Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სტრატეგია აღმაშენებელი“ შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ აპირებს, ამბობს გიორგი ვაშაძე


„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის პარლამენტში შესვლას არ აპირებს, ფასილიტატორებთან შეხვედრაზე კი იმიტომ შედის, რომ საფუძველი ჩაეყაროს „ივანიშვილის მოშთობას ამ ქვეყნიდან“. ეს განცხადება გიორგი ვაშაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში შესვლამდე გააკეთა მედიასთან საუბარში.

მან ბინძური თავდასხმა უწოდა, მანამდე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ოპოზიციის სხვა რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად აპირებდა პარლამენტში შესვლას.

„პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩემი ამოცანაა და ჩემი გუნდის ამოცანაა, რომ ის 30% მოსახლეობის, რომელმაც თუნდაც ამ არჩევნებზე არც „ნაცებს“ და არც „ქოცებს“ ხმა არ მისცა, ეს ყველა უნდა გავაერთიანოთ იმისთვის, რომ ამ მოჯადოებული წრიდან გამოვიდეთ. არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ სხვის რიტორიკაზე აყოლას, ამ ბინძურ ქმედებებზე აყოლას. ყველას ვეუბნები, რომ თავი შეიკავეთ ამ სიბინძურისგან და თავდასხმებისგან, ჩემი და თქვენი გზები, როგორც ჩანს, მართლაც განსხვავდება. მე მინდა, ივანიშვილი მოვაშთო ამ ქვეყნიდან და მისი ხელისუფლება. თქვენ გინდათ, მთელი ცხოვრება იყოთ ოპოზიციაში მუდმივად პირველები“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი სიტყვებით, ის ბინძური თავდასხმის ობიექტი გახდა, „ისევე როგორც წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ“.

„სწორედ ის ძალები, რომლებიც დღეს ოპოზიციურ ერთობაზე საუბრობენ, წინასაარჩევნოდ სწორედ ამ ძალებმა, მათ შორის, ბატონი ნიკა გვარამიას მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა, დაარღვიეს საერთო ოპოზიციური შეთანხმება, მისი უშუალო მონაწილეობით დამიყენეს კანდიდატი ისნის რაიონში და ჩაშალეს ის ძალიან დიდი პროცესი, რომელსაც დიდი გამარჯვება უნდა მოეტანა ქართველი ხალხისთვის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ისნის მაჟორიტარულ ოლქში, გიორგი ვაშაძის გარდა, ოპოზიციური კანდიდატი იყო ბლოკის „ენმ - „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე.

გიორგი ვაშაძეს ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, მან გიორგი ვაშაძეს ეთერში მისვლისა და მის მიერ გაკეთებული განცხადებების განმარტებისკენ მოუწოდა.

"რა ჩემ მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა, თან ჩემი მონაწილეობით, დაგიყენეს ისანში კანდიდატი? თან იმ ისანში, სადაც მეორე ადგილზეც ვერ გახვედით? რა მთავარი არხი გიძღვნიდათ ბინძურ სიუჟეტებს?! რას ქვია არ დაგირეკეს? პასუხზე რომ უარი თქვით, თქვენ არ იყავით?!! ეთერს რომ მათხოვრობდით წინასაარჩევნოდ და ახლა ვერ მოგიყვანეთ სტუდიაში, თქვენ ის გიორგი ვაშაძე არ ხართ?!! უკაცრავად, რა ისტერიკა, სიგიჟე და ბინძური ტყუილია?!! მობრძანდით დღეს ეთერში და მომიყევით მეც და მაყურებელსაც ვის და რაში ადანაშაულებთ?!! ძალიან სირცხვილია", - დაწერა ნიკა გვარამიამ.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, დღეს, 8 დეკემბერს, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ დაწერა, რომ ოპოზიციონერთა ერთი ნაწილი, 5-6 პირი, ბოიკოტის მიუხედავად, მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლას აპირებს.

ცნობილია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს გამართავს პირველ სხდომას. 8 ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში 1-პროცენტიანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლას არ აპირებს. პარლამენტში შედის მხოლოდ „ქართული ოცნება“.

გუშინ, 7 დეკემბერს, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით გაიმართა მოლაპარაკების მესამე რაუნდი. დიალოგის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით მხარეების პოზიციებში კვლავ მნიშვნელოვანი განსხვავებაა. მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება.

ტელეარხმა „ფორმულამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც მთავრობისთვის ოპოზიციის მიერ გაგზავნილი შეთავაზებაა წარმოდგენილი.

დოკუმენტში მეორე პუნქტი „საპარლამენტო არჩევნებია“, რომელშიც მთავრობას სთავაზობენ ორ ვარიანტს: „ახალი არჩევნების დანიშვნას 2021 წელს“ და „პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ“. იქვე დოკუმენტში მოყვანილია პლებისციტის პირობები და განმარტებულია შედეგების შესაბამისად არჩევნების ჩატარების პირობები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG