Accessibility links

logo-print logo-print

მოხალისე ბარბარე, ანა, აკაკი, გიორგი, თეო, რეზიკო, თინათინი


არც ბარბარესთვის, არც ანასთვის, არც აკაკისთვის, არც გიორგისთვის, არც თეოსთვის და არც სხვებისთვის, არავის უთხოვია, ოჯახს ვეღარ ვკვებავ, იქნებ ფქვილი მაინც მომაწოდოო; წამლის საყიდლად ვერ მივდივარ, იქნებ მომიტანოო; ბავშვებისთვის თბილ ფეხსაცმელს ვეღარ ვყიდულობ, იქნებ მიშოვოო...

ბარბარემაც, რეზიკომაც, თინათინმაც და კიდევ სხვებმაც, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მოხალისეობრივი საქმიანობა საკუთარი სურვილით, ალბათ რისკის ფასადაც წამოიწყეს და პანდემიის პირობებში, უსახსროდ, უწამლოდ, არაერთი შეზღუდვის პირისპირ დარჩენილ მოსახლეობას, რითიც შეუძლიათ და როგორც შეუძლიათ, ისე ეხმარებიან.

დარბიან მაღაზიებში, ბაზრებში, აფთიაქებში, ყიდულობენ პროდუქტს, ახარისხებენ - ყველას რომ ერგოს ზეთი, შაქარი, ფქვილი, ტკბილეული და არა მხოლოდ. მერე ავსებენ მანქანების საბარგულებს და არიგებენ წინა ღამით, საგულდაგულოდ შეფუთულ ნივთებს.

მოხალისეები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ხანდაზმულებისა თუ სხვა საჭიროების მქონე ადამიანების დასახმარებლად ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში, გაზაფხულზე გაერთიანდნენ და თვეების განმავლობაში, საკუთარი სახსრებითა თუ სოციალური ქსელის დახმარებით შეგროვილი თანხით, არაერთ ოჯახს მიაწოდეს საკვები, წამალი და ტანსაცმელი.

ხელმეორედ დაწესებულ შეზღუდვებს, გაჩერებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს თუ დაკარგულ სამუშაო ადგილებს, მოხალისეები ახლაც მზად დახვდნენ. სოციალური ქსელითა თუ მის მიღმა წამოწყებულ სოლიდარობის კამპანიებში, ათასობით ადამიანი ერთიანდება, გროვდება თანხა, საკვები, ტანსაცმელი, პირველადი მოხმარების ნივთები, ნიღბები, ჰიგიენური საშუალებები. ვიღაც საკუთარი მანქანით გადაადგილებას სთავაზობს მას, ვისაც ამის საშუალება არ აქვს; ვიღაც საბავშვო მოედნებს ასუფთავებს; ვიღაც ონლაინ-გაკვეთილებს უტარებს ბავშვებს...

რეზიკოს „შეწყვეტილი სიმღერა“

35 წლის რეზიკო ხომერიკი ოზურგეთის კულტურის ცენტრის სოლო მომღერალია. პანდემიის დაწყებამდე, ბათუმში, რესტორნებში, სხვადასხვა ღონისძიებაზე მღეროდა. უკვე სამი თვეა, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კოვიდ-ცენტრში, ვირუსით ინფიცირებულებს საკვებით ამარაგებს.

მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ბათუმში დაიხურა რესტორნები და რეზიკოს სიმღერაზე მოთხოვნაც შეწყდა, იძულებული გახდა, სხვა სამსახური ეპოვა. ასე აღმოჩნდა ის კოვიდ-ცენტრში, სიმბოლურ ანაზღაურებაზე. მივხვდი, რომ ახლა ხელფასზე ფიქროს დრო აღარ იყოო, ამბობს რეზიკო:

„ბათუმში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ყველანაირმა ანაზღაურებამ უკანა პლანზე გადაიწია. დავინახე, რომ ჩემთვის ახლა მთავარი იყო სოლიდარობა, ექიმების და პაციენტების გვერდში დგომა და არა ხელფასი. აი, უკვე მესამე თვეა, აქ ვარ“.

რეზიკო კოვიდ-ცენტრში დილის ცხრა საათზე მიდის. ნახევარი საათი აქვს იმისათვის, რომ სათანადოდ, წესების დაცვით, უსაფრთხოდ აღიჭურვოს და სამუშაო ადგილზე, კოვიდ-ცენტრის კვების ბლოკში გამოცხადდეს.

აი აქედან იწყება მისი საქმეც. რეზიკომ საკვები უნდა დაახარისხოს. შაქრიანი დიაბეტის მქონე კოვიდპაციენტს განსხვავებული საკვები ესაჭიროება, ჰიპერტენზიის მქონე კოვიდპაციენტს, სხვა. ქრონიკული დაავადებების არმქონე პაციენტებისთვის კი სხვა ტიპის საკვებია განკუთვნილი და ა.შ. რეზიკომ სწორად გადანაწილებული საკვები პაციენტებამდე დროულად უნდა მიიტანოს:

„პირველ რიგში, საკვები რეანიმაციაში შეგვაქვს. შემდეგ უკვე თერაპიულ განყოფილებაში ავდივართ. ეს პროცედურა დღეში სამჯერ მეორდება. სულ თავიდან, როდესაც პალატებში შესვლა მიწევდა, თითქოს მეშინოდა. ხანდახან ვფიქრობდი, რომ შეიძლება ფსიქოლოგიურად ვერ გამეძლო. განსაკუთრებით რთული იყო იმის გაცნობიერება, რომ ადამიანი, რომელთანაც რამდენიმე დღის წინ საკვები მიგქონდა, გარდაიცვალა. სამწუხაროდ, არაერთი შემთხვევა გვქონდა ასეთი. ახლა შიში ნაკლებადაა. უფრო მეტად, პასუხისმგებლობის გრძნობაა. იმას ვაკეთებ ახლა, რაც აქამდე არასდროს მიკეთებია. ჩემი საქმე სიმღერა იყო, ახლა კი პაციენტებთან მიწევს ურთიერთობა. რამდენჯერ მიფიქრია, იქნებ, პაციენტებს გარდა საკვების მიწოდებისა, ვუმღერო კიდეც, გავახალისო-მეთქი, მაგრამ ისეთი სიტუაცია იყო შექმნილი, სიმღერისთვის ვის ეცალა. ახლა ახალი წელი მოდის, პატარა პროგრამა მაქვს მომზადებული, 10-15 წუთიანი. მინდა შევათანხმო კლინიკის ადმინისტრაციასთან და იქნებ საახალწლოდ, პაციენტებსა და ექიმებს პატარა წარმოდგენაც შევთავაზო“.

თინათინი, რომელიც საქანელებს ასუფთავებს

15 წლის თინათინმა გადაწყვიტა, „მოხალისე დამლაგებელი“ გამხდარიყო. ეს იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც თანატოლებთან ერთად, „ჰელფინგ ჰენდისა“ და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტში ჩაერთო. იმისათვის, რომ თინათინმა ბავშვები ინფიცირებისაგან დაიცვას, მის სახლთან ახლოს მდებარე საბავშვო მოედნებსა და საქანელებს დეზინფექციას უკეთებს:

„მიუხედავად იმისა, რომ ღია სივრცეში ვირუსი ნაკლებად ვრცელდება, სკვერებში, საქანელებზე, რომლებსაც უამრავი ბავშვი მოიხმარს დღის განმავლობაში, მაინც დიდი რისკია ინფიცირების. ვიფიქრე, რომ შემეძლო საქანელების დეზინფექცია გამეკეთებინა. ვიყიდე სპეციალური ხსნარები, ხელთათმანები და პერიოდულად ვასუფთავებ ჩემს სახლთან მდებარე სკვერებს. ჩემს მეგობრებსაც გავუზიარე ეს იდეა, მინდა, რომ შეძლებისდაგვარად ბევრი ადამიანი ჩაერთოს მოხალისეობრივ საქმიანობაში. დღეს ისეთი სიტუაციაა, ყველას შეგვიძლია სულ მცირე წვლილის შეტანაც კი პანდემიასთან ბრძოლაში“.

ეთოს მანქანა რაჭველებისთვის

ამბროლაურელმა ეთო არსანიძემ საკუთარ თავზე იწვნია, რას ნიშნავს იყო იზოლაციაში, არ გქონდეს გარეთ გასვლის საშუალება და გჭირდებოდეს პროდუქტი ან წამალი, რომლის მომტანიც არავინაა. ამიტომ, როგორც კი იზოლაციისათვის განკუთვნილი ვადა ამოეწურა, სოციალურ ქსელშიც დაწერა და ნაცნობ-მეგობრებშიც გაავრცელა ხმა, რომ თუკი ვინმეს საჭირო ნივთის მიტანა ან გადაადგილება დასჭირდება, მზად არის საკუთარი მანქანით, დღის ნებისმიერ მონაკვეთში მოემსახუროს.

მანქანაზე მოთხოვნამ არ დააყოვნა:

„მალევე, სოფელი ურავიდან მომწერა გოგომ, რომ მის მეზობელს წამალი სჭირდებოდა. თავად ეს გოგოც ინფიცირებული იყო, გარეთ გასვლას ვერ ახერხებდა, მათ უბანში კი სხვა არავინ ცხოვრობდა, რომ მეზობლისთვის წამალი მიეწოდებინა. ეს სოფელი ამბროლაურიდან საკმაოდ მოშორებითაა, ჩემი მანქანა იქ ვერ ავიდოდა, ამიტომ მეგობარს ვთხოვე. სამი პაციენტისათვის განკუთვნილი მედიკამენტები ავიტანეთ სოფელში. წამალს ჩვენი ფულით ვყიდულობთ და შემდეგ, ადგილზე გვიხდიან თანხას, თუმცა, ვცდილობთ, რომ ეს თანხაც, სიმბოლურად გამოვართვათ. მე სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე, საშვი მაქვს, ამიტომ დღის ნებისმიერ მონაკვეთში შემიძლია მივაწოდო საჭირო მედიკამენტი ინფიცირებულებს და არა მხოლოდ მათ. სამწუხაროდ, მთლიანად ჩვენი თანხებით ვერ ვახერხებთ მედიკამენტების შეძენას, მაგრამ ისიც საქმეა, რომ ამ ადამიანებამდე საჭირო წამალი მიგვაქვს“.

აკაკი და მისი მეგობრები - ქუთაისელი მოხალისეების შტაბი

23 წლის აკაკი საღინაძემ და მისმა მეგობრებმა, ორი დღის წინ გამოაქვეყნეს პოსტი სოციალურ ქსელში, სადაც წერდნენ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომლებსაც პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების გამო, კიდევ უფრო გაუჭირდათ ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავება, თანხისა და საჭირო ნივთების შეგროვებას იწყებდნენ. იმავე საღამოს, მეგობრების ანგარიშზე, დახმარების მსურველებმა ჯამში 1500 ლარი ჩარიცხეს. იმავე დღეს შეიკრიბა 20 მოხალისეც, რომლებმაც საჭირო პროდუქტისა და ნივთების ყიდვა-დახარისხება და შემდეგ უკვე დარიგება აიღეს საკუთარ თავზე.

2 დეკემბრიდან, 2 თვის განმავლობაში, ქუთაისში, წერეთლის 81 ნომერში, ნებისმიერ მსურველს შეეძლება მიიტანოს პროდუქტი, ტანსაცმელი თუ სხვა ნივთები, რომლებსაც სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხალისეები დაურიგებენ:

„ვაპირებთ შევარჩიოთ ფინანსური პრობლემების მქონე ოჯახები და მათ კვირაში ერთხელ, 2 თვის განმავლობაში, მივუტანოთ მედიკამენტები, საკვები თუ სხვა საჭირო ნივთები. გვინდა, რომ ამ თვეების განმავლობაში, სანამ ეს შეზღუდვები მოქმედებს, ამ კონკრეტული ოჯახების მდგომარეობა მცირედით მაინც შევამსუბუქოთ. ძალიან დიდი ინტერესი წამოვიდა საზოგადოებისგან როგორც ფინანსური მხარდაჭერის მხრივ, ისე მოხალისედ ჩართვის თვალსაზრისით. ოჯახების მოძიებაში გვეხმარებიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ მოგვაწოდეს იმ ოჯახების ბაზა, რომლებთანაც ისინი სხვადასხვა დროს მუშაობდნენ. გარდა ამისა, ვცდილობთ, ინფორმაცია მივიტანოთ ჩვენს თანამოქალაქეებამდე, რომ თუკი იცნობენ ოჯახებს, რომლებსაც პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით გაუჭირდათ, მოგვაწოდონ მათ შესახებ ინფორმაცია. შევეხმიანებით ადგილობრივ მუნიციპალიტეტსაც, რომ მათგანაც მივიღოთ ინფორმაცია ამ ოჯახების საჭიროებების შესახებ“.

ანას სიმღერა სახლში დარჩენილებისთვის

მეათეკლასელი ანა კუპრავა მათთვის ცეკვავს და მღერის, ვინც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო განსაკუთრებით მოიწყინა. ეს ადამიანები კი ანას თქმით, ხანდაზმულები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან. ანა თვლის, რომ გარდა მატერიალური დახმარებისა, დღეს ამ ადამიანებს ყველაზე მეტად სწორედ არამატერიალური დახმარება, გამხნევება, გამხიარულება სჭირდება.

ოჯახებს, სადაც ხანდაზმულები და შშმ პირები ცხოვრობენ, ანა პერიოდულად სტუმრობს და მათთვის პატარ-პატარა წარმოდგენებს მართავს. თუმცა, მხოლოდ წარმოდგენებით არ შემოიფარგლება ანას მოხალისეობრივი მხარდაჭერა. ანა მათ სახლის დალაგებასა და საჭმლის მომზადებაშიც ეხმარება, ყიდულობს წამლებს:

„სხვისი დახმარება შენივე ბედნიერების ტოლფასია. ასეც დავარქვი ჩემს ე.წ. შემოქმედებით საღამოებს. შეიძლება ვიღაცას უცნაურად მოეჩვენოს, რა დროს სიმღერა და ცეკვააო, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც ეს ძალიან სჭირდება. დღეს, როცა ვერავის ეკონტაქტები, ქუჩაში ვერ გადიხარ, ყველა და ყველაფერი გენატრება, ასეთმა პატარა წარმოდგენებმაც კი შეიძლება ბედნიერება მოგანიჭოს. მიმაქვს ხოლმე გიტარა, პატარა ხმის გამაძლიერებელი, ვრთავთ მუსიკას, ვმღერით, ვცეკვავთ, ვუკითხავ წიგნებს, ლექსებს, პატარ-პატარა მოთხრობებს. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ უხარიათ. ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობ მათგან, მადლიერები არიან. მეც მაბედნიერებს ის შეგრძნება, რომ სხვისთვის საჭირო ადამიანი ვარ“.

ექვსი მეგობარი ხულოელი ოჯახსებისთვის

გიორგი რიჟვაძე და მისი ბავშვობის მეგობრები მშობლიურ ხულოში ჯერ კიდევ პანდემიის პირველი ტალღისას, გაზაფხულზე დაბრუნდნენ. ექვსმა სტუდენტმა, რაიონის დახმარება გადაწყვიტა. თავდაპირველად მხოლოდ საკუთარი რესურსით დაიწყეს საჭირო ნივთების შეძენა, შემდეგ უკვე ფეისბუკზე სპეციალური გვერდი გახსნეს და ამ გვერდის დახმარებით შეგროვილი თანხით, თვეების განმავლობაში, არაერთ ოჯახს დაეხმარნენ:

„ანგარიშზე 10 ათას ლარზე მეტი შეგვიგროვდა. სამი თვის განმავლობაში, ხულოს 40-ზე მეტ სოფელში, 140-მდე ოჯახს დავეხმარეთ. თითოეულ ოჯახს ვაწვდიდით საკვებ პროდუქტს, ტანსაცმელს და პირველადი დანიშნულების წამლებს. თავიდან საკმაოდ გაგვიჭირდა. ბევრი პროდუქტის დახარისხება გვიწევდა, თუმცა, მალევე ვიპოვეთ ე.წ. გასაღები. გადავინაწილეთ ჩვენ-ჩვენი საქმე - ერთი პროდუქტზე მიდიოდა, მეორე ახარისხებდა პროდუქტს და ერთი თვის შემდეგ უკვე ყველამ ვიცოდით ჩვენი საქმე. რაც შეეხება ტრანსპორტირებას, დასაწყისში, ხან მამაჩემი გვატარებდა, ხან ჩემი მეგობრის მამა. თუმცა, მერე, ადგილობრივ თვითმმართველობას ვთხოვეთ დახმარება, ისინიც დაინტერესდნენ და გამოგვიყვეს მანქანა“.

ბარბარეს ონლაინ გაკვეთილები

ბარბარე, რომელიც თავადაც მოსწავლეა, ბავშვებს, რომლებსაც ინგლისურ ენაში დამატებითი გაკვეთილები სჭირდებათ, ონლაინ-გაკვეთილებს უტარებს.

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მეათე კლასის მოსწავლემ, ბარბარე მელიქიძემ, ინგლისური ენის გაკვეთილების ჩატარება სრულიად უსასყიდლოდ, ჯერ კიდევ ზაფხულში, რაჭაში, დასასვენებლად ჩასულმა გადაწყვიტა, თუმცა, არა ონლაინ - რაჭველ ბავშვებს ბარბარე გაკვეთილებს საკუთარ სახლში უტარებდა.

შემოდგომაზე, თბილისში დაბრუნებულმა ბარბარემ გადაწყვიტა, რომ ინგლისური ენის გაკვეთილების ჩატარება არ უნდა შეეწყვიტა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პანდემიის პირობებში, ხელმისაწვდომობა განათლებისადმი, კიდევ უფრო მწირი გახდა. სწორედ ასე აღმოჩნდნენ მის ონლაინ-გაკვეთილებზე ბავშვები როგორც რაჭიდან, ისე საქართველოს სხვა რეგიონებიდან:

„მოსწავლეები მეგობრების დახმარებით შემოვიკრიბე. გარდა ამისა, რაჭაში ვისაც ვამეცადინებდი, მათაც გამოთქვეს სურვილი, რომ ონლაინ მეცადინეობა გაგვეგრძელებინა. ქარელიდან მყავს ხუთი მოსწავლე. თავიდან ძალიან გამიჭირდა ონლაინ გაკვეთილების ჩატარება, მაგრამ მერე გავიცანი ეს ბავშვები. ვიცი, რა მოსწონთ, რა არა. როგორ უნდა დავაინტერესო. ნამდვილად არ არის ადვილი ასწავლო სხვას, როცა შენც ბევრი სამეცადინო გაქვს, მაგრამ მოვახერხე პრიორიტეტების გადანაწილება. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა აცნობიერებ, რომ ის დრო და ენერგია, რომელიც ბავშვებთან ერთად დახარჯე, ფუჭად ჩავლილი არ არის და ყოველ მომდევნო გაკვეთილზე, ბავშვები ახალ ცოდნას ამჟღავნებენ. უმეტესი მათგანი რეალურ ცხოვრებაში არ მინახავს, მაგრამ ამ პერიოდმა ყველანი ძალიან დაგვაახლოვა. ერთადერთი დადებითი მხარე, რაც ამ პანდემიას შეიძლება ჰქონდეს ჩემთვის, ალბათ ეს არის, ამ ბავშვების სახით მეგობრები გავიჩინე“.

***

ბოლო თვეებში, პანდემიის პირობებში დაწესებულმა შეზღუდვებმა, სოლიდარობის და მოხალისეობის არაერთი მაგალითი აჩვენა როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. სოციალურ ქსელში წამოწყებულ კამპანიებში ყოველ წუთას, ასობით ადამიანი ერთვება. მოხალისეებს დღე-ღამური შრომა უწევთ საჭირო პროდუქტის შესაძენად, დასახარისხებლად და დასარიგებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG