Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები მზად არიან COVID-19 ვაქცინა გაიკეთონ მისი უსაფრთხოების საჩვენებლად


აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ასევე ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი მზადყოფნას გამოთქვამენ, გაიკეთონ საჯაროდ კორონავირუსის დამტკიცებული ვაქცინა, რათა დაადასტურონ მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა.

3 დეკემბერს აშშ-ის ყველაზე უკანასკნელმა სამმა ყოფილმა პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მძლავრი მესიჯი იქნება და ამგვარად ისინი ხელს შეუწყობენ მოსახლეობაში ვაქცინის აუცილებლობის თაობაზე ცნობიერების ამაღლებას.

78 წლის ბაიდენმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ამერიკელმა ხალხმა შეიტყოს, რომ ის უსაფრთხოა. CNN-თან საუბრისას მან დასძინა, რომ აცრა უსაფრთხოა.

ბილ კლინტონს ნამდვილად სურს გაიკეთოს ვაქცინა მას მერე, რაც ის მისაწვდომი იქნება და მას მერე, რაც მა ის პირები მიიღებენ, ვისაც პრიორიტეტი ენიჭება, განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანხელ ურენამ. ბილ კლინტონის პრესმდივანმა CNN-ს 2 დეკემბერს შეატყობინა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მზადაა, საჯაროდ გაიკეთოს ვაქცინა მისი პოპულარიზაციისთვის.

როგორც CNN-ს განუცხადა ჯორჯ ბუშის შტაბის უფროსმა ფრედი ფორდმა, ყოფილი პრეზიდენტი დაუკავშირდა აშშ-ში ინფექციური დაავადებების წამყვან სპეციალისტს, დოქტორ ენტონი ფაუჩის და დახმარება შესთავაზა ვაქცინის პოპულარიზაციის საქმეში.

„ჯერ ვაქცინა უნდა უსაფრთხოდ იქნეს მიჩნეული და მოსახლეობის პრიორიტეტულ ჯგუფებს გაუკეთდეს. ამის შემდეგ [ყოფილი] პრეზიდენტი ჯორჯ ბუში საკუთარი [ვაქცინაციისთვის] ჩადგება რიგში და სიამოვნებით გააკეთებს ამას კამერის წინ.“

როგორც ბარაკ ობამამ განაცხადა, თუკი დოქტორი ფაუჩი ამბობს, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, ის მას უჯერებს.

„სრულიად ვენდობი ისეთ ადამიანებს, როგორიცაა ენტონი ფაუჩი, რომელსაც ვიცნობ, რომელთანაც მითანამშრომლია,“ თქვა ობამამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG