Accessibility links

logo-print logo-print

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ეუთოს უნდობლობას უცხადებს


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ „შეუმდგარი და ანგაჟირებული“ უწოდა ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადებას, რომელშიც დაგმობილია რუსული ოკუპაციის შედეგები და დადასტურებულია მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

საქართველოს მეგობარი ქვეყნების მიერ 4 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებას 6 დეკემბერს მოჰყვა დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი, რომლის თანახმად, ეუთო დადანაშაულებულია მიკერძოებულ და ცალმხრივ პოზიციასა და თბილისის ნებისმიერი ქმედების მხარდაჭერაში.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეუთო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეა, თუმცა, აფხაზურ მხარეს ამ რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ ნდობა არ აქვს და იტოვებს უფლებას მოითხოვოს თანათავმჯდომარეთა რიგებიდან ეუთოს გარიცხვა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა და მისი თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. ჟენევის ფორმატით, მოლაპარაკებაში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების, რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლები.

ამასთან, რუსეთს უკვე წლებია ეუთოში დაბლოკილი აქვს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის მუშაობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG