Accessibility links

site logo site logo

საია: ჩვენს დამკვირვებელს საარჩევნო უბანზე ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნების მეორე ტურის მსვლელობისას გამოვლენილი დარღვევების შესახებ პირველად ინფორმაციას აქვეყნებს და ამბობს, რომ არაკონკურენტული მეორე ტურის მიუხედავად, ამომრჩევლის ნების კონტროლი ხმის მიცემის დღეს კვლავ გამოწვევად რჩება. მათივე თქმით, თვალშისაცემია უბნებზე მობილიზებული კოორდინატორები და აქტივისტები, რომლებიც ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზეწოლის გარემოს ქმნიან და დამკვირვებლებს ხელს უშლიან უფლებამოსილების შესრულებაში.

"უბნებზე მობილიზებული არიან კოორდინატორები და აქტივისტები, რომლებიც ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის გარემოს ქმნიან. ასევე ორ შემთხვევაში (ჩუღურეთის ოლქის #10 და რუსთავის ოლქის #45) მათ ხელი შეუშალეს ჩვენს დამკვირვებლებს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებაში და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ", - წერს საია ფეისბუქგვერდზე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს ვრცლად 20:00 საათზე შეაფასებს.

დღეს საქართველოს 17 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. ისინი მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გაყალბებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG