Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურას არ აინტერესებს ივანიშვილის, ზურაბიშვილისა და ღარიბაშვილის გამოკითხვა


ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დღეს, 26 ნოემბერს, დაიკითხა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე, ძირითადად წარსულში გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო.

მის დასაკითხად სასამართლოში მისულმა პროკურორმა უარყო ბრალდებულების ადვოკატების მოსაზრება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ბრალდების მხარე 2 თვით წინასასამართლო სხდომის გადადებას მტკიცებულებების არქონის გამო ითხოვს. პროკურორი ამბობს, რომ ადვოკატები პოლიტიკურ ელფერს სძენენ ამ საქმეს. წინასწარ პატიმრობაში მყოფი ივერი მელაშვილის ადვოკატები იმ ადამიანების ხელმოწერებს აგროვებენ, ვისაც სურს თავდებში ჩაუდგეს ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას - ამის სურვილი უკვე ასზე მეტმა ადამიანმა გამოხატა. ხელმოწერებს ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე მსჯელობისას წარუდგენენ სასამართლოს და მოითხოვენ, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლენენ დაკავებულები. პარალელურად, იგეგმება აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სადაც აქტივისტები მხარდაჭერას გამოუცხადებენ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას და გააპროტესტებენ იმას, რომ სამინისტრო ბრალდებულების ადვოკატებს მნიშვნელოვან დოკუმენტაციას არ აწვდის.

საქმის მთავარი და არამთავარი მოწმეები

დაკავებული ივერი მელაშვილის დაცვის მხარე ითხოვს, პროკურატურამ გამოკითხოს მოქმედი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი, წარსულში საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების” ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი. ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა მათ წერილებიც გაუგზავნა და სთხოვა გამოკითხვაზე თანხმობა, მათთვის სასურველ ნებისმიერ დროსა და ადგილას - გამოკითხვა ნებაყოფლობითია და წერილების ადრესატებს აქვთ უფლება, უარი თქვან, თუმცა, ამ შემთხვევაში, ბრალდებულის ადვოკატს ექნება უფლება, მოითხოვოს მათგან ჩვენების მიღება უკვე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით სასამართლოში.

ირაკლი ღარიბაშვილი, საქმის მასალების მიხედვით, პირადად და აქტიურად იყო ჩართული შეხვედრებში, სადაც საზღვრის საკითხი განიხილებოდა. მინისტრი უსმენდა სასულიერო პირებს, აძლევდა დავალებებს საჯარო მოხელეებს და, როგორც არქიმანდრიტი კირიონი ამბობს თავის ჩვენებაში, სწორედ მისი დამსახურებაა ამ საქმის ამგვარი გაგრძელება, ვინაიდან ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე მყოფმა ახლანდელმა თავდაცვის მინისტრმა ეს საქმე თავისიღირსების საქმედ” გაიხადა.

ბიძინა ივანიშვილის ამ ისტორიაში მონაწილეობაზე ისაუბრა ქართველმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა. მან ჩვენებაში თქვა, რომ კარტოგრაფიული მასალის მოძიება სწორედ „ქართული ოცნების“ ლიდერმა დაავალა.

სალომე ზურაბიშვილი კი, როგორც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და მოქმედი პრეზიდენტი, ორივე პოზიციაზე ყოფნისას სხვადასხვა ფორმით იყო დაკავშირებული დავით გარეჯის საკითხზე მოლაპაკებებთან - მან საჯაროდ დააფიქსირა 12 ოქტომბერს თავისი პოზიცია, რომ მზადაა პროკურორს მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია გადასცეს.

საქმის მასალების და მათი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ამ სამი ადამიანის დაკითხვა, როგორც მნიშვნელოვანი მოწმეების, უფრო მოსალოდნელი შეიძლება ყოფილიყო, ვიდრე, მაგალითად, ნინო კალანდაძის, რომელიც პროკურატურის ინიციატივით გამოიკითხა. მიუხედავად იმისა, რომ ნინო კალანდაძეს საქმის ერთ-ერთი მოწმე, არქიმანდრიტი კირიონი ჯერ კიდევ 29 სექტემბერს მიცემულ ჩვენებაში ახსენებს, პროკურატურა ყოფილი ხელისუფლების წევრს მხოლოდ 25 ნოემბერს დაუკავშირდა ჩვენების მიცემის მოთხოვნით. საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე შესვლამდე ნინო კალანდაძემ თქვა, რომ ეს პროცესი არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკურია.

„ეს მართლაც სამართლებრივი პროცესი რომ იყოს, სასამართლო უნდა იყოს სასამართლო და მართლმსაჯულების ორგანო, პროკურატურა სამართლის დამდგენი ორგანო და არა პოლიტიკური ორგანო. ეს რომ სისხლის სამართლის საქმე იყოს, ამ საქმეს ეყოლებოდა დამნაშავეები, ექნებოდა საფუძველი და ექნებოდა შედეგი, რომელიც მართლაც დადგებოდა ვინმეს საზიანოდ. ეს არის შეთითხნილი პოლიტიკური პროცესი, რომელიც შეითითხნა წინასაარჩევნოდ, ამოიქექა განცხადებები და არის ე.წ. სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ვინმე ბერი კირიონის განცხადებებს ეფუძნება, ეს განცხადებები შეიცავს მითითებებს საჯარო განცხადებებზე, რომელიც მრავალი წლის წინ გაკეთდა და აქამდეც ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო.

კომისიასთან არასდროს არანაირი შეხება არ მქონია და მე არ მგონია, ამის გამო ვინმემ თავი უნდა იმართლოს. ამ კომისიის საქმიანობას არანაირი კავშირი არ აქვს სისხლის სამართლის საქმესთან. სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს საქმეზე, რომელიც 2006 წლისაა, იმ დროს მე საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთოდ არ ვიმყოფებოდი. ჩემი ე.წ. ყბადაღებული განცხადება, რომელიც არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი და აფრიალებს მხოლოდ ივანიშვილის სამასხარაო პიარჯგუფი, დავით გარეჯს არ ეხება და რომც ეხებოდეს, საერთოდ არ ეხება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, იმიტომ რომ იქ დავით გარეჯი საერთოდ ნახსენები არ არის, რაზეც ორი ადამიანი ახლა დაკავებულია, ჩემს განცხადებას არანაირი კავშირი არ აქვს”, - თქვა ნინო კალანდაძემ სასამართლოს ეზოში გამოკითხვაზე შესვლამდე მედიასთან და იქვე აღნიშნა, რომ შედეგი მის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებსა და, მაგალითად, მოქმედი პრეზიდენტის საჯარო განცხადებებს შორის რადიკალურად განსხვავებულია.

ნინო კალანდაძე
ნინო კალანდაძე

„ჩემი განცხადების შემდეგ მესაზღვრეები 2 კვირაში დაუბრუნდნენ დისლოკაციის ადგილს და აღდგა მიმოსვლა. სალომე ზურაბიშვილის მიზანმიმართული განცხადების შემდეგ, დღეს ფაქტობრივი მდგომარეობა არის საქართველოს სახელმწიფოს საზიანოდ შეცვლილი. დღეს იქ მიმოსვლა აღარ აღდგენილა, იქ მიმდინარეობს აზერბაიჯანის მხრიდან ინფრასტრუქტურული მშენებლობები და საქართველოს დღეს აქვს გაცილებით უარესი პოზიციები. წინა ხელისუფლების დროს მიმოსვლა იყო შეუზღუდავი, დღეს იმას, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან გვაქვს ის მდგომარეობა, რაც გვაქვს, ჰყავს ავტორი და შემსრულებელი. ავტორი არის ბიძინა ივანიშვილი, შემსრულებელი სალომე ზურაბიშვილი - მისივე დასმული”, - ეს იყო ნინო კალანდაძის განცხადება საქალაქო სასამართლოსთან.

ნინო კალანდაძის გამოკითხვაზე დაბარების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველზე საუბრისას, პროკურორმა მიხეილ სადრაძემ მოწმეთა ჩვენებები და მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს გაკეთებული განცხადებები ახსენა.

„მაღალი თანამდებობა ეკავა მას, ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამ პოსტზე მუშაობისას აქვს საჯარო განცხადება გაკეთებული, რომლის მიხედვითაც საქართველოსთვის ისტორიულად მნიშვნელოვანი ტერიტორია, დავით გარეჯი, არ ექცეოდა მისი განცხადების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა საქმის გარემოებებთან დაკავშირებით და სწორედ ამ გარემოებასთან მიმართებაში, ასევე სხვა საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებით მოხდება მისი დაკითხვა”, - თქვა მიხეილ სადრაძემ ნინო კალანდაძის გამოკითხვამდე.

მიხეილ სადრაძე
მიხეილ სადრაძე

ის, რაც პროკურორმა ნინო კალანდაძის გამოკითხვამდე თქვა, ჰგავს არქიმანდრიტ კირიონის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც ის ქვეყნის დამაზიანებელი პოზიციის მქონე პირებზე საუბრობს:

„ივერი მელაშვილის გარდა, ასევე ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელ პოზიციას გამოხატავდა იმჟამინდელი მთავრობის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე. მან 2012 წლის მაისის მოვლენების დროს, ოფიციალურ კონფერენციაზე განაცხადა, რომ უდაბნოს მონასტერი საბჭოთა კავშირის დროიდან საქართველოს არ ეკუთვნოდა და წარმოადგენდა აზერბაიჯანის ტერიტორიულ კუთვნილებას.

ეს ყოველივე, ჩემი აზრით, წარმოადგენდა სახელმწიფოებრივ დანაშაულს, ვინაიდან:

ამ პრესკონფერენციიდან 2 საათის შემდეგ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა შემდგომი რამ: როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ეს მონასტრები საბჭოთა კავშირის დროიდან წარმოადგენს აზერბაიჯანის ტერიტორიულ კუთვნილებას... ანუ, აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანის მხარე დაეყრდნო ჩვენი სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას და უკვე ის, ლამის იურიდიულ რანგში გვიღიარა”, - ესაა ნაწყვეტი არქიმანდრიტ კირიონის ჩვენებიდან.

არქიმანდრიტი ჩვენებაში და პროკურორი გამოკითხვის წინ საუბრობდნენ 2012 წლის მაისში პრესკონფერენციაზე კითხვის პასუხად ნათქვამ ფრაზაზე, სადაც ის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის რანგში ამბობს, რომ „გარეჯის მონასტრის სადავო ნაწილი საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული არ იმყოფება საქართველოს საზღვრებში და არის აზერბაიჯანულ ტერიტორიაზე. ის ნაწილი, რომელიც ამ წუთას პრობლემის წყარო გახდა”, - თქვა იმ დღეს ნინო კალანდაძემ. განცხადების ფონი იყო დავით გარეჯში უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების განთავსება, რომლებიც, სასულიერო პირების თქმით, მომლოცველებს ტაძრის ტერიტორიაზე არ უშვებდნენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გამოკითხვის შემდეგ უკმაყოფილო იყო ორივე მხარე.

„ნინო კალანდაძემ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციიდან გააკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება ავტომატურად იყო იმ პერიოდისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია და ეს პოზიცია იყო მისი განცხადების შესაბამისად, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორია არ იყო და იყო საქართველოს საზღვრებს გარეთ. ეს განცხადება საჯარო სივრცეშია და ნებისმიერს შეუძლია, ნახოს. თუმცა, ამაზე მას არანაირი პასუხი არ გაუცია, ასევე სხვა შემხვედრ საკითხებთან დაკავშირებით, მისი პასუხი იყო, რომ არ იცოდა, არ ახსოვდა და ეს საკითხები მასთან არ განიხილებოდა“, - თქვა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ნინო კალანდაძის გამოკითხვის შემდეგ, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ყველა რელევანტური კითხვა დაუსვეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. ნინო კალანდაძემ კი თქვა, რომ უჭირს პასუხის გაცემა კითხვაზე, კონკრეტულად რა აინტერესებდა მისგან გამოძიებას.

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ აინტერესებდათ, რამდენად კარგად ვიცი საქართველოს ისტორია და რამდენად კარგად ვიცი, სად იმყოფება დავით გარეჯის კომპლექსი და რა შეთანხმებები არსებობს საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული. საყურადღებოა ის, რომ მიმდინარე საქმე ეხება საქართველო-აზერბაიჯანს შორის შეთანხმებულ საზღვრებს, დავით გარეჯის საკითხი შედის საქართველო-აზერბაიჯანის შეუთანხმებელი საზღვრების ნაწილში, ამ ორი საკითხის ურთიერთდაკავშირება შეუძლებელია, მიუხედავად ბრალდების მხარის მრავალჯერადი მცდელობისა”, - ასე აღწერა თავისი გამოკითხვის პროცესი ნინო კალანდაძემ.

საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ, კითხვაზე, იგეგმება თუ არა ამ საქმეზე ხელისუფლების მოქმედი წარმომადგენლების დაკითხვა, უპასუხა, რომ პროკურატურა ამ ეტაპზე გამოკითხვის საჭიროებას ვერ ხედავს.

მოქალაქეები ბრალდებულებს თავდებად უდგებიან

განახლებული გამოკითხვების კვალდაკვალ, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობის დაყენებისთვის მოქალაქეები მათ თავდებად უდგებიან. ივერი მელაშვილის ადვოკატების ოფისში თავისი ნება, თავდებად დაუდგნენ დაკავებულ კარტოგრაფს, ერთ დღეში 100-ზე მეტმა ადამიანმა ხელმოწერით დააფიქსირა. როგორც ედუარდ მარიკაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ეს ადამიანები თავდებად დადგომით პასუხისმგებლობას იღებენ, რომ ბრალდებული სათანადოდ მოიქცევა და ითანამშრომლებს გამოძიებასთან.

„ეს არის მცდელობა, დავანახოთ სასამართლოს საზოგადოების განწყობა ამ ორი ადამიანის მიმართ. გვინდა, ამ გზით იმ დამოკიდებულების დოკუმენტირება მოვახდინოთ, რაც აქვთ საზოგადოების წარმომადგენლებს ამ ორი ადამიანის მიმართ და ამას სამართლებრივი ფორმა მივცეთ”, - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.

იმ ადამიანებს შორის, ვინც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას თავდებად უდგება, არიან მწერლები, პოლიტიკოსები, აქტივისტები.

გარდა ხელმოწერების შეგროვებისა, რომლითაც მოქალაქეები დაკავებულების მხარდაჭერას აფიქსირებენ, 27 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაგეგმილია კარტოგრაფების მხარდამჭერი აქცია. აქციის საჭიროება მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც ცხადი გახდა, რომ უწყება, სადაც ივერი მელაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა, მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომას უზღუდავს დაკავებულების დაცვის მხარეს - მათ შორის, დოკუმენტებს კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან მიმოწერის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა რუკების საკითხი და კომისიის საქმიანობა 2016 წელს შეისწავლა. ასევე იურიდიული ფირმა „შერმან ენდ სტერლინგის“ (Shearman & Sterling) დასკვნებს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას 14 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, უცხოეთში მოძიებული მასალები შესასწავლად მათ საერთაშორისო ექსპერტებს გააცნეს.

უწყებას აინტერესებდა, დაედგინა, რამდენად ღირებული იყო ეს დოკუმენტები აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის პროცესში გამოსაყენებლად. ლაშა დარსალიას თქმით, ექსპერტების შუალედურ დასკვნაში წერია, რომ „ეს მასალები საქართველოს პოზიციებს აძლიერებს და 1:200 00-იანი მასშტაბის რუკა ნაწილია 1938 წლის შეთანხმებისა, რომლითაც საბჭოთა საქართველომ და საბჭოთა აზერბაიჯანმა საზღვრები დაადგინეს”.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG