„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, პასუხობს ვიცე-პრემიერის განცხადებას, თითქოს კორონავირუსის გავრცელების დღევანდელი დინამიკა საპროტესტო აქციებს უკავშირდება.
„რა შუაშია საერთოდ პოლიტიკური ვითარება დღეს იმასთან, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თვეები, როცა ვირუსის გავრცელების პროცენტულობა დაბალი იყო სეზონისა და სხვა ფაქტორების გამო და როცა ჩაკეტეს გაუაზრებლად და დამანგრევლად მთელი ქვეყანა, არ გამოიყენეს მოსამზადებლად - კოვიდსაწოლები არ მოიმარაგეს, არ დაყვეს სამედიცინო დაწესებულებები კოვიდ და არაკოვიდ დაწესებულებებად, ცხელი ხაზი არ მოამზადეს დიდი დატვირთვისთვის... და დღეს ვხედავთ სრულ ქაოსს, რომელსაც ეწირება ადამიანების სიცოცხლე და არის მთელი ქვეყანა ამ უმძიმეს მდგომარეობაში იმის გამო, რაც მთავრობამ არ გააკეთა და იმის გამო, რაც გააკეთეს“, - აცხადებს ბოკერია.
მისივე მტკიცებით, ყველა კრიტიკულ ვითარებაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხელს ოპოზიციისკენ იშვერს.
„ასე იქცეოდნენ პირველ თვეებში და ჩვენი საერთო ფული, ხალხის რესურსი დახარჯეს მომზადების ნაცვლად თვითქებაზე, თვითტკბობაზე და ოპონენტების დემონიზებაზე და ახლაც იმავეს აგრძელებენ“, - აცხადებს გიგა ბოკერია.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოფიციალური შედეგების გასაპროტესტებლად, ოპოზიციური პარტიების ორგანიზებულ ქუჩის აქციებზე ათასობით ადამიანი მივიდა.
გასული კვირის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 3 500-ზე მეტია. ვირუსის გავრცელების დინამიკას საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი საპროტესტო აქციებს უკავშირებს.
დაწერეთ კომენტარი