Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზეიმი შობაღამით - მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის?


მთავრობის მიერ შემდეგი ორ თვის განმავლობაში დაწესებულ გადაადგილების შეზღუდვებს შორის გამონაკლისი 2 დღეა - ახალი წლის, 31 დეკემბრის ღამე და შობის - 6 იანვრის ღამე. ამ ორ დღეს მოქალაქეებს 21:00 საათიდან 05:00 საათამდეც შეეძლებათ ფეხით და ტრანსპორტით სიარული, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

მხოლოდ მართლმადედებელი ეკლესიის მრევლისთვის დაწესებულმა გამონაკლისმა სხვა ეკლესიების და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები გაანაწყენა.

„ბატონო გიორგი, ისე ნუ გააკეთებთ, რომ კორონავირუსმა შობა მოგვპაროსო“ - წერდნენ ფეისბუკში კათოლიკური ეკლესიის ახალგაზრდა მრევლის წევრები.

ჯუზეპე პაზოტომ, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას შენიშნა, რომ ისიც გაოცებული დარჩა გუშინ გაგებული გადაწყვეტილებით. ეს მისთვისაც მოულოდნელი იყო:

„მე მგონია, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას ყველა მოქალაქის ინტერესი უნდა იყოს გათვალისწინებული და არა მხოლოდ ნაწილის. ამიტომ არის საჭირო ერთად დასხდომა და მოლაპარაკება. ერთი შეხვედრა მაინც რომ გამართულიყო, სადაც ყველა რელიგიის წარმომადგენელი ვიქნებოთ, ეს გულისტკენა არ იარსებებდა. ჩვენც ისე გვიყვარს საქართველო, როგორც ბატონ გიორგის (გახარიას) და ყველაფერს გავითვალისწინებდით“.

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო ამბობს, რომ თავისთავად, შობის დღესასწაულის აღნიშვნა ეკლესიის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, ამიტომ ასეთი გადაწყვეტილებები ჩუმად არ უნდა მიიღებოდეს.

„ვფიქრობ, ჩვენ შეგვეძლო ამ დღესასწაულის ყველა წესის დაცვით აღნიშვნა. ეს პრობლემა არის არა მხოლოდ კათოლიკებისთვის, არამედ აქ მცხოვრები პროტესტანტებისაც, ვინც ასევე 25 დეკემბერს აღნიშნავენ შობას. სომხური ეკლესია, მაგალითად, შობას, 5 იანვარს აღნიშნავს... მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ იქნებ ჩვენც აღვნიშნოთ მოკრძალებულად და ყველა წესის დაცვით ეს დღესასწაული“, - უთხრა ჯუზეპე პაზოტომ რადიო თავისუფლებას.

სამი კვირის წინ დაკეტა ეკლესია ევანგელურ-პაბტისტურმა ეკლესიამ, მრევლს სახლში დარჩენა სთხოვა და ონლაინ მსახურებაზე გადავიდა - ეს მოხდა მას შემდეგ, რაც, ყოველდღე კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 1000-სს გასცდა.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე (რომლის ეკლესიაც ასევე 25 დეკემბერს აღნიშნავს შობას) გვეუბნება, რომ გიორგი გახარიას რომც გამოეცხადებინა შეზღუდვების მოხსნა ამ დღეს, ისინი მაინც არ გახსნიდნენ ეკლესიას მრევლის უსაფრთხოების გამო, რადგან „პანდემია არ სცნობს შობას, აღდგომას თუ ახალ წელს“.

თუმცა ის, რომ შეზღუდვების მოხსნა, ერთი დღით, მაგრამ მაინც, შეეხო მხოლოდ ერთ ეკლესიას და არც ერთ სხვა რელიგიურ კონფესიას, რუსუდან გოცირიძის აზრით, მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლებას ეშინია უმრავლესობის განაწყენების და ის მყარად არ დგას იქ, სადაც უნდა იდგეს.

„რა უნდა ვთქვათ, როცა პრემიერის გამცხადებაში რიტორიკის, პოლიტკორექტულობის დონეზეც არ არის გათვალისწინებული მრავალფეროვნება? სამწუხაროდ, ამ სახელმწიფომ ვერ გაიგო, რომ მხოლოდ მართლმადიდებლების სახელით არ უნდა იალაპარაკოს“.

ევანგელურ-პაბტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის გულისტკივილის მიზეზი არის არა იმდენად ის, რომ სხვა კონფესიებს არ უხსნიან შობა ღამით შეზღუდვებს, არამედ ის, რომ ბოლო რვა თვეა, სახალხო დამცველის აპარატთან არსებული რელიგიათა საბჭო უშედეგოდ ცდილობს პრემიერის აპარატთან დაკავშირებას:

„მთელი ეს ხანია, ჩვენ გვინდა თანამშრომლობის შეთავაზება. ჩვენ, როგორც რელიგიური თემების წარმომადგენლები, ხალხში სანდოობით ვსარგებლობთ და შეგვიძლია, სულ ცოტა, ინფორმაცია მივაწოდოთ მათ ან ვირუსის საფრთხეზე, მართვაზე. ერთი დღე ვერ მოიცალა პრემიერის აპარატის ვერც ერთმა წარმომადგენელნა, რომ ზუმში ერთი საათით შეგვხვედროდა. ეს უფრო საწყენია“, - ამბობს რუსუდან გოცირიძე.

TDI: „დისკრიმინაციული და უთანასწორო მოპყრობა“

მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლითაც მართლმადიდებლებს შეუძლიათ აღნიშნონ ღამით შობის დადგომის დღესასწაული, ხოლო სხვა კონფესიებს, იგივე უფლება არ ეძლევათ (25 დეკემბერს), ასევე ის, რომ არც სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლების დღესასწაულებზე იხსნება შეზღუდვები, დისკრიმინაციული და უთანასწორო მოპყრობის მაჩვენებელად მიიჩნევს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).

გაზაფხულზე, საგანგებო მდგომარეობისას დადგენილ რეგულაციებსა და საპატრიარქოს მიერ მათ შესრულებაზე კომენტარისას, მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საქართველო არის მართლმადიდებლური სახელმწიფო. მაშინ სახელმწიფოს კონფესიური ხასიათის აღიარებით, პრემიერმა უხეშად უგულებელყო საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნა და აღიარა ერთი აღმსარებლობის პრივილეგია და რელიგიური ინსტანციის უპირატესობა სახელმწიფო ინსიტუტებზე. დღესაც ვხედავთ გულგრულ და უთანასწორო დამოკიდებულებას სხვა რელიგიური ჯგუფებისა და განსხვავებული აღმსარებლობის მოქალაქეების მიმართ. აუცილებელია სახელმწიფომ დაიცვას რელიგიისა და რწმენის თავისუფლება – აღნიშნული ნორმები არ უნდა აყენებდეს მათ უთანასწორო მდგომარეობაში, - უთხრა რადიო თავისუფლებას TDI-ს წარმომადგენელმა ეკა ჭითანავამ.

მისივე შეფასებით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, როგორც "სრულიად უფუნქციო სააგენტოს როლი", რომელსაც პანდემიის დროს, არანაირი კონსულტაციები არ გაუწევია არც რელიგიური გაერთიანებებისთვის და არც მთავრობისთვის, რომ მათ ერთმანეთთან ადეკვატური კომუნიკაცია ჰქონოდათ.

27 ნოემბერს მთავრობის გადაწყვეტილებას სახალხო დამცველიც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციები, შესაძლოა, დისკრიმინაციული იყოს არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების მიმართ.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG