Accessibility links

ვის უფრო ზიანს მოუტანს არჩევნები ერთი პარტიის მონაწილეობით - ხელისუფლებას თუ ოპოზიციას?


21 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს ბიულეტენზე ორი კანდიდატი დახვდება ასარჩევად, თუმცა ოპოზიციის ყველა კანდიდატისთვის ამ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ფორმალობაა.

არც ერთი ოპოზიციური პარტია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, შესაბამისად, მეორე ტურს შეწყვეტილი წინასაარჩევნო კამპანიით, ქუჩის აქციებით და დიპლომატების ჩართულობით მართული კონსულტაციების რეჟიმში მყოფები ხვდებიან. ხელისუფლება არ აპირებს დათმობას და ხელახალი, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეცვლილი ხელმძღვანელობით და სისტემით.

  • ვისთვის იქნება უფრო საზიანო არჩევნები, სადაც მხოლოდ ერთი პარტიის კანდიდატები იღებენ მონაწილეობას?
  • ვინ უფრო ახლოსაა მარგინალიზაციასთან - ხელისუფლება ერთპარტიული პარლამენტით თუ ქუჩაში დარჩენილი ჭრელი და მყიფე ერთიანობის მქონე ოპოზიცია?

„არჩევნები, სადაც მხოლოდ ერთი პარტიის კანდიდატები რჩებიან მეორე ტურში, პირველ რიგში, საზიანოა ქვეყნისთვის და დემოკრატიისთვის”, - ამბობს პოლიტიკოსი გია ნოდია, უფრო დეტალურად კი მისი ხედვა ამ პროცესზე ასეთია.

„ხელისუფლებას გაუჭირდება დემოკრატიული ხელისუფლების რეპუტაციის შენარჩუნება, მაგრამ ოპოზიციისთვისაც წამგებიანია ეს პოზიცია, მას არ ექნება ინსტიტუციური პლატფორმა, თუკი ვიგულისხმებთ, რომ საბოლოოდ შეინარჩუნებს ბოიკოტის პოლიტიკას. ხელისუფლებას აქვს ფუნქციები, რომლის შესრულებაც მარტო ხელისუფლებას შეუძლია - გასაგებია მისი საქმე, მაგრამ რა იქნება ოპოზიციის საქმე, თუ ის არ შევა პარლამენტში. რას გააკეთებს, როგორ იმოქმედებს, ალტერნატიული გზა რა არის მისთვის - ოპოზიციაც დგას ერთგვარი მარგინალიზაციის საფრთხის წინაშე”, - გია ნოდია ამბობს, რომ, მაგალითად, სტრატეგიული პარტნიორებისთვის დასავლეთიდან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებობდეს ლეგიტიმური ხელისუფლება და მათ შესაძლოა გაზარდონ კრიტიკა არსებული ხელისუფლების მიმართ, მაგრამ თანამშრომლობას მათთან არ გაწყვეტენ.

„ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რისკებია”, - ფიქრობს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე, რომელიც თვლის, რომ არც ერთი ხელისუფლებისთვის არ არის კარგი და კომფორტული ერთპარტიულ პარლამენტში მუშაობა, ისეთი ქვეყნისთვის კი, რომელიც დემოკრატიული ქვეყნების კეთილგანწყობაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, ეს მოცემულობა სახიფათოც კია.

„ოპოზიციას დასჭირდება ძალიან ეფექტური სტრატეგია, რომ დააკომპენსიროს საპარლამენტო ტრიბუნის დანაკლისი სხვა შესაძლებლობებით, სხვა მეთოდებით - რამდენად მოახერხებს, რომ დარჩეს რელევანტური, მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება - აქაა რისკი. მეორე მხრივ, მარტო დარჩენილი მმართველი პარტია, მდიდარი ოლიგარქის პარტია, რომელიც პრინციპში არაფორმალურად მართავს სახელმწიფოს, ძალიან უხერხულად გამოიყურება ყველგან და, მით უმეტეს, დემოკრატიული პარტნიორების თვალში. რეალურად ეს ვითარება არის დაღმავალი სპირალი, სადაც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეიძლება ერთმანეთს ჩაყვნენ და თან ჩაიყოლონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ბევრი საკითხი. რომელი რომელს ჩაიყოლებს ამ უფსკრულში, რთული სათქმელია”, - ამბობს ლევან ცუცქირიძე. ის ფიქრობს, რომ ჩიხიდან გამოსვლის შანსი ჯერ კიდევ არსებობს და არის პოტენციალი, დაღმართიდან ამოვიდეთ და ქვეყანამ სწორი გზით გააგრძელოს სიარული. მისი შეფასებით, ახლა ქვეყანაც და რეგიონიც ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, ერთპარტიული მმართველობა არასწორი იქნება და გაზიარებული პასუხისმგებლობები, დისკუსია და წარმომადგენლობითი გადაწყვეტილებები სჭირდება.

„თავისთავად პარლამენტზე უარი, არც მიზანია და არც რაიმე მყისიერი ეფექტის მქონე საშუალება. ამას ვამბობ, რადგან არ ვაპირებ ვინმეს ვუთხრა, რომ პარლამენტის ბოიკოტი რაიმე სახის გამარჯვება იქნება ვინმესთვის. არა, პირიქით, ერთპარტიული პარლამენტის მიღება ყველას წარუმატებლობას ნიშნავს და ვინც სხვანაირად გეტყვით, გატყუებთ.

„ქართული ოცნება“ დაზიანდება ერთპარტიული პარლამენტით - მაგრამ, დიდი ალბათობით, არცთუ ისე, რომ ხელისუფლების შენარჩუნება 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ვერ მოახერხოს. მაშინ რა? ბოიკოტი არჩევნებს? თუ არა? თუ ოპოზიციას მოუწევს ადგილობრივ არჩევნებზე ბრძოლა, ამ არჩევნების მოგება და ამის საფუძველზე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა? ვვარაუდობ, რომ ეს სცენარი უფრო რეალისტურია. ამ შემთხვევაში, მომავალი არჩევნებისთვის სხვანაირი საარჩევნო გარემოს მიღებაა ოპოზიციის ამოცანა და შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მიიღებს, ამ ამოცანის ჭრილში უნდა განიხილოს”, - დაწერა სალომე სამადაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე ფეისბუკის პირად გვერდზე.

18 ნოემბერს ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა: „იბრძოლონ ცვლილებებისთვის პარლამენტში. ნუ გაიმეორებენ ბოიკოტს, - რადგან მათი ერთგვარი რეფლექსიაა ქუჩაში გასვლა და ბოიკოტი. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ იბრძოლონ ცვლილებებისთვის შიგნიდან“.

არჩევნების მეორე ტურების წინ მმართველი პარტიის ის დეპუტატები, რომლებიც მაჟორიტარულ ოლქებში მარტო დარჩნენ ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, ამტკიცებენ, რომ მათი ოპონენტების უარი არჩევნებში მონაწილეობაზე ფორმალურია და ისინი ჩუმად ამომრჩევლის მობილიზაციას მაინც ეწევიან, ოპოზიცია ამ განცხადებებს სიცრუედ აფასებს. პოლიტიკური კრიზისის მოხსნაში, რაც 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა მოუტანა ქვეყანას, ჩართული არიან დასავლელი სტრატეგიული პარტნიორები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG