Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციამ ხელისუფლების წინადადებები განიხილა - შეთანხმებულია გეგმები მესამე რაუნდისთვის


ფოტოარქივი: ოპოზიციური პარტიების ერთ-ერთი შეხვედრა.
ფოტოარქივი: ოპოზიციური პარტიების ერთ-ერთი შეხვედრა.

ოპოზიციამ სამოქმედო გეგმები კიდევ ერთხელ განიხილა და ერთსულოვნებას ინარჩუნებს - ასეთი განწყობით დატოვეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა „ლელოს“ ოფისში გამართული შეხვედრა.

მათ დაადასტურეს, რომ ერთობლივად მსჯელობდნენ 4 დეკემბერს, ელჩების დახმარებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის გაგზავნილი შეთავაზების საპასუხოდ მიღებულ წინადადებებზე.

როგორც ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა უთხრეს ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ, 7 ან 8 დეკემბერს გაიმართება საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით დაწყებული დიალოგის მე-3 რაუნდი და ამ შეხვედრაზე ოპოზიცია ერთიანი პოზიციით წარდგება. მიმოწერის კონკრეტული დეტალები ამ დრომდე არ ხმაურდება.

თუმცა ოპოზიციის ერთიანი მიდგომის მთავარ ქვაკუთხედად, ლიდერების თქმით, კვლავ ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებული მოთხოვნა რჩება.

  • „მოლაპარაკებები გრძელდება - ვიდრე საჯაროდ და მკაფიოდ არ იტყვის ხელისუფლება - მოდის ის კომპრომისზე თუ არ მოდის... უახლოეს პერიოდში, ეს შეიძლება იყოს ხვალ, შეიძლება იყოს ზეგ, გადაწყდება ძალიან ბევრი რამ“ - ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობა“;
  • „პლებისციტი ვერ და არ იქნება შემცვლელი რიგგარეშე არჩევნების. ჩვენი მოთხოვნა რჩება რიგგარეშე არჩევნები. პლებისციტი კი შეიძლება იყოს მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი გზა“ - გიგი უგულავა, „ევროპული საქართველო“;
  • „შეთანხმებით, რომელიც არ მოიცავს რიგგარეშე არჩევნების კომპონენტს, ვერ მოხდება კონსენსუსის მოძებნა და იმ უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა, რომელიც ოლიგარქმა შექმნა ქვეყანაში“ - გიორგი გუგავა, „ლეიბორისტული პარტია“;
  • „იყო განსხვავებული მოსაზრებები პლებისციტთან დაკავშირებით, იყო მოსაზრებები რიგგარეშე არჩევნების სხვადასხვა თარიღთან დაკავშირებით... ჩვენი პოზიციაა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შემდგომი შეხვედრის შემდეგ, შევძლებთ საჯარო სივრცეში უფრო ღიად საუბარს“ - გიორგი ვაშაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“.

ოპოზიციას იმედი აქვს, რომ „ქართული ოცნება“ მესამე რაუნდის ფარგლებში კომპრომისზე წავა და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მოხერხდება შეთანხმების მიღწევა.

თუმცა ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ არაერთმა წარმომადგენელმა გააკეთა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი პარტია არავითარ შემთხვევაში არ განიხილავს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. ხელისუფლება კომპრომისულ ნაბიჯებს ოპოზიციისგან ელოდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG