Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში 70-ზე მეტ მეჩეთს შეამოწმებენ


საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ჟერალდ დარმანენის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით შეამოწმებენ 76 მეჩეთს. მინისტრის განცხადებით, ამ მეჩეთების მიმართ არსებობს სეპარატიზმის ეჭვი და დადასტურების შემთხვევაში, მათ დახურვას მოითხოვს.

ჟერალდ დარმანენის თქმით, საუბარი არ არის ფრანგი მუსლიმების რადიკალიზაციაზე, რადგან თითქმის ყველა მათგანი კანონებს პატივს სცემს და 76 მეჩეთი ქვეყანაში არსებული 2600 მუსლიმური საკულტო ნაგებობის უმცირესი ნაწილია.

გაზეთ „ფიგაროს“ ცნობით, გაძლიერებულ კონტროლს ექვემდებარება პარიზსა და მის შემოგარენში მდებარე 16 მეჩეთი და კიდევ 60 საფრანგეთის სხვადასხვა რაიონში. არსებული ინფორმაციით, ამ მეჩეთებში საქმიანობდნენ იმამები, რომლებიც მიჩნეულნი არიან სიძულვილის პროპაგანდისტებად, ან სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საშიშ პირებად.

პარიზში პედაგოგ სემუილ პატის მკვლელობის და ნიცის ტაძარზე თავდასხმის შემდეგ, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებით დროებით დაიხურა ერთ-ერთი მეჩეთი, რომელიც მასწავლებლის მკვლელობისკენ მოწოდებებს ემხრობოდა.

სემუილ პატი, რომელმაც გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრისას მოსწავლეებს მაგალითად მოუყვანა მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურა, 2020 წლის სექტემბერში მოკლა 18 წლის ეთნიკურმა ჩეჩენმა. ოქტომბერში, ტუნისელმა მიგრანტმა შეძახილებით „ალაჰუ აკბარ“ (დიდ არს ალაჰი) ქალაქ ნიცაში მოკლა სამი ადამიანი.

საფრანგეთში დაახლოებით ხუთი მილიონი მუსლიმი ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG