Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო პროვოკაციად აფასებს საფრანგეთის სენატის რეზოლუციას ყარაბაღის დამოუკიდებლობის შესახებ


აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროვოკაციად შეაფასა საფრანგეთის სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია "მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობის შესახებ".

ბაქოში განაცხადეს, რომ ამ მიკერძოებული რეზოლუციის ინიციატორები არიან პროსომხურად განწყობილი სენატორები და როგორც ჩანს, საფრანგეთის სომხური დიასპორა საარჩევნო მიზნებისთვის ფართოდ იყენებს კონფლიქტის თემას.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საფრანგეთის სენატში მიღებულ დოკუმენტს იურიდიული ძალა არ გააჩნია, თუმცა, რეზოლუციის პოლიტიკური მნიშვნელობა ეჭვქვეშ აყენებს საფრანგეთის, როგორც შუამავლის მანდატის მქონე ქვეყნის ნეიტრალიტეტს და აზერბაიჯანის საზოგადოებაში არყევს საფრანგეთის, როგორც სამართლიანი შუამავლის რეპუტაციას.

ამასთან, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიმართ საფრანგეთის ოფიციალური პოზიცია გამოთქმულია ქვეყნის პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ და საფრანგეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას.

25 ნოემბერს, საფრანგეთის სენატმა 305 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელშიც დაგმობილია "თურქეთის მხარდაჭერით აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესია". სენატი საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, აღიაროს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. რეზოლუციას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და საფრანგეთის მთავრობა ვალდებული არ არის სენატის ეს გადაწყვეტილება აღასრულოს.

10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის და იქ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების შეთანხმებას. ამ დოკუმენტის თანახმად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა 90-იან წლებში დაკარგული რაიონების ნაწილი.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობდა. დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დაიკავეს არაერთი რაიონი.

აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლიდან კონფლიქტი ფაქტობრივად გაყინული იყო, თუმცა, გარკვეული პერიოდულობით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ირღვეოდა.

კონფლიქტის მოსაგვარებლად წლებია არსებობს ეუთოს ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები არიან რუსეთი, საფრანგეთი და აშშ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG