Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ მიქელაძე: "ვასრულებდით ჩვენი ქვეყნის საქმეს"


„არ ვფიქრობ, რომ რამე დავაშავე, 23 წელია დიპლომატი ვარ, ჩემ ქვეყანას ვემსახურები“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ მალხაზ მიქელაძემ განუცხადა მას შემდეგ, რაც 4 დეკემბერს, გვიან ღამით დასრულდა მისი გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში.

„დამატებითი გამოკითხვა იყო პირველ გამოკითხვასთან დაკავშირებით, მე საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გახლავართ, წლების განმავლობაში დელიმიტაციის საკითხებზე ვმუშაობდი, პროკურატურას გარკვეული დეტალები აინტერესებდა, მუშაობის თაობაზე, იმ მასალების თაობაზე, რაც გამოყენებულია, ყველაფერზე პასუხი გავეცი. ვფიქრობ, ამ გამოკითხვებში კომისიის წევრების უმრავლესობმ მიიღო მონაწილეობა. გუშინ ხანგრძლივი გამოკითხვა მიმდინარეობდა, დღეს უნდა გაფორმდეს გამოკითხვის ოქმები. მიხეილ ჯანელიძის ჩვენებას არ ვიცნობ, ვიცი, რომ მან ჩემი ჩვენება უარყო, რაც ჩემთვის გასაკვირია. იქ იყო საუბარი, გამოვიყენოთ თუ არა გარკვეული კარტოგრაფიული მასალა, როგორც საქართველოს პოზიცია. ამასთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა არსებობდა, ეს განხილვა ნამდვილად მოხდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. მე არ ვფიქრობ, რომ რამე დავაშავე, 23 წელია დიპლომატი ვარ, ჩემ ქვეყანას ვემსახურები, ჩართული ვარ მრავალ ურთულეს მოლაპარაკებაში, დელიმიტაციის კომისია ძალიან პატრიოტული გრძნობით იყო წლების განმავლობაში განმსჭვალული, ყველა ვასრულებდით ჩვენი ქვეყნის საქმეს“, - განაცხადა მალხაზ მიქელაძემ.

მისი განმარტებით, საგამოძიებო უწყებას მასთან ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვები არ დაუსვამს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის, დავით გარეჯთან მიმართებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG