Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო ადვოკატების სარჩელი "კარტოგრაფების საქმეზე"


თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, პაატა სილაგაძემ დაუშვებლად ცნო ადვოკატების სარჩელი ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე, რომლითაც საქალაქო სასამართლოს მიერ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ. განჩინება, რომლებიც ადვოკატებმა დღეს მიიღეს, 3 დეკემბრით თარიღდება და საჩივრის დაუშვებლად ცნობის მიზეზი ასეთია: "თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია, დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი".

8-გვერდიან დოკუმენტში, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ კარტოგრაფების საქმის ადვოკატებს უპასუხა, ნათქვამია, რომ "საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების, ასევე, საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პატიმრობის გამოყენების ფორმალური საფუძვლების გადაწყვეტილებით, სავსებით რეალურია და მომეტებულია ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლისა და მათი განადგურების რისკი. ასეთ პირობებში, აღკვეთის ღონისძიების ყველაზე ეფექტური და მიზანშეწონილი სახე, რომელიც უზრუნველყოფს ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის სათანადო ქცევას საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს, არის პატიმრობა".

სააპელაციო სასამართლომაც, ისევე როგორც საქალაქო სასამართლომ, ჩათვალა, რომ არ არსებობს ბრალდებულების მიმართ პატიმრობის პირადი თავდებობით შეცვლის საფუძველი. ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის თავდებად დადგომის სურვილი სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობამდე 200-ზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა.

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასწარ პატიმრობაში დატოვების საკითხის გადახედვაზე საქალაქო სასამართლოში სხდომა მას შემდეგ გაიმართა, რაც პროკურატურამ გამოძიების გაგრძელებისთვის დამატებით 2 თვე მოითხოვა და დეკემბრის დასაწყისში დაგეგმილი წინასასამართლო სხდომა ამ დროით გადავადდა.

პაატა სილაგაძე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, რომელიც ხელს აწერს საჩივრის დაუშვებლად ცნობის გადაწყვეტილებას, 2019 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შორის ერთ-ერთი იყო. ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ვერ გახდა, თუმცა, როგორც კანდიდატმა, პარლამენტში გასაუბრებისას თქვა, რომ "ლევან მურუსიძე კეთილსინდისიერი მოსამართლე და ადამიანია" და ვერ უპასუხა კითხვას, როგორ დახარჯა შემოსავალზე 52 810 ლარით მეტი.

"ფლანგვის დეტექტორის" მიერ შესწავლილი ღია წყაროებიდან კი ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის, პაატა სილაგაძის ძმა, ლაშა სილაგაძე ბიძინა ივანიშვილის კომპანიის დირექტორი იყო. ლაშა სილაგაძის პარტნიორებს „ქართული ოცნებისთვის“ 210,000 ლარზე მეტი აქვთ შეწირული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG