Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკატერინე ტიკარაძე: დრო ნამდვილად არ დაკარგულა


ეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე

დრო ნამდვილად არ დაკარგულა, - ასე უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას იმის შესახებ, რამდენად მომზადებული შეხვდა ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის მეორე ტალღას და არის თუ არა სისტემაში პრობლემები, შეცდომები და გადაცდომები.

„არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსი არის გამოწვევა არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემების, არამედ მთიანად სახელმწიფოების. რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, ეს გამოწვევა ეხება ჯანდაცვის სისტემასაც, რომელიც, როგორც მინისტრი ამბობს, ჯერჯერობით ჩანასახოვან პერიოდში იმყოფება:

„სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს ექიმები და საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საჭიროებს ბევრად უფრო მეტ კოორდინირებულ მუშაობას და მხარდაჭერას, როგორც მოქალაქეებიდან, ასევე მედიასაშუალებებიდან იმისათვის, რომ დროულად იქნას ამოცნობილი და აღიარებული ყველა ის საჭირო პრობლემატიკა, რომელიც სისტემაში არსებობს და მათზე საჭიროა დროული რეაგირება. რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვასრულებთ“, - უთხრა ჟურნალისტებს ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს გამოწვევებზე საპასუხოდ მომზადებას.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 5068 შემთხვევა, რაც ეპიდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა დღესთან შედარებით 808-ით მეტი ახალი შემთხვევაა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 152 704 შემთხვევა.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 38 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1425-ია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2336-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 126 904.

ოპონენტები საქართველოს მთავრობას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ იგი არასათანადოდ მოემზადა კორონავირუსის მეორე ტალღისთვის.

XS
SM
MD
LG