Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ტატო გრიგალაშვილმა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ათიოდ დღის წინ მოპოვებულ ოქროს მედალს, დღეს უფროსებს შორის ევროპირველობის ოქრო მიამატა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 20 წლის ძიუდოისტმა, პრაღაში მიმდინარე პრესტიჟულ შეჯიბრებაზე, ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე დაამარცხა. მათ შორის, თანაგუნდელი ლუკა მაისურაძე, რომელსაც მეოთხედფინალში სძლია. საჩემპიონო ბრძოლაში კი, გრიგალაშვილმა ბულგარელ ივაილო ივანოვს 45 წამში აჯობა.

პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს, მამაკაცებში სულ მედლების ორი კომპლექტი გათამაშდა. საქართველოს ნაკრების სახელით ტატამზე სამი სპორტსმენი გავიდა და სამივე მედალს დაეუფლა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ლაშა შავდათუაშვილს უმაღლეს ტიტულამდე გადამწყვეტი შეხვედრის მოგება დააკლდა და ვერცხლს დასჯერდა. 81 კილოგრამში კი, ტატო გრიგალაშვილის გვერდით, კვარცხლბეკზე დადგა ლუკა მაისურაძე, რომელმაც მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ჩემპიონატის ბოლო დღეს - 21 ნოემბერს საქართველოს ნაკრების სახელით ევროკონკურენციაში ჩაებმებიან: ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), ლევან მატიაშვილი და გურამ თუშიშვილი (ორივე +100 კგ).

XS
SM
MD
LG