Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციამ არჩევნების მეორე ტურის ფონზე აქციის გამართვა გადაიფიქრა


ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებიც „ლელოს“ ოფისში კონსულტაციას მართავდნენ იმის თაობაზე, თუ რა ფორმით უნდა გაეპროტესტებინათ არჩევნების მეორე ტური, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სრული იგნორით უპასუხონ "ხელისუფლების მიერ დაგეგმილ მეორე ტურს“.

როგორც პარტია „ლელოს“ ოფისიდან გამოსულმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, სრული იგნორი სიყალბის მიმართ არის ერთდადერთი სწორი გადაწყვეტილება.

„ჩამოვყალიბდით, რომ ხვალ, 21 ნოემბერს ერთადერთი სწორი ფორმა, იმ სიყალბის მიმართ, რასაც ივანიშვილის რეჟიმი არქმევს მეორე ტურს, ოპოზიციის ერთობისგან - ეს არის სრული იგნორი. ჩვენ არ გვინდა რაიმენაირად შევიდეთ კოლიზიაში თვითონ ამომრჩეველთან, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს მათი არჩევანი, ისინი არიან ჩვენი მოქალაქეები, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს მეორე ტური არის თავიდან ბოლომდე ფიქცია იმისთვის, რომ „გაიპრავოს“ 31-ში ჩადენილი ძალადობა და ფიქცია ივანიშვილმა, ამიტომ საზოგადოების ყველაზე სწორი რეაქცია, ისევე როგორც მთელი პოლიტიკური სპექტრის რეაქცია, არის იგნორი, იგნორი და მხოლოდ იგნორი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

პარტია "ლელოს" წარმომადგენლის საბა ბუაძის თქმით, თავიდანვე მიზანი იყო „სიცრუისგან სრული დისტანცირება“, შესაბამისად, მსჯელობით გადაწყდა, რომ ამის საუკეთესო ილუსტაცია იქნებოდა პროცესის „სრულად იგნორირება“.

„ამიტომაც ჩვენ ხვალ არ გვექნება საპროტესტო ღონისძიება და ეს დუმილი და იგნორირება იქნება საუკეთესო პროტესტი ის ტყუილისა, რასაც „ქართული ოცნება“ ასაღებს მეორე ტურად“, - ამბობს საბა ბუაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ზაალ უდუმაშვილის თქმით, პროეტესტის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის, მშვიდობიანი ჯაჭვით, ზედმეტ მნიშვნელობას მიანიჭებდა არჩევნების მეორე ტურს, ამიტომ ყველანაირი აქციის გაუქმებაზე შეთანხმდნენ.

„ხვალ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც არ უცხოვრიათ საბჭოთა კავშირის პერიოდში, ეძლევათ უნიკალური შანსი, ერთი დღე გაატარონ საბჭოთა საქართველოში, ნახონ მაშინ, როგორ ირჩეოდა ერთპარტიული, ასე ვთქვათ, პარლამენტი. ხვალ იქნება საბჭოთა კავშირის მოდელირება“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

არჩევნების მეორე ტურის ფონზე გასამართი აქციის ფორმებზე ოპოზიციური ერთობა 19 ნოემბერს მსჯელობდა, "ლეიბორისტული პარტიის" წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი განმარტავდა, რომ პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ იქნება ცოცხალი ჯაჭვი, "ოღონდ განსხვავებული ჯაჭვი, ვიდრე ვნახეთ ჩვენ გუშინ". ასევე, მაჟორიტარულ ოლქებთან იქნება სხვადასხვა სახის მშვიდობიანი საპროტესტო აქტივობა, რომლის "ადრესატიც იქნება ხელისუფლება და არა ამომრჩეველი". გუშინვე ცნობილი იყო, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ოპოზიცია დღეს გამოაცხადებდა.

31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნებში, ცესკოს მონაცემებით, 1-პროცენტიან ბარიერს პროპორციულ არჩევნებში 8 ოპოზიციური პარტია ლახავს, 17 მაჟორიტარულ ოლქში კი მეორე ტურია დანიშნული. ოპოზიციური პარტიები ცესკოს მონაცემებს არ ენდობიან, ბოიკოტს აცხადებენ მეორე ტურში მონაწილეობასა და პარლამენტში შესვლაზე.

მეორე ტურში ყველა ოლქში ერთ-ერთი კანდიდატი "ქართული ოცნებიდანაა". ოპოზიციიდან კი კანდიდატები ასე ნაწილდებიან: 12 ოლქში კანდიდატები არიან ბლოკიდან "ნაციონალური მოძრაობა" - "ძალა ერთობაშია", 2-ში - "ევროპული საქართველოდან", 1-ში - "გირჩი", 1-ში - "ლეიბორისტული პარტია", 1-ში - "მოქალაქეები".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG