Accessibility links

logo-print logo-print

კოვიდით გარდაცვლილი 19 წლის თეკლას დედა ჰყვება როგორ ეძებდნენ ადგილს საავადმყოფოში


29 ნოემბერს თბილისში, გერმანულ ჰოსპიტალში 19 წლის თეკლა თორდია გარდაიცვალა - ის კორონავისურით იყო ინფიცირებული და ჰქონდა ქრონიკული დაავადება, დიაბეტი. კლინიკაში ამბობენ, რომ როცა ის 24 ნოემბერს კოვიდსასტუმროდან მათთან მიიყვანეს, მდგომარეობა უკვე უიმედო იყო.

ბოლო შეტყობინება თეკლამ ოჯახს სწორედ გერმანული ჰოსპიტალიდან გაუგზავნა - წერდა, რომ ექიმები მას სიპაპ [სუნთქვის] ვარჯიშების გაკეთებას თხოვდნენ, მაგრამ სუნთქვის შეწყობას ვერ ახერხებდა და ეშინოდა. ამის შემდეგ თეკლას ოჯახს მხოლოდ ექიმები აწვდიდნენ ინფორმაციას, თავად თეკლა მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს - 29 ნოემბერს მშობლებს უთხრეს, რომ მათი შვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დედა თეკლა თორდიას სიცოცხლის ბოლო დღეებს ასე აღწერს: 20 ნოემბერს მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გაუვლინდა, ანალოგიური სიმპტომები ქონდათ მისი ოჯახის წევრებსაც. იმის გამო, რომ თეკლა ოჯახის წევრებისგან განსხვავებით რისკ ჯგუფს განეკუთვნებოდა, თვითონაც და დედაც მომდევნო დღეებში ინტენსიურად რეკავდნენ ოჯახის ექიმთან, სასწრაფოში, 112-ზე, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე და ითხოვდნენ მის ჰოსპიტალიაზაციას - სასწრაფო უხსნიდა, რომ ოჯახის ექიმის გადაწყვეტილების გარეშე მათთან ვერ მივიდოდნენ, ოჯახის ექიმი ”ევექსის” კლინიკიდან კი არწმუნებდა, რომ დაბალი სიცხის მქონე პაციენტს ჰოსპიტალიზაცია არ ჭირდებოდა, ეუბნებოდა, რომ ბევრი სითხე მიეღო და ყველაფერი კარგად იქნებოდა.

“კომუნიკაცია ექიმებთან დავიწყეთ სიმპტომების დაწყების დღიდან - ოჯახის ექიმს ავუხსენით ჩვენი მდგომარეობა, ვუთხარით, რომ ბავშვს ქონდა დიაბეტი, სუსტი იმუნური სისტემა. ეს მაშინ, როცა ჯერ არც ხველა ჰქონდა, არც მძიმე მდგომარეობა - მხოლოდ სიცხე. მერე ხველა მოემატა, ძალიან შეგვეშინდა და ვთხოვეთ ოჯახის ექიმს კვლევებზე გავეშვით, გაგვეკეთებინა რაც საჭირო იყო მდგომარეობა რომ არ დამძიმებულიყო - გვითხრა, რომ დასვენების დღეები ქონდა და ვერავის ვერსად გავუშვებო. სასწრაფოში დავიწყეთ რეკვა, მეც და თეკლამაც, იმათ ოჯახის ექიმთან გადაგვამისამართეს. ოჯახის ექიმი უკვე ზარებს აღარ პასუხობდა, არ ვიცი გადადო თუ რა ქნა. ბოლოს მოვიდა სასწრაფო, გაგვიკეთა სწრაფი ტესტი თეკლასაც და სხვებსაც. დაგვიდასტურდა, მაგრამ დაგვაბრუნეს სახლში. ისევ დავიწყეთ რეკვა - ისევ მოვიდა სასწრაფო და გადაიყვანეს კოვიდსასტუმროში. იმით ახსნეს ეს, რომ კოვიდსასტუმროში უკეთ იქნებოდა, იქ ექიმიც ჰყავდათ, ჟანგბადიც ქონდათ და დახმარებასაც გაუწევდნენ, თუკი დაჭირდებოდა. სასტუმროში სიცხემ აუწია, ცუდად გახდა და გადააგზავნეს საუნივერსიტეტო კლინიკაში გამოკვლევებზე. ჩვეულებრივი სამარშუტო ტაქსით მოაკითხეს სასტუმროში კლინიკაში წასასვლელად - მოწერილიც აქვს, გარეთ ვდგავარ, ვიყინები, ხელები სულ გამილურჯდაო. ასეთი მძიმე ბავშვი, ასეთი ქრინიკული დაავადების მქონე პაციენტი გამოკვლევებიდან ისევ კოვიდსასტუმროში დააბრუნეს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან” - გვიყვება გარდაცვლილის დედა, ირმა ხელაშვილი. მისი მონათხრობის მიხედვით, თეკლა თორდია საუნივერსიტეტო კლინიკაში 23 ნოემბერს იმყოფებოდა სადაც გაუკეთეს კომპიუტერული ტომოგრაფია,რომელმაც აჩვენა რომ ფილტვები უკვე მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული.

თეკლას ვიზიტი საუნივერსიტეტო კლინიკაში ახსოვთ, თუმცა ამბობენ, რომ მათ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ იმ შედეგის თავიდან ასაცილებლად, რაც დადგა, მათ შორის არც ადგილის გამოყოფა კლინიკაში და არც ოჯახის ექიმისთვის რეკომენდაციის გაწევა, რომ პაციენტი დაზიანებული ფილტვებით სწრაფ ჰოსპიტალიზაციას საჭიროებდა. მეტიც, ლევან რატიანი, კლინიკის ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მისი კლინიკა სხვებთან შედარებით მნიშვნელოვნად სწრაფად გასცემს კოვიდპაციენტების კვლევის შედეგებს, რომლებიც მასთან კოვიდსასტუმროებიდან მოდიან, ვიდრე ეს მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული - და თეკლას შემთხვევაშიც 3 საათში მის ექიმს ყველა კვლევის შედეგი უკვე ხელთ ჰქონდა. რატიანის თქმით, მინისტრის ბრძანება ამ მომსახურების გამწევ კლინიკებს უფლებას აძლევს, 48 საათის განმავლობაში მიაწოდონ ოჯახის ექიმებს კვლევის შედეგები.

“ჩვენთან კოვიდსასტუმროებიდან ასეთი პაციენტები მოყავთ მხოლოდ და მხოლოდ გამოკვლევებზე, ეს არის კომპიუტერული ტომოგრაფია, სისხლის საერთო ანალიზი და კოაგულოგრამა. ასეთი პაციენტები მოყავთ ამ ძველი ავტობუსებით, მარშუტკებით, უტარდებათ ამათ კვლევა, მინისტრის ბრძანების მიხედვით ექიმის გასინჯვას სამწუხაროდ არ მოიცავს ეს კვლევა. ამ გოგონასაც ასე ჩაუტარდა კვლევა, მალევე დატოვა კლინიკა და შემდეგ ვაცნობეთ ექიმს კვლევის შედეგები. ეს გოგონა თავისი ფეხით შემოვიდა კლინიკაში, ჩივილი სუნთქვის უკმარისობა არ ჰქონდა იმ ეტაპზე და პაციენტმა 15 წუთში დატოვა კლინიკა” - ამბობს ლევან რატიანი. მან არ იცის რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის, რომ თეკლა კვლევამდე ხანგრძლივ რიგში იდგა. ამბობს, რომ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამგვარი პაციენტები 3 სხვადასხვა კოვიდსასტუმროდან მოდიან და შესაძლოა მათ რიგ შემთხვევებში უწევდეთ რიგში დგომა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ 1 დეკემბერს თეკლას გარდაცვალების მიზეზებზე საუბრისას თქვა, რომ წესით თანმხლები დაავადებების შემთხვევაში პაციენტი საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ, “გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მისი მართვა მოხერხდეს კოვიდსასტუმროში იმ დაშვებით, რომ კლინიკური გამოკვლევები მას ჩაუტარდება კოვიდსასტუმროდანაც“. ეს სავარაუდოდ სწორედ ასეთი შემთხვევა იყო.

კლინიკაში ჩატარებული კვლევების შემდეგ კოვიდსასტუმროში დაბრუნებული გოგოს მდგომარეობა სწრაფად გართულდა, გაუჭირდა სუნთქვა, მოუმატა ხველამ და ახლა უკვე სასტუმროში მიმაგრებულმა ექიმმა დაიწყო მისთვის ადგილი ძებნა რომელიმე კლინიკაში - უშედეგოდ. საბოლოოდ გერმანულ ჰოსპიტალში თეკლა შემთხვევით მოხვდა. ჰოსპიტალის ერთ-ერთი ინფიცირებული თანამშრომელი გოგოს ამბავს შემთხვევით შეესწრო და პირადად დაეხმარა.

გერმანულ ჰოსპიტალში თეკლა 24 ნოემბერს გადაიყვანეს. ჰოსპიტალის განმარტებით ის ამ მომენტისთვის უკვე კრიტიკულ სიტუაციაში იყო. დედა ამბობს, რომ პირველ დღეს მისი შვილს ცნობიერება ჰქონდა - წერდა მესიჯებს მობილურზე და ეუბნებოდა, რომ სუნთქვით ვარჯიშებს ვერ აკეთებდა. მას სემდეგ რაც სუნთქვითი ვარჯიშები უშედეგო აღმოჩნდა, თეკლა მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს და ამ დროიდან მის მშობლებს შვილთან აღარ ულაპარაკიათ.

თეკლას ჰოსპიტალიზაციამდე კოვიდსასტუმროში მისული იყო სასწრაფოს ეკიპაჟი, რომელიც ოჯახს არწმუნებდა, რომ არც ერთ კლინიკაში ადგილი არ იყო და ერთადერთი დახმარება, რაც მათ შეეძლოთ, ჟანგბადით სუნთქვის გამარტივება იქნებოდა მათი შვილისთვის.

“რომ გავიგეთ, როგორი შედეგები აჩვენა კვლევებმა და მაინც ისევ სასტუმროში დააბრუნეს, მივედით ჩვენც იქ, გამოვიძახეთ სასწრაფო. სასწრაფოს ექიმი რომ მოვიდა, გვითხრა, რომ კლინიკაში ვერ გადაიყვანდა. ერთხელ დარეკა და ვთხოვე, კიდევ დაერეკა - მომაწოდა ტელეფონი და მითხრა, აჰა შენ დარეკე, თუ არ გჯერა რომ ადგილები არ არისო. არავინ არ გყავს, სამინისტროში ან გავლენიანი, ერთი ადგილი რამენაირად რომ გამოგიძებნოსო - სასწრაფოს ექიმი გვეკითხებოდა ამას” - იხსენებს ირმა ხელაშვილი. მან იცის, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და თეკლას გარდაცვალების მიზეზების გარკვევის პირობა დადო, მაგრამ არ სჯერა, რომ გამოძიება რაიმე კონკრეტულ შედეგამდე მივა.

გარდაცვლილის დედამ იცის ისიც, რა განმარტება გააკეთა გერმანულმა ჰოსპიტალმა მისი შვილის გარდაცვალების შემდეგ - მათ თქვეს, რომ პაციენტი კლინიკაში უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში შევიდა და შესაძლოა მისი თანმხლები დაავადება არ იყო სწორად მართული.

“გული იცით რაზე მწყდება, ხაზს რომ უსვამენ ამის ქრონიკულ დაავადებას. იმდენად ცოცხალი ბავშვი იყო, იმდენად ყოჩაღი, იმდენად ენერგიული, ვერც წარმოიდგენთ. ძალიან პატარა ასაკში, კომიდან გამოძვრა. ინსულინოთერაპია და დღეში რამდენიმე კონტროლი ჩვენი რეჟიმის განუყოფელი ნაწილი იყო. სულ ფორმაში იყო იმისთვის, რომ რაიმე პრობლემა არ შექმნოდა და ყველა პატარა პრობლემაზე სამედიცინო კონტროლის ქვეშ იყო,” - ამბობს გარდაცვლილის დედა.

თეკლას ოჯახს უჭირს იმის გახსენება, რა გახდა მათი ინფიცირების წყარო. დედა ერთ-ერთი სუპერმარკეტების ქსელის თანამშრომელია, თეკლაც პერიოდულად გარეთ გადიოდა მეგობრების სანახავად - ის ერთ-ერთი მუსიკალური სასწავლებლის სტუდენტი იყო.

“არ მჯეროდა, რომ გაწირავდნენ. ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, ყველა ინფორმაცია ქონდათ - დარწმუნებული ვარ, თავიანთი შვილი რომ ყოფილიყო, თავისუფალ ადგილს ადვილად გამონახავდნენ” - ამბობს გარდაცვლილის დედა.

თეკლა თორდიას 3 დეკემბერს დაკრძალავენ. მის საქმეს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო შეისწავლის. 2 დეკემბერს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ ამ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს და დოკუმენტაციის შესწავლა უკვე დაწყებულია.

"პირველი წერტილიდან ბოლო წერტილამდე პასუხებს მივაწვდით საზოგადოებას... პირველი ზარიდან ბოლო წერტილამდე ყველა ინფორმაციის კვლევა დაწყებულია" - ეს არის ფრაგმენტი ეკატერინე ტიკარაძის მიერ 2 დეკემბერს ამ თემაზე გაკეთებული კომენტარიდან.

საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 1342 ადამიანია გარდაცვლილი კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG