Accessibility links

logo-print logo-print

რა დაადგინა დამოუკიდებელმა ექსპერტმა კარტოგრაფების საქმეზე


30 ნოემბერს ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების დაცვის მხარემ სასამართლოს დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა წარუდგინა იმის დასტურად, რომ მტკიცებულების სახით საქმეში არსებული მოსკოვიდან ჩამოტანილი რუკები კარტოგრაფიული და იურიდიული თვალსაზრისით გამოუსადეგარია.

პროკურორმა მიხეილ სადრაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც დაკავებულების წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ მსჯელობდნენ, სპეციალისტის მიერ მომზადებულ დასკვნას "კვაზი ექსპერტიზის დასკვნა" უწოდა და აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ მისი ავტორი პოლიტიკოს გიგი უგულავას ძმაა.

რუკების ექსპერტიზით ივერი მელაშვილის ადვოკატები პროკურატურისა და სასამართლოსთვის იმის ჩვენებას ცდილობდნენ, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფ კარტოგრაფებს სახელმწიფო გამოუსადეგარი რუკების გამოუყენებლობაში ადანაშაულებს და შესაბამისად, ისინი უდანაშაულოდ სხედან ციხეში.

ვინ არის ირაკლი უგულავა

ირაკლი უგულავა, გეოგრაფი, გეოსაინფორმაციო სისტემებისა და კარტოგრაფიის სპეციალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი და კომპანია GeoLand–ის დამფუძნებელი მართლაც არის პოლიტიკოს გიგი უგულავას ძმა. ამ ფაქტს არც ივერი მელაშვილის ადვოკატი და არც თავად ირაკლი უგულავა არ უარყოფს. ირაკლი უგულავა პროკურორის გუშინდელ განცხადებას ძალიან დილეტანტურს უწოდებს და ამბობს რომ კვალიფიკაციის დასტურად გარდა გეოგრაფის დიპლომისა, რომელიც 1997 წელს აიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამ სფეროში მუშაობის 21 წლიანი უწყვეტი მუშაობის გამოცდილება აქვს, კარტოგრაფია კი არალიცენზირებადი პროფესიაა.

“სამი რამ თქვა პროკურორმა. ერთი ის, ერთი კაცის მომზადებულ დასკვნას ფასი არ აქვს, მეორე თქვა, რომ მე არ გამაჩნია შესაბამისი ლიცენზია და მესამე იყო, რომ მე ვარ გიგი უგულავას ძმა. სამივე ეს არგუმენტი არის ძალიან უსუსური. ერთი კაცის დასკვნაც შეიძლება იყოს საფუძვლიანი და ასი კაცის დასკვნაც შეიძლება იყოს უსაფუძვლო - ეს განცხადება საღ აზრს ეწინააღმდეგება. როცა ბატონი პროკურორი ამბობს, რომ მე არ გამაჩნია ლიცენზია, აქაც მას უნდა მოეხსენებოდეს, რომ კარტოგრაფიული საქმიანობა არ ითვალისწინებს სავალდებული ლიცენზიას - კანონით ეს ასეა. რაც შეეხება იმას, რომ მე ჩემი ძმის ვარ და ამის წაყენება ჩემთვის პრეტენზიად, ძალიან მდაბიო საქციელია” - უთხრა ირაკლი უგულავამ რადიო თავისუფლებას.

რა უნდა დაედგინა დამოუკიდებელ ექსპერტს?

ივერი მელაშვილის ადვოკატებმა ირაკლი უგულავას საპასუხოდ სამი კითხვა გაუგზავნეს. მას უნდა დაედგინა:

  • 4 რუკა 1: 200 000-იანი მასშტაბით რომელ წლებშია შედგენილი, რა მონაცემებზე დაყრდნობით და რომელი წლის მდგომარეობას ასახავს?
  • რამდენად შეესაბამება 1 :200 000-იანი მასშტაბის რუკებზე დატანილი მონაცემები არსებულ რეალობას, მათ შორის მოგვიანებით შედგენილ, ბევრად ზუსტ რუკებს?
  • 30-იან წლებში გამოცემული რუკები რამდენად შესაბამისია დღევანდელ მდგომარეობასთან?

ირაკლი უგულავა ამბობს რომ ამ სამიდან პირველზე პასუხი მარტივი და ცალსახაა, ვინაიდან თვითონ რუკებს აქვს თანმხლებად ეს ინფორმაცია, დანარჩენ ორ საკითხზე კი პროფესიულ წრეებში შესაძლოა იკამათონ და თვითონაც მზად არის თუკი საჭირო იქნება, კოლეგებთან, თუნდაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებთან, რომლებსაც პროკურატურა უგზავნის კითხვებს ამავე საქმეზე, განიხილოს ეს თემები. მანამდე კი კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატების კითხვის პასუხად და რუკების ანალიზის საფუძველზე დაწერა, რომ საქმეში მტკიცებულებად არსებული რუკები არ შეესაბამება არც მოგვიანებით შედგენილ რუკებს, არც დღევანდელ მდგომარეობას და არც google satellite-ს საფუძვლებს დღეს და აცდენა იმაზე დიდი და მნიშვნელოვანია, ვიდრე ცდომილების დასაშვები ზღვარი შეიძლება იყოს ამ მასშტაბის რუკისთვის. ამასთანავე, აცდენები ვერ აიხსენება ვერც გადახრით ან რომელიმე მხარეს წანაცვლებულობით, ვინაიდან მთლიანად რუკის შიდა ტერიტორია არაზუსტია.

“ეს რუკები გაკეთებულია ისეთ კარტოგრაფიულ პროექციაში, რომელშიც დარღვეულია მათემატიკური საფუძვლები - მარტივად რომ ვთქვათ, დარღვეულია მანძილები უცვლელ ობიექტებს შორის. გადამოწმდა საკონტროლო წერტილები, სარკინიგზო ხიდები და მწვერვალები და ეს წერტილები არ ემთხვევა უფრო გვიანდელ რუკებს.

ეს სუფთა ტექნიკური, პროფესიული საკითხია - ექსპერტიზისთვის წარმოდგენილი რუკები მოძველებულ, ხარვეზიან კარტოგრაფიულ პროექციაშია დამზადებული, რომელიც 20-იანი, 30-იანი წლების შემდეგ აღარსად აღარ გამოიყენება. სწორედ პრობლემურობის გამო ის ჩანაცვლდა იმ დროისთვის თანამედროვე და ბევრად უფრო ზუსტი კარტოგრაფიული პროექციით - რომლითაც მომდევნო წლებში დგებოდა რუკები.” - გვიხსნის ირაკლი უგულავა, რომელმაც ექსპერტიზის ფარგლებში ერთი მხრივ მეოცე საუკუნის 60-70-იან წლებში შედგენილ რუკებს შეადარა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა, მეორე მხრივ კი google sitellite-ის საფუძველს.

“დეტალურად აღწერე ის ხარვეზები, რაც აღმოვაჩინე მე მათზე, მაგრამ ეს რუკები აბსოლუტურად ზუსტიც რომ იყოს, ის არის გამოცემული იმ დრომდე, იმ მომენტამდე, როცა მოხდა ხელშეკრულების გაფორმება სამ მოკავშირე საბჭოთა რესპუბლიკას შორის. ეს არის უფრო ადრინდელ რუკები. ხელმოწერილი არის 1938 წელს გამოცემული ადმინისტრაციული რუკა და ეს ყველა რუკა გამოცემულია ამ ხელმოწერამდე, შესაბამისად, მისი გამოყენების იურიდიული საფუძველიც არ არსებობს, გარდა იმისა, რომ კარტოგრაფიული საფუძველი არ არსებობს ” - ასეთია ირაკლი უგულავას პოზიცია მის მიერ შესწავლილ რუკებთან დაკავშირებით.

რა კითხვები ჰქონდა პროკურატურას რუკებთან დაკავშირებით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან

გენერალურ პროკურატურა ექსპერტებისთვის არ დაუსვამს კითხვები საქმეში არსებული მოსკოვიდან ჩამოტანილ 1:200 000 -იანი რუკის მართებულობასთან დაკავშირებით. რადიო თავისუფლებას ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ 4 ნოემბერს დაუდასტურა საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ.

მიხეილ სადრაძის განმარტებით, ამ საქმეზე ორი მთავარი ექსპერტიზის მიზანი, რომელთა შედეგებიც საქმეში დევს მტკიცებულებად, ასეთი იყო:

  • ექსპერტებს უნდა შეედარებინათ 1:500 000 მასშტაბის რუკაზე (1938 წლის) არსებული საზღვრის ხაზი ბრალდებულების მიერ შედგენილ რუკის ალბომებზე დატანილ საზღვრის ხაზს (1:50 000 მასშტაბის) და დაედგინათ თანხვედრა ან/და სხვაობა;
  • ექსპერტებს უნდა შეედარებინათ 1:500 000 მასშტაბის რუკაზე (1938 წლის) არსებული საზღვრის ხაზი 1:200 000 მასშტაბის რუკაზე (ასევე 1938 წლის) არსებულ საზღვრის ხაზთან;
  • ექსპერტებს უნდა შეედარებინათ 1976-1990 წლების 1:100 000 მასშტაბის რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზი კომისიის მიერ გაცვლილ 1:50 000 მასშტაბის რუკების ალბომებში არსებულ და დაფიქსირებულ ხაზთან;
  • ექსპერტებს უნდა დაედგინათ, კომისიის მიერ გაცვლილ 1:50 000 მასშტაბის რუკების საქართველოს მხარის მიერ დამზადებულ ალბომებში დატანილი საზღვრის ხაზი იყო თუ არა თანხვედრაში 1936-1938 წლების 1:200 000 მასშტაბის რუკებზე დატანილ საზღვრის ხაზთან; შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში კი მოეხდინათ დეტალიზაცია;

პასუხი რაც პროკურატურამ მიიღო ექსპერტებისგან, იყო ის, რომ საქართველოს მხარის მიერ დამზადებულ და გაცვლილ 1:50 000 მასშტაბის რუკის ალბომებში დატანილი საზღვრის ხაზი შეუსაბამოა 1937-1938 წლების 1:200 000 მასშტაბის რუკებზე დატანილ საზღვრის ხაზთან; შეუსაბამო მონაკვეთების რაოდენობაა 13, ხოლო საერთო ფართობი - 34.8 კვ.კმ ( 3 483,1 ჰა).

არის თუ არა სიახლე ის, რომ 1:200 000-იანი რუკები პრობლემურია კარტოგრაფიული და იურიდიული თვალსაზრისით

იმას, რაც დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ექსპერტის დასკვნაში წერია, სხვადასხვა ფორმით ამკიცებდნენ დაკავებულებიც და საზღვრის დამდგენი კომისიის შიგნით არსებული შეთანხმებაც, თუ რომელი რუკები უნდა ყოფილიყო გამოყენებული საზღვრის დადგენის საკითხებზე მუშაობისას. ივერი მელაშვილი რადიო თავისუფლებასთან დაკავებამდე მიცემულ ინტერვიუში ამბობდა იმასაც, რომ პროკურატურა სიმართლის დასადგენად კარგი ადგილი არ არის.

" ამ რუკას, ამ მასალას აქვს უდიდესი ტექნიკური წუნი, რომლის ტექნიკურად გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. და რაც მთავარია, ეს არ არის სამართლებრივი დოკუმენტი. როგორ ფიქრობთ, ამ რუკის გამოყენება ოდნავ მაინც რომ ყოფილიყო შესაძლებელი, არ გამოვიყენებდით? მეორე მხარეს რომ ელაპარაკო ამ დაუსაბუთებელი მასალით, ეს იმას ნიშნავს, რომ აპრიორი გაწირო მოლაპარაკებები ჩაშლისთვის" - უთხრა ივერი მელაშვილმა რადიო თავისუფლებას მის დაკავებამდე, 3 ოქტომბერს.

საქმის მასალების მიხედვით კი, აზერბაიჯანულ მხარესთან 1:200 000 რუკა უკვე განიხილა ქართულმა მხარემ იმ დრომდე, სანამ კარტოგრაფების წინააღმდეგ პროკურატურა საქმეს აღძრავდა და მათ იმ რუკის გამოუყენებლობაში დაადანაშაულებდა, რომელსაც კომისიის მოქმედი წევრებიც ვერ იყენებენ იმგვარად, როგორი მოლოდინიც ჰქონდათ.

ის, რომ საქართველომ მინიმუმ ორჯერს სცადა გამოეყენებინა დავით-გარეჯის საკითხის გადასაწყვეტად 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა, რომლის არგამოყენებასაც ედავება გამოძიება დაკავებულ კარტოგრაფებს, დასტურდება საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას პროკურატურისთვის 21 ოქტომბერს მიცემული ჩვენებიდან. ამ ჩვენებაში დარსალია, რომელიც 2019 წლის გაზაფხულიდან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის თამჯდომარეა, ყვება, რომ 2019 წელს მინიმუმ ორი მცდელობა ჰქონდათ აზერბაიჯანულ მხარესთან, დავით-გარეჯის საკითხის გადაწყვეტისას 1: 200 000-იანი რუკა გამოეყენებინათ და ორივე შემთხვევაში უარი მიიღეს. დარსალიას ჩვენებიდან ირკვევა, რომ:

  • 2019 წლის მაისის ბოლოს, ბაქოში, ლაშა დარსალიას დავალებით ექსპერტ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა მალხაზ მიქელაძე, სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე სასაზღვრო ხაზზე 1:200 000-იანი მასშტაბის რუკის გამოყენების საკითხი, რაზეც პასუხად აზერბაიჯანული მხარის მკვეთრი რეაქცია მიიღეს;
  • 2019 წლის მაისშივე ლაშა დარსალიამ აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად განიხილა კომისიების მიერ ერთობლივი საველე სამუშაოების ჩატარების საკითხი - დარსალია მოითხოვდა ქართველ ექსპერტებს დავით გარეჯთან სასაზთვრო ხაზზე აზომვითი ნახაზები 1:200 000 -იანი რუკის გამოყენებით გაკეთებინათ, რისი უფლებაც აზერბაიჯანელმა კოლეგებმა არ მისცეს;

კარტოგრაფების საქმეზე აღკვეთი ღონისძიების ცვლილების მსჯელობის შემდეგ პროკურატურაში დაკითხვები გაგრძელდა. 1 დეკემბერს ამ საქმეზე საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გელა ბეჟუაშვილი გამოცხადდა ჩვენების მისაცემად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG