Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Covid - 19 აღმოაჩნდა სამოქალაქო კლინიკიდან დაბრუნებულ ხუთ მსჯავრდებულს


სამოქალაქო კლინიკაში სტაციონარული მომსახურების (ოპერაცია, კონსერვატიული მკურნალობა და ა.შ.) მიღების მიზნით გადაყვანილ მსჯავრდებულებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში დაბრუნების შემდეგ აღმოაჩნდათ Covid - 19.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის​ ინფორმაციით, პენიტენციურ სისტემაში მოქმედი სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, სტაციონარული წესით კლინიკაში გადაყვანის და შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიღების შემდეგ პატიმრები გადიან PCR-ტესტირებას და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში თავსდებიან N10 დაწესებულების ბაზაზე არსებულ საკარანტინო სივრცეში, სადაც ატარებენ 12-დღიან საკარანტინო პერიოდს. ამ დროის გასვლის შემდეგ კვლავ მოწმდებიან PCR-ტესტით და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში უბრუნდებიან სასჯელის მოხდის ადგილს, რათა არ მოხდეს პენიტენციურ დაწესებულებაში ვირუსის შეტანა.

„ზემოთხსენებულმა პირებმაც კლინიკაში რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ, მოცემული წესის შესაბამისად, გაიარეს PCR ტესტირება 4-5 დღის ბოლოს (ტესტების პასუხი იყო უარყოფითი), რის შემდეგაც მოთავსდნენ პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში. თუმცა, საკარანტინო სივრცეში 12-დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ გაიარეს PCR ტესტირება, რომლის პასუხებიც დადებითი აღმოჩნდა. ინფიცირებული პირები კვლავ იქნენ გადაყვანილნი სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკაში ისე, რომ სასჯელის მოხდის ადგილას დაბრუნებულნი არ ყოფილან. ინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურია (ისინი არიან უსიმპტომო პაციენტები). სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მათზე კონტროლი განხორციელდება ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით, რათა არ იყოს ამ პატიმრებთან ესკორტის ოფიცრების ყოფნის საჭიროება", - აცხადებს პენიტენციური სამსახური.

რაც შეეხება ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ დაწესებულების თანამშრომლებს, ოფიციალური ინფორმაციით, ისინი ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ფარი, ხელთათმანები და ა.შ.) აღჭურვილები არიან. ამასთან, ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ და დაწესებულებაში შესვლამდე PCR-ტესტირებას გადიან, ხოლო 23 ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი სამედიცინო პროტოკოლის თანახმად, დამატებით კვირაში ერთხელ გადიან PCR-ტესტირებას, ყოველ 72 საათში ერთხელ კი სწრაფი ტესტით მოწმდებიან. საკნებს, სადაც ინფიცირებული პირები იმყოფებოდნენ, არაგეგმური დეზინფექცია ჩაუტარდა (გეგმურად დეზინფექცია დაწესებულებებში პერიოდულად ტარდება).

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 34 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1085-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3071 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG