Accessibility links

logo-print logo-print

გელა ბეჟუაშვილი თვლის, რომ გამოძიება უარყოფითად აისახება კომისიის შემდგომ მუშაობაზე


საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გელა ბეჟუაშვილმა გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე საათიანი გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან თქვა, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმის გამოძიება მომავალში უარყოფით გავლენას მოახდენს საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობაზე.

"თუ რაიმე იყო გადაცდომები ან შეცდომები დაშვებული ამ პროცესში, სულაც არ იყო ამ ადამიანების დაკავება საჭირო, შეიძლებოდა სამუშაო რეჟიმში ამ საკითხების განხილვა. დღევანდელი მდგომარეობა ჩემი აზრით უარყოფითად იმოქმედებს ნებისმიერი შემდგომი კომისიის მუშაობაზე" - თქვა გელა ბეჟუაშვილმა გენერალური პროკურატურის შენობაში.

გამოკითხვის შემდეგ მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა ამ საქმეზე ბრალდებულების მიმართ და თქვა, რომ მათ პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმში ეჭვი არ ეპარება. მან თქვა, რომ ივერი მელაშვილს პირადად იცნობს, ნატალია ილიჩოვას არ იცნობს, თუმცა ბევრი კარგი შეფასება სმენია მის მუშაობასთან დაკავშირებით.

"ამის თქმის საშუალებას მაძლევს მრავალწლიანი მუშაობა ამ [ივერი მელაშვილთან] ადამიანთან, ის იყო ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, კვალიფიციური ადამიანი. მას ჰქონდა ჩემი ნდობაც, ჩემი წინამორბედის ნდობაც, ჩემს შემდეგ მყოფი ადამიანების ნდობაც" - თქვა გელა ბეჟუაშვილმა.

გელა ბეჟუაშვილი კარტოგრაფების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 1 დეკემბერს მას შემდეგ დაიბარეს, რაც საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა ამ საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა.

გელა ბეჟუაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2005-2008 წლებში იკავებდა. მან ამ თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილი შეცვალა, მის შემდეგ კი საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ბაქრაძე გახდა. გელა ბეჟუაშვილმა 9 ოქტომბერს საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას და თქვა, რომ "დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან საზღვრების დადგენის პროცესში და ამისთვის მხოლოდ პატივისცემას იმსახურებენ."

გამოძიებამ კარტოგრაფების საქმეზე გასულ კვირაში დაკითხა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე 2008-2012 წლებში, ნინო კალანდაძე. გამოძიების საწყის ეტაპზე დაიკითხა ასევე ზურაბ ნოღაიდელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2005-2007 წლებში.

ამ საქმეზე ამ დრომდე დაკითხული არ არის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი. ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატები ითხოვენ, გამოიკითხონ მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი და „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, რომლის დავალებითაც ჩამოიტანა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა რუსეთის არქივებიდან საქმეში არსებული კარტოგრაფიული მასალა.

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების ცვლილებაზე საქალაქო სასამართლო 30 ნოემბერს 7 საათზე მეტხანს მსჯელობდა - მოსამართლე ზვიად შარაძემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მოთხოვნა, შეეცვალა წინასწარი პატიმრობა და ორივე ბრალდებული საპატიმრო დაწესებულებაში დატოვა. ადვოკატები ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

კარტოგრაფების საქმეზე წინასასამართლო სხდომის 2 თვით გადადება და ამ ვადით გამოძიების გახანგრძლივება 25 ნოემბერს ითხოვა გენერალურმა პროკურატურამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG