Accessibility links

logo-print logo-print

უცხოპლანეტელების ნახელავს არ ჰგავს - „უდაბნოს მონოლითს“ ინტერნეტ-მომხმარებლებმაც მიაკვლიეს


აშშ-ში, იუტის უდაბნოში აღმოჩენილმა სვეტმა ერთი დღით მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. დაცული ტერიტორიების თანამშრომლებმა, რომლებიც იქ მცხოვრებ რქასქელ ცხვრებს ვერტმფრენიდან აკვირდებოდნენ, კანიონში უცნაური ლითონის სტრუქტურა დაინახეს და ფოტოები გადაუღეს. ერთი კვირის შემდეგ ეს ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა და სოციალურ ქსლებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

3-4 მეტრის ლითონის ვერცხლისფერი სვეტი შორიდან სტენლი კუბრიკის ფილმში, „2001: კოსმოსურ ოდისეაში“ ასახულ მონოლითს წააგავს. ოფიციალურმა სტრუქტურებმა არ იციან, თუ როგორ მოხვდა ის უდაბნოში - დაცულ ტერიტორიაზე ინსტალაციის გაკეთებას სპეციალური ნებართვა სჭირდება. თავიდანვე გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს რომელიმე ხელოვანის ნამოქმედარი იყო, თუმცა, ცხადია, ინტერნეტ-მომხმარებლები არც დემონების ან უცხოპლანეტელების კვალს გამორიცხავდნენ.

ვითარებას ხიბლს მატებდა ისიც, რომ იუტის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი აღმოჩენის ადგილს არ ასახელებდა - ცნობისმოყვარეების ნაკადის თავიდან ასაცილებლად. მხოლოდ იმას ამბობდნენ - მიუვალ ადგილასაა და დამოუკიდებლად მის საძებნელად ნუ წახვალთ, შეიძლება სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდეთო.

თუმცა, ინტერნეტის მოხერხებულ მომხმარებლებს სვეტის ადგილმდებარეობის დასადგენად სულ რამდენიმე საათი დასჭირდათ - ფოტოების მიხედვით დაახლოებით მიხვდნენ, თუ სად უნდა ეძებნათ და შემდეგ Google Earth-ის დახმარებით ზუსტ კოორდინატებსაც მიაკვლიეს. როგორც ჩანს, სვეტი იქ 4 წლის წინათ დადგეს - მანამდე მისი კვალი სატელიტურ ფოტოებზე არ იძებნება.

კიდევ რამდენიმე საათის შემდეგ კი „ინსტაგრამის“ და „რედიტის“ მომხმარებლებმა უკვე სვეტთან გადაღებული ფოტოებიც გააზიარეს.

მათი ცნობით, სვეტი არც თუ ისე მიუვალ ადგილზეა განთავსებული - გზიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, სადაც ფეხითაც იოლად შეიძლება მისვლა და მოტოციკლითაც. ასევე, როგორც ადგილზე გადაღებული ვიდეოდანაც ჩანს, ეს „მონოლითი“ მაინცდამაინც მონოლითური არ არის და, ადგილზე მყოფების შეფასებით, არც განსაკუთრებულად პროფესიონალურადაა შეკრული.

ადგილზე გადაღებულმა ფოტოებმა და ვიდეოებმა სვეტს საიდუმლოების აურა მოაშორა, თუმცა კვლავ რჩება შეკითხვა, თუ ვინ განათავსა ის კანიონში.

თავდაპირველად წერდნენ, რომ სვეტი წააგავდა ჯონ მაკკრეკენის სკულპტურებს - მისმა გალერისტმა „ნიუ იორკ ტაიმსს“ უთხრა, დარწმუნებული ვარ, ეს ჯონის ნახელავიაო. თუმცა, მაკკრეკენი 2011 წელს გარდაიცვალა, სვეტი კი, როგორც ჩანს, 2016 წელს გაჩნდა.

ავტორობის შემდეგ სავარაუდო კანდიდატად პეტესია ლე ფონჰოკს ასახელებდნენ - ხელოვანს, რომელიც მოშორებულ ადგილებში ათავსებს ხოლმე მინიმალისტურ სკულპტურებს. მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი ქვიშაზე დადგმული სარკეა.

თუმცა, მან განაცხადა: მართალია, უდაბნოში საიდუმლო მონუმენტის აღმართვაზე ნამდვილად მიფიქრია, მაგრამ ეს ჩემი ნახელავი არ არისო.

ხელოვანმა დასძინა, იქნებ, არც ღირდეს ავტორის დადგენა. როგორც ჩანს, ცოტაოდენი საიდუმლო ყველა ჩვენგანს სჭირდებაო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG