Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძის თქმით, გაფართოებულ ტესტირებაში ჩართული დაწესებულებების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს


.
.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თანახმად, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირების დაწესებულებების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებაში ჩართულ ამბულატორიულ დაწესებულებებში ტესტირების მსურველთა ნაკადი დიდი იქნება და ადამიანებს რიგებში ყოფნა მოუწევთ. როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა ამირან გამყრელიძემ, პირველ რიგში გაფართოება შეეხება თავად ამბულატორიულ ქსელს, თუმცა ტესტირების ცენტრები შესაძლოა გაიხსნას ასევე აფთიაქებსა და სტომატოლოგიურ პოლიკლინიკებში.

„თბილისში არის დაახლოებით 120-მდე ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულება. ჯერჯერობით ამბულატორიული დაწესებულებების ქსელი საკმაოდ დიდია, ეხლა ამ ეტაპზე ჩართულია 40, ვისაც ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და ვფიქრობ, რომ გამრავლდება ამ ამბულატორიების რიცხვი, ვინც კონტრაქტს გააფორმებს. თუ ეს არ ეყო, მერე შეიძლება აფთაქებზეც და სხვაზეც, სტომატოლოგიურ დაწესებულებებზეც, როცა დაგვჭირდება, შესაძლოა ყველაფერზე იფიქრო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით ანტიგენზე დაფუძნებულ ტესტირებას 223 დაწესებულებაში ატარებენ. მათგან თბილისში 42, ხოლო 9 დიდ ქალაქში 100-მდე ამბულატორიაში. გარდა ამისა, ტესტირება შესაძლებელია ყველა საავადმყოფოში.

გაფართოებული ტესტირება საქართველოში 3 დეკემბრიდან დაიწყო და 2 თვის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში გასტანს. ყოველდღიურად სახელმწიფო 20 000-მდე ტესტის ჩატარებას გეგმავს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 5068 შემთხვევა, რაც ეპიდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა დღესთან შედარებით 808-ით მეტი ახალი შემთხვევაა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 152 704 შემთხვევა.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 38 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1425-ია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2336-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 126 904.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG