Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია სანდუმ კვლავ დაუჭირა მხარი დნესტრისპირეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანას


მოლდოვის არჩეულმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ კვლავ დაუჭირა მხარი დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან რუსეთის ჯარების გაყვანას. ორშაბათს კიშინოვში გამართულ პრესკონფერენციაზე სანდუმ თქვა, რომ აპირებს რუსეთთან დიალოგი აწარმოოს ამ საკითხზე და აღნიშნა, რომ ადრე მოსკოვი „გახსნილი“ იყო ასეთი მოლაპარაკებებისთვის.

სანდუ პროევროპული ოპოზიციური პარტიის კანდიდატია. საპრეზიდენტო არჩევნებში მან დაამარცხა პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელსაც კარგი ურთიერთობები აქვს კრემლთან. სანდუს თქმით, დნესტრისპირეთში რუსეთის ჯარების ორი ჯგუფია განლაგებული. ერთი იცავს სამხედრო საწყობებს სოფელ კოლბასნაში. სანდუმ თქვა, რომ ეს სამხედროები მოლდოვასთან რაიმე შეთანხმების გარეშე იმყოფებიან მის ტერიტორიაზე და უნდა გაყვანილ იქნენ საწყობში შენახულ საბრძოლო მასალებთან ერთად. მეორე ჯგუფს წარმოადგენენ რუსეთის ჯარები, რომლებიც სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში შედიან. მოლდოვის არჩეული პრეზიდენტის აზრით, სამშვიდობო ძალები უნდა შეიცვალოს ეუთოს სამოქალაქო მისიით, ვინაიდან არ არსებობს შეიარაღებული კონფლიქტის განახლების საფრთხე.

სანდუს გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, დნესტრისპირეთისთვის სტატუსის შეცვლამ შესაძლოა „სერიოზული დესტაბილიზაცია“ გამოიწვიოს. ამასთან, პესკოვმა პირდაპირ არ გამორიცხა რუსეთის ჯარების მომავლის შესახებ შემდგომი მოლაპარაკებების შესაძლებლობა.

მაია სანდუ დეკემბერში დაიკავებს მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობას. საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ის თავს იკავებდა რუსეთის პირდაპირი კრიტიკისგან და კვლავაც აცხადებს, რომ მხარს უჭერს მოსკოვთან კეთილ ურთიერთობებს, მაგრამ ამან ზიანი არ უნდა მიაყენოს მოლდოვის თანამშრომლობას ევროკავშირთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG