Accessibility links

site logo site logo

ტიკარაძე: წასვლას არ ვაპირებ, მე არ მიმაჩნია რომ არ გამომდის საქმე


ეკატარინე ტიკარაძე

თანამდებობის დატოვებას არ აპირებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. მან „რუსთავი 2"-თან ინტერვიუში თქვა: „წასვლას არ ვაპირებ, მე არ მიმაჩნია, რომ არ გამომდის საქმე. ვთვლი, რომ ვაკეთებ ყველა საჭირო ქმედებას იმისთვის, რომ ქვეყანაში წარმატებულად წარიმართოს Covid-პანდემიასთან მიმართებაში ყველა ქმედება. მიმაჩნია, რომ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი და ჯანდაცვის სისტემას სჭირდება ის რეფორმები, რომელიც მე მაქვს დაგეგმილი".

როგორც ტიკარაძე ამბობს, ჯანდაცვაში წარმატების ფორმულა სხვადასხვა ფაქტორით და კომპლექსურად იზომება. „რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ტრაგიკული, როდესაც ჩვენ ვაკვირდებით ქვეყანაში ლეტალობის მაჩვენებელს, მაგრამ ჯანდაცვის ორგანიზაციები ლეტალობას ზომავენ პროცენტებში და საქართველოს მაჩვენებელი, დღესდღეობით, არის 0.90-მდე, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია ლეტალობის კუთხით. ეს ვერ გახდება გაზომვის საგანი, თუ რამდენად წარმატებით ვუმკლავდებით ჩვენ Covid-პანდემიას.

რაც შეეხება სხვა ქმედებებს, საწოლფონდის მობილიზაცია, ექიმების გადამზადება, ყველა აღჭურვილობის მობილიზაცია და ყველა ის ღონისძიებები, რომელიც ინფექციის გავრცელებას შეუშლის ხელს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ განხორციელდეს და ამ მიმართულებით ყველაფერი წინ არის," - ამბობს ტიკარაძე.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 39 პაციენტი. დადასტურდა კორონავირუსის 3128 შემთხვევა. 3045-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG