Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე: წინა კვირაში ჩვენ გვქონდა 6000 საწოლი, ორშაბათიდან გვაქვს 7 100 საწოლი


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საწოლფონდის რაოდენობა საქართველოში 1100 ერთეულითაა გაზრდილი. მისი თქმით, გასულ კვირაში ქვეყანას 6 000 საწოლი ჰქონდა, დღეიდან, ორშაბათიდან კი, მისი რაოდენობა 7 100-ს შეადგენს.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საკმარისი საწოლების რაოდენობის ცნება ზოგადად არ არსებობს და არც ერთი ქვეყნის ინტერესში არ შედის, საწოლფონდის მაქსიმალური რაოდენობა გამოიყენოს:

„საკმარისი საწოლების რაოდენობა, ზოგადად, არ არსებობს ასეთი ცნება. ყველა საწოლი, რომელიც იქნება გამოყოფილი, აუცილებლად იქნება დატვირთული. და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მაგალითი. ზოგადად, მსოფლიოში საწოლბრუნვა არის ძირითადად ყოველთვის დეფიციტური.

აქედან გამომდინარე, ყველა ქვეყანა, ისევე როგორც საქართველო, განსაზღვრავს ამ დეფიციტის პროცენტს, ან იმ ნიშნულს, რომლის შემდეგაც იწყება საწოლფონდის დამატება. და ეს არის ჰოსპიტალურ სექტორში 85%-იანი გადატვირთვა, ამის შემდეგ იწყება ქმედება იმისთვის, რომ დავამატოთ საწოლფონდი. სხვა შემთხვევაში ამას ჰქვია არარაციონალური გამოყენება ყველა იმ რესურსის, რომელიც სახელმწიფოებს გააჩნიათ. და ზოგადად არცერთ ქვეყანას არ აქვს მიზანი, რომ გამოიყენოს საწოლფონდების მაქსიმალური რაოდენობა, სწორედ აქედან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი, ჩატარდეს პრევენციული ღონისძიებები, დაწესდეს შეზღუდვები იმისთვის, რომ მოხდეს როგორც საწოლფონდის განტვირთვა, ასევე პრევენციულად ინფექციის გავრცელება”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე. მისი თქმით, ამ დროისათვის თავისუფალია 564 საწოლი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 37 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1267-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3216 შემთხვევა. წინა დღეებთან შედარებით, ახალი შემთხვევების რიცხვი რამდენიმე ასეულითაა შემცირებული, თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ ხოლმე, უქმე დღეებში ტესტირების რაოდენობა მცირდება.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 135 584 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3937-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 113 986.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG