Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტმა ისრაელი დაადანაშულა ბირთვული სფეროს მკვლევრის მკვლელობაში


ჰასან როჰანი
ჰასან როჰანი

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ ისრაელი დაადანაშაულა ირანის მაღალი რანგის ბირთვული მკვლევრის, მოჰსენ ფახრიზადეს, მკვლელობაში. „მორიგ ჯერზე ირანის შვილის სისხლით შეიღება გლობალური ქედმაღლობის და სიონისტური რეჟიმის დაქირავებულების მტრული ხელები“, - განაცხადა ჰასან როჰანიმ და დასძინა, რომ ირანი შურს იძიებს მომხდარი ტერორისტული თავდასხმისთვისო.

ირანის ნახევრად სახელმწიფო სააგენტო "ფარსი" იტყობინება, რომ თავდასხმა მოხდა აბსარდში, თეირანის აღმოსავლეთში მდებარე პატარა ქალაქში. ამავე ცნობით, თვითმხილველებმა გაიგონეს აფეთქების, შემდეგ კი ავტომატური იარაღის სროლის ხმა. ფარსის თანახმად, თავდასხმის სამიზნე იყო ავტომანქანა, რომელშიც იჯდა ფახრიზადე.

ფახრიზადე ადრე ხელმძღვანელობდა ირანის ბირთვულ პროგრამა „ამადს“. ისრაელი და დასავლეთი თვლიან, რომ ეს პროგრამა იყო სამხედრო ოპერაცია და მისი მიზანს წარმოადგენდა ირანის ბირთვული იარაღის შექმნა. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, პროგრამა „ამადი“ დასრულდა 2000-იანი წლების დასაწყისში.

თეირანი უკვე დიდი ხანია აცხადებს, რომ თავისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი ბუნებისაა.

სააგენტოს ექსპერტები დღესდღეობით აკონტროლებენ ირანის ბირთვულ ობიექტებს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების საფუძველზე.

XS
SM
MD
LG