნო დავების შესახებ


ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნული შენიშვნების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„რუსთავი 2“-ის ეთერში შეკითხვაზე, თუ ყველაფერი კარგად არის, სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში, რატომ გახდა ამდენი კითხვის ნიშანი, კობახიძე პასუხობს: „თუ ეჭვები არის გადათვლის პროცესთან დაკავშირებით, მიზეზი შეიძლება იყოს არასათანადო ინფორმაცია“.

დამაზუსტებელ შეკითხვაზე, თქვენ ფიქრობთ, რომ ამერიკის საელჩომ საქართველოში არასათანადო და არასწორი ინფორმაცია (ის არის მთავარი ინფორმაციის მიმწოდებელი) მიაწოდა? პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აღნიშნავს: „ჩვენ ხო ფაქტებით უნდა ვისაუბროთ, ოჯახში, როცა რაღაც დავა არსებობს, ხო არ შეიძლება ჩვენ მეზობლის დასკვნას დავეყრდნოთ, როცა ვიცით, რომ ქმარი სცემს ცოლს“. ირაკლი კობახიძე განაგრძობს: „მეზობელში ვიგულისხმე საერთაშორისო დამკვირვებელი. მთავარი არის ფაქტი - ქმარმა ცოლს სცემა თუ არა. მე გეუბნებით, რომ ქმარს ცოლი არ უცემია. ეს რას ნიშნავს? ამ პროცესს აკვირდებოდა ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტია. არის ეს პროცესი გამჭვირვალე თუ არ არის?!“

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა განცხადება 18 ნოემბერს, თბილისში ჩატარებულ ბრიფინგზე გააკეთეს, რომელსაც უცხოეთის მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ

ბრიფინგზე ითქვა, რომ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ყოველთვის იჩენდა თავს ერთი და იმავე ტიპის დარღვევები: ხმების ყიდვა, ამომრჩეველთა დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება და ამ მხრივ გამონაკლისი არც 2020 წელი ყოფილა.

თუმცა, ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ ეუთოს და სხვების შეფასებითაც, წელს ჩატარებული არჩევნები კონკურენტული იყო და გარკვეული კუთხით სხვებზე უმჯობესიც კი - იკლო სიძულვილის ენამ და აგრესიული ტაქტიკის გამოყენების შემთხვევებმა. „თუმცა, დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ხმების ყიდვის და ამომრჩეველთა დაშინების შემთხვევები. ეს ჩვენმა გუნდმაც ნახა. ეს საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებაშიც აისახა“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.

საქართველოს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა - ვინც, ცესკო-ს მონაცემებით, გადალახა ან ვერ გადალახა 1%-იანი საარჩევნო ზღვარი - ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს. პოლიტიკური პარტიები უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე. ისინი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან არჩევნების გაყალბებაში თამარ ჟვანიას ადანაშაულებენ.

როგორც ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, ისინი მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებენ.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხზე პირველი დიალოგი 12 ნოემბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG