Accessibility links

logo-print logo-print

ბათუმში აქციაზე ერთი პირი დააკავეს


ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის პოლიციის უფროსმა კოტე ანანიაშვილმა მიაწოდა. მისი თქმით, ადგილზე გარკვეული პროვოკაციები ხდებოდა და პოლიციამ აქციის მონაწილეებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისაკენ მოუწოდა.

აჭარის მთავრობის სახლთან „პერფორმანსი“ „იმოქმედეს“ წევრებმა მოაწყვეს. მათ აჭარის მთავრობის მეთაურის თორნიკე რიჟვაძის კაბინეტთან გაუშვეს ჰელიუმის ბუშტები წარწერით „ბიძინა ივანიშვილის მონა“, „გამოდი, შეხვდი ხალხს“, „მონა იმოქმედე“.

პოლიციამ აქციის მონაწილეებს ბუშტების ჩამოხსნა მოსთხოვა, რასაც ისინი არ დაემორჩილნენ. გამოცემა „ბათუმელების“ თანახმად, ბუშტების ჩამოხსნა პოლიციელებმა თავად გადაწყვიტეს, რასაც შედეგად აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. „ბათუმელების“ცნობით, პოლიციასთან ფიზიკური დაპირისპირების შედეგად 2 პირი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა.

„ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლები და აქტივისტები ბათუმის ცენტრში განაგრძობენ საპროტესტო აქციას. დღეს მათ დილიდან სცადეს აჭარის მთავრობის სახლის პიკეტირება, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს ქუჩიდან მიმართავდნენ შეძახილებით: „ხიხოს მონა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქტივისტები გამსახურდიას ქუჩაზე, აჭარის მთავრობის სახლთან უკვე რამდენიმე კვირაა მართავენ აქციას ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. მეორე დღეა აპროტესტებენ კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG