Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველმა მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს


რუსთავში დასაქმებულმა მოვაჭრეებმა და მოქალაქეებმა პანდემიის გამო მთავრობის დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს. დღეს, 30 ნოემბერს გადაიკეტა ტრანსპორტით დატვირთულ მესხიშვილის ქუჩა, სადაც განთავსებულია სავაჭრო ობიექტები და იქვე გარეთაც ვაჭრობენ.

აქციის გამო დაახლოებით 15 წუთით შეფერხებული იყო ტრანსპორტის მოძრაობა. მობილიზებულმა პოლიციამ აქციის მონაწილეები აიძულა დაეტოვებინა გზის სავალი ნაწილი. აქციის დაახლოებით 30 მონაწილე, რომელთაგან ზოგი შვილებით იყო მისული, ვაჭრობის უფლებას ითხოვდა, ისმოდა მთავრობის საწინააღმდეგო განცხადებებიც, რომ ხელისუფლება არ ზრუნავს მოქალაქეებზე.

ე.წ. რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და ადგილობრივმა პოლიციამ გარემოვაჭრეებს დღეს მუშაობის საშუალება არ მისცეს. გზის გადაკეტვამდე გარემოვაჭრეებთან მივიდა რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა, რომელიც შეეცადა განემარტა შეზღუდვების მიზეზი. თუმცა აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი ხელისუფლებაც გააკრიტიკეს.

მოგვიანებით ადგილზე მივიდა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე, რომელმაც განაცხადა, რომ გაჭირვების გამო მოსახლეობა იძულებულია აქციებს მიმართოს.

მთავრობის დაწესებულ შეზღუდვებს რუსთავში არ დაემორჩილნენ გუშინაც. ისინი ზედამხედველობის სამსახურმა გააფრთხილა.

"ჩვენს ბავშვებს ვინ აჭმევს?! მე რომ ვაჭრობა შევწყვიტო, როგორ ვიარსებოთ?!" - მიმართა ერთ-ერთმა მოვაჭრემ ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, აკაკი ხვედელიძეს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მთავრობის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან ქვეყნის მაშტაბით შეზღუდვები დააწესა. ქვეყნის 8 დიდ ქალაქში, რუსთავის ჩათვლით, აკრძალულია სავაჭრო ობიექტების მუშაობა, გარდა სურსათის, ცხოველების საკვების მაღაზიების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG