Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემდეგ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტს „ცხელი ხაზით" არ უსარგებლია


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ იუწყება. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს. ამავე ცნობით, ცხინვალის რაიონის სოფელ არცევის სიახლოვეს დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მცხოვრებლები და ასევე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანის მცხოვრები. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დაკავება 30 ნოემბერს მოხდა.

„წინასწარი მოკვლევის შედეგად დადგინდა და საზღვრის დამრღვევებმა დაასახელეს ის მიზეზები, რისთვისაც კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს. ეს არის არსებობისთვის საჭირო პირობების არარსებობა, უმუშევრობა, მცირე პენსია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოს ხელისუფლების მოუმზადებლობას, დახმარება გაუწიოს საკუთარ მოსახლეობას“, - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში, რომელიც ამ სახის განცხადებებს ძირითადად პროპაგანდის ფორმატში ავრცელებს და ისე წარმოაჩენს, თითქოს ე.წ საზღვრის დამრღვევები ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკეთესი ცხოვრების საძებნელად გადადიან. ამავე განცხადებაში წერია: „ბოლო დროს საზღვრის დამრღვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და საქართველოს მოქალაქეები სოციალური დახმარების სათხოვნელად გადადიან მოსაზღვრე ტერიტორიაზე“.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული იმ მოქალაქეების ვინაობა, ვისი დაკავებაც მოხდა. გარდა ამისა, არ ამოქმედებულა „ცხელი ხაზი" და საქართველოს ხელისუფლება, საოკუპაციო რეჟიმს საქმის კურსში არ ჩაუყენებია, შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ფაქტს ვერ ადასტურებს.

რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით კი ქვეშის მცხოვრებლები მეზობელ სოფელთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა შეაჩერეს, რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ისინი ცხინვალში არ გადაიყვანეს და მაშინვე გაათავისუფლეს. საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს დაკავებული მოქალაქეების მიმართაც არაერთგვაროვნად იქცევა, ზოგს მაშინვე აბრუნებენ სახლში, ზოგი კი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ. მაგალითად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მცხოვრები მირიან თაზიაშვილი უკვე 12 დღეა ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და მისმა ოჯახმა ამ დრომდე არ იცის, მას, როდის გაათავისუფლებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG