Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობაში გადაიზარდა უსაფრთხოების კანონპროექტის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია პარიზში


საფრანგეთის დედაქალაქში უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლა 5 დეკემბერს კიდევ ერთხელ გადაიზარდა ძალადობაში. შავად შემოსილმა ანარქისტებმა ცეცხლი წაუკიდეს ავტომანქანებს, დაამსხვრიეს მაღაზიების ვიტრინები და სხვადასხვა საგნები ესროლეს პოლიციას, რასაც მოჰყვა სულ მცირე, 22 პირის დაკავება, განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დერმანენმა 5 დეკემბერს.

საფრანგეთში, ტრადიციულად, ყოველ წელს, დეკემბრის პირველ შაბათ დღეს უდიდესი პროფკავშირული გაერთიანება, შრომის საყოველთაო კონფედერაცია, მართავს ნაკლებად უზრუნველყოფილი და უმუშევარი მოქალაქეების მხარდაჭერის აქციას.

დემონსტრაცია, რომელიც პროფკავშირების მიერ რესპუბლიკის მოედანზე იყო დაგეგმილი, მშვიდობიანად დაიწყო.

მოგვიანებით მოხდა შეტაკება პოლიციასა და დემონსტრანტების ჯგუფებს შორის.

საპროტესტო გამოსვლები დაიწყო რამდენიმე დღეში მას მერე, რაც საფრანგეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ განიხილავს უსაფრთხოების შესახებ შეთავაზებულ კანონს, რომელიც შეზღუდავს მედიით და ინტერნეტით პოლიციელების გამოსახულების გავრცელებას.

კანონის ერთ-ერთი მუხლი მოქალაქეებს უკრძალავს პოლიციელების გადაღებას ფოტო ან ვიდეოკამერით იმ დროს, როცა ისინი დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს იყენებენ. ამას მოჰყვა მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტი. შეთავაზებული კანონი ითვალისწინებს ასევე პოლიციის მიერ ვიდეო მეთვალყურეობის გაფართოებას დემონსტრაციების დროს დრონების საშუალებით.

საპროტესტო გამოსვლების შედეგად მთავრობამ გადაწყვიტა მცირე კომპრომისზე წასვლა და ერთი მუხლის შეცვლა. მაგრამ საპროტესტო გამოსვლების საკოორდინაციო ცენტრი მთელი კანონის უკან გაწვევას მოითხოვს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პირდაპირ მიმართა ქვეყნის ახალგაზრდებს და განაცხადა, რომ არა არის გამართალებული თავისუფლებების შეზღუდვის შესახებ წუხილი საფრანგეთში. „ჩვენ არ ვართ, უნგრეთი, ან თურქეთი“, განაცხადა მან. მაკრონმა აღიარა, რომ არსებობენ "სასტიკი პოლიციელები" და თქვა, რომ "ისინი უნდა დაისაჯონ." ის მკაცრად გამოვიდა პოლიციის მიმართ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ შეთავაზებული კანონი უკეთ დაიცავს პოლიციელებს.

საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა 30 ნოემბერს პოლიციელების მიერ მუსიკის შავკანიანი პროდუსერის, მიშელ ზეკლერის ცემას. პასუხისგებაში მისცეს ოთხი პოლიციელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG