Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წერტილოვანი შეზღუდვის პარალელურად კახეთში სავაჭრო ობიექტები მუშაობს


კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების პარალელურად, კახეთის პატარა ქალაქებში, მათ შორის ლაგოდეხში, გურჯაანში, ახმეტასა და წნორში, სავაჭრო ობიექტებმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლეს. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, დილიდან გახსნილია მაღაზიები, სადაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იყიდება, ასევე ღიაა ტექნიკის მაღაზიები.

სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ მათი ინფორმაციით, დაწესებული აკრძალვები მხოლოდ დიდ ქალაქებზე ვრცელდება და მათთვის არავის უთქვამს, რომ დღეიდან მუშაობა უნდა შეაჩერონ.

გურჯაანის მერიაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ სავაჭრო ობიექტების მფლობელები გუშინ გააფრთხილეს, რომ მათ მუშაობა უნდა შეეჩერებინათ.

28 ნოემბრიდან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის დიდ ქალაქებში აკრძალულია სავაჭრო ობიექტების მუშაობა გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა. კახეთის ქალაქებიდან ეს შეზღუდვა მხოლოდ თელავს შეეხო.

რეგიონებში დაწესებული შეზღუდვების შესახებ დაწვრილებით წაიკითხეთ მასალა: შეზღუდვები, რომლებიც პატარა ქალაქებში მოქმედებს.

შესწორება: სტატიის თავდაპირველი ვერსიის სათაურსა და ტექსტში შეცდომით იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 28 ნოემბერს საკოორდინაციო საბჭოს მიერ, სავაჭრო ობიექტებისთვის დაწესებული შეზღუდვები კახეთის პატარა ქალაქებზეც უნდა ვრცელდებოდეს, რაც გასწორდა. შესწორებულია მასალის სათაურიც. სათაურის თავდაპირველი ვერსია იყო: აკრძალვის მიუხედავად კახეთში სავაჭრო ობიექტები მაინც მუშაობს. შესწორების თარიღია 15 დეკემბერი, 2020.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG