Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დემოკრატიის ინდექსი": მთავრობამ უნდა დაასაბუთოს COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების საჭიროება


„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას - დაასაბუთოს ბოლო დროს გამკაცრებული თითოეული შეზღუდვა, ახსნას ყველა შეზღუდვის უშუალო კავშირი ვირუსის პრევენციასთან და გამოაქვეყნოს ყველასათვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია.

ამგვარ საჭიროებას არაკომერციული ორგანიზაცია შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ხედავს - შეზღუდვები მძიმედ აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და სოციალურ ვითარებაზე და საზოგადოებაში არაერთი შეკითხვა გაჩნდა ამ შეზღუდვების საჭიროებასთან დაკავშირებით, ხოლო „მთავრობას არ წარმოუდგენია შეზღუდვების საჯარო დასაბუთება“ და „ ხელმისაწვდომი არ არის შეზღუდვების შესახებ მიღებული მთავრობის დადგენილებათა განმარტებითი ბარათები, სადაც წარმოდგენილი უნდა იყოს შეზღუდვათა დასაბუთება“.

ორგანიზაცია ადასტურებს, რომ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზანია; თუმცა, „ამ მიზნის მისაღწევად ყველა შეზღუდვა უნდა იყოს აბსოლუტურად აუცილებელი და პროპორციული“.

გაუგებარი და სადავო შეზღუდვების ჩამონათვალში „დემოკრატიის ინდექსი“ აერთიანებს, მაგალითად:

  • მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვას - რომელიც „დროის გარკვეულ მონაკვეთში ზრდის ადამიანების მომეტებული რაოდენობის თავმოყრის რისკს სასურსათო მაღაზიებში დროის დაშვებულ მონაკვეთში“;
  • პირბადის ტარების ვალდებულებას ღია სივრცეში - რაც, მაგალითად, პარკში ან სხვაგან, თუ იქ სხვა ადამიანები არ იმყოფებიან, ვირუსის გავრცელების საფრთხეს არ ქმნის.

„შეზღუდვების საჭიროების შესახებ არასაკმარისად მოწოდებული ინფორმაცია საზოგადოების წევრების მხრიდან წინააღმდეგობას, და ამდენად, წესების დარღვევის მიდრეკილებას იწვევს, რაც თავისთავად საზოგადოების ჯანდაცვაზე ახდენს უარყოფით გავლენას. შესაბამისად, მთავრობის მხრიდან საჯარო კომუნიკაციის აუცილებლობას მის მიერ გატარებულ თითოეულ ღონისძიებაზე არა მხოლოდ ღია და გამჭვირვალე მმართველობის, არამედ, უშუალოდ ვირუსის პრევენციის დანიშნულებაც ენიჭება“, - აცხადებს ორგანიზაცია.

ასევე, „დემოკრატიის ინდექსი“ მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, როცა საქართველოს მთავრობა „საპარლამენტო ზედამხედველობის გარეშეა“ დარჩენილი, ბევრად მაღალია „მისი უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში თვითნებობის რისკი“. შესაბამისად, ორგანიზაციის შეფასებით, მთავრობას საზოგადოების წინაშე „მომეტებული ანგარიშვალდებულება და ღია კომუნიკაცია მოეთხოვება“ და ყველა მისი გადაწყვეტილება „უნდა იყოს დასაბუთებული და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG