Accessibility links

საია: 100-ზე მეტი დარღვევა დავაფიქსირეთ - ემუქრებოდნენ ჩვენს დამკვირვებლებს


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სადამკვირვებლო მანდატის ფარგლებში არჩვენების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს გამოვლენილ დარღვევებს აჯამებს და ამბობს, რომ 8:00 საათისთვის 100-ზე მეტი დარღვევა დააფიქსირეს ორგანიზაციის დამკვირვებლებმა. ძირითადად, დარღვევები ეხება კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას და პროცედურულ საკითხებს.

პირველი ტურის მსგავსად, მეორე ტურზეც შეინიშნებოდა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუდგენელ პირთა მობილიზება მთელი საქართველოს მასშტაბით. საიას დამკვირვებლებს არ აძლევდნენ შესაძლებლობას განეხორციელებინათ საკუთარი უფლებამოსილება, რამდენიმე შემთხვევაში მათ დაემუქრნენ ჯანმრთელობის დაზიანებითაც კი.

საიას სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელთა მიერ დაწერილია, ჯამში, 24 საჩივარი, აქედან 14 - უბნის, ხოლო 10 - ოლქის დონეზე და დაფიქსირდა 80-ზე მეტი შენიშვნა. ძირითადი დარღვევები რაზეც ორგანიზაცია მეორე ტურის დროს საუბრობს, ასეთია:

დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლა:

  • საიას დამკვირვებელებს გარკვეულ უბნებში არ მიეცათ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების საშუალება. ხუთ შემთხვევაში (ჩუღურეთის #10, რუსთავის #45, ბათუმის, #52, სამგორის #8 და კრწანისის #17 ოლქები) მათ ხელი შეუშალეს ჩვენს დამკვირვებლებს საკუთარი უფლებამოსილების განხორცილებაში და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ. დამკვირვებლებს ემუქრებოდნენ როგორც კომისიის წევრები, ისე სხვა დამკვირვებლები და გარე პირები, რომლებიც მობილიზებული იყვნენ უბნის მიმდებარედ;
  • ჩუღურეთის ოლქი # 10 უბანი - საიას დამკვირვებელმა შენიშნა უბნის ტერიტორიაზე კოორდინატორები ამომრჩეველთა სიებით, მტკიცებულების მოპოვების მიზნით გადაიღო სურათი, რის შემდეგაც უცნობი პირი მას დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით;
  • რუსთავის ოლქი #45 - საარჩევნო უბნის კართან იმყოფებოდნენ ადამიანები, რომელთაც თან ჰქონდათ ამომრჩეველთა სიები. საიას დამკვირვებელმა მათ გადაუღო ფოტო, რასაც მოყვა მუქარა და ფოტოს წაშლის მოთხოვნა. ცდილობდნენ ტელეფონს წართმევასაც. გარდა ზემოაღნიშნული პირებისა, საიას სტატიკურ და მობილურ დამკვირვებლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ უბნის გარეთ მობილიზებული ადამიანებიც;
  • ბათუმის ოლქი #52 - მას შემდეგ რაც საიას დამკვირვებელი ფოტოს უღებდა საარჩევნო უბნის ტერიტორიას, იქვე მყოფმა პირებმა მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა;
  • სამგორის ოლქი #8 უბანი - კომისიის წევრებმა დატოვეს საარჩევნო უბანი, რაზეც საიას დამკვირვებელმა დააფიქსირა შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში. დამკვირვებელს მის მიერ გაკეთებული შენიშვნა გადაუსწორეს და აღარ აძლევდნენ მისი ნახვის საშუალებას. ამის შემდეგ დამკვივებელმა უბნის დონეზე დაწერა საჩივარი. ასევე დამატებით გააკეთა შენიშვნა, სადაც აღნიშნა, რომ მისი ჩანაწერი გადაასწორეს. დამკვირვებელი უცნობმა პირებმა გაიყვანეს გარეთ და დაემუქრნენ. უთხრეს, რომ მისი მისამართი იცოდნენ, მისთვისვე იყო უკეთესი უკან გაეტანათ საჩივარი. მათ დამკვირვებელთან კონტაქტი სცადეს სოციალურ ქსელშიც;
  • კრწანისის ოლქი #17 - საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთი დაბრუნდა ისე, რომ სიაში მითითებულ ერთ-ერთ ამომრჩეველს ხმა მიცემული არ ჰქონდა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა განცხადებით, ამ ამომრჩეველთან განმეორებით გაიტანდნენ ყუთს 17:00 საათიდან. დაბრუნებულ ყუთზე გადაკრული იყო ლუქი. 17:00 საათისთვის გადასატანი ყუთი განმეორებით გაიტანეს უბნიდან და რამდენიმე წუთში დააბრუნეს უკან დალუქულ მდგომარეობაში. ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით დამკვირვებელი საათნახევრის განმავლობაში ცდილობდა დაეწერა წერილობითი შენიშვნა, ძალისხმევისა და კომისიის წევრებისგან უხეში ზეწოლის ფონზე. საბოლოოდ მან დაწერა საჩივარი.

ამომრჩევლის ნების კონტროლი:

  • მთელ რიგ შემთხვევებში, უბნების მიმდებარედ მობილიზებულნი არიან კოორდინატორები, პარტიული აქტივისტები, რომლებიც ცდილობენ შემქნან ზეწოლის გარემო და თვალთვალის განცდა. რაც ამომრჩევლის ნების თავისუფალად გამოვლინებას უშლის ხელს.

ფარულობის პრინციპის დარღვევა:

- ისნის #46 და #49, სამგორის #6 და ბათუმის #93 უბანზე ხმის მიცემის კაბინები იმგვარად არის განლაგებული, რომ შესაძლებელია ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირება. ზუგდიდის 24-ე საუბნო სააჩევნო კომისიის მდივანმა გადასატან საარჩევნო ყუთში შეყვანილი ამომრჩევლების პერსონალური მონაცემები (სია პირადი ნომრებით) გადასცა გარეშე პირს. გლდანის #93 უბანზე შევიდა დაულუქავი გადასატანი ყუთი, რის გამოც საიამ საჩივრით მოითხოვა გადასატანი საარჩევნო ყუთის ბათილობა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს 12 ოლქში (3 დამხმარე ოლქში), 1100-ზე მეტ უბანში აკვირდებოდა.

21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართა და მას ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა, შესაბამისად, ოპოზიციის მონაწილეობა მაჟორიტარულ ოლქებში ფიქტიური იყო, მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატები კი უკონკურენტო ვითარებაში იმყოფებოდნენ. 21 ნოემბერსვე ქუთაისში ჩატარდა მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც.

არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მას შემდეგ გამოუცხადეს, რაც 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გაყალბებულად მიიჩნიეს და არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად ცნეს. ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას, ცესკოს ახალი შემადგენლობის მიერ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG