Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა დარსალია არ პასუხობს კითხვას, რაშია დამნაშავე ივერი მელაშვილი


"ბატონ ივერისთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ჩვენთვის არის ძალიან მძიმე, ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ სიმართლე იქნას ბოლომდე გარკვეული, ამასთან დაკავშირებით ბატონმა დავით ზალკალიანმაც ისაუბრა, ადამიანურადაც და იურიდიულადაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ინსტიტუტისთვის, ასევე პიროვნებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა", - ასე უპასუხა ლაშა დარსალიამ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და საზღვრის დამდგენი კომისიის მოქმედმა თავმჯდომარემ, რადიო თავისუფლების კითხვას სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რაში მდგომარეობს სამინისტროს თანამშრომლის, ივერი მელაშვილის დანაშაული იმ შემთხვევაში, თუკი ის იმ დოკუმენტებით მუშაობდა, რომელზეც შეთანხმება არსებობდა როგორც ორ ქვეყანას შორის, ასევე შიგნით კომისიაში.

ლაშა დარსალიამ უპასუხოდ დატოვა კითხვა, წინასწარ პატიმრობაში მყოფ ივერი მელაშვილს შეეძლო თუ არა, საზღვრების დადგენის საქმეში დანაშაული ქვეყნის საწინააღმდეგოდ სადავო მიწების შესახებ დამოუკიდებლად ჩაედინა თუკი ის იმ წესებით მოქმედებდა, რაც კომისიას ჰქონდა დადგენილი და შეთანხმებული იყო მის უშუალო ხელმძღვანელთან.

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილთან დაკავშირებით კომენტარი 8 ოქტომბერს გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმაც, რომელმაც თქვა, რომ "ვინ, თუ არა ის, სწუხს მომხდარზე, როგორც უწყების ხელმძღვანელი".

"განსაკუთრებით ემოციურია ჩემთვის. იცით, რომ 28 წელია ამ სისტემის ნაწილი ვარ. ყველა ადამიანს, ვინც ამ სისტემაში მუშაობს, ძალიან კარგად ვიცნობ და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, სანამ სასამართლო პროცესი არ დასრულდება, მათი უფლებები იყოს დაცული", - თქვა დავით ზალკალიანმა ივერი მელაშვილზე საუბრისას.

29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა, 8 ოქტომბერს კი სასამართლომ ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისას იმ რუკებს იყენებდნენ, რომელზეც საქართველოს საზღვრები აზერბაიჯანთან არასწორად არის დატანილი, მათ შორის, დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG