Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: რეინფიცირების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ გვაქვს


ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა მიმდინარეობს რამდენიმე, 2-3 სავარაუდო შემთხვევის კვლევა.

„მიმდინარეობს კვლევა რამოდენიმე სავარაუდო შემთხვევის, მაგრამ დადასტურებული ინფორმაცია, რომ ნამდვილად რეინფექცია გვქონდა საქართველოში, ჩვენ არ გვაქვს. გვაქვს რამდენიმე სავარაუდო შემთხვევა, სადაც მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა, ანუ განმეორებითი PCR ტექნოლოგიებით კვლევა და, ამავე დროს, მიმდინარეობს ე.წ. გენომის სეკვენირება, რომელიც დროს და შესაბამის მაღალ ტექნოლოგიებს საჭიროებს, რომლის საშუალებაც აქვს მხოლოდ ლუგარის ცენტრს დღეს ქვეყანაში. რომ დავადასტუროთ, ნამდვილად იყო თუ არა რეინფიცირება, ამას სჭირდება კარგად განხილვა პროფესიულ საბჭოზე და გადაწყვეტილება ყველა იმ ლაბორატიული თუ სხვა არგუმენტის, კლინიკური არგუმენტის მიხედვით, რომელიც არის. გიდასტურებთ, რომ რამოდენიმე შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა, მაგრამ დადასტურებული არ გვაქვს ჯერჯერობით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, რეინფიცირების სავარაუდო შემთხვევები არიან პაციენტები, რომელთაც კორონავირუსი გაზაფხულზე ჰქონდათ და ნოემბერში გაუმეორდათ.

„ახლა ვიკვლევთ პირველად ნიმუშებს, იმ დროს ნამდვილად იყო თუ არა, ხომ არ მოხდა სადმე შეცდომა, იქ კლინიკა იყო თუ არა და ა.შ. ეს არ არის მარტივი, რომ დაადასტურო, ნამდვილად გაქვს თუ არა რეინფიცირება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძეს რეინფიცირების სავარაუდო შემთხვევების შესახებ შეკითხვა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაუსვეს და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადების განმარტება სთხოვეს. კერძოდ, ერთ-ერთ მედიასთან თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 5068 შემთხვევა, რაც ეპიდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა დღესთან შედარებით 808-ით მეტი ახალი შემთხვევაა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 152 704 შემთხვევა.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 38 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1425-ია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2336-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 126 904.

XS
SM
MD
LG